ლუკა ნოზაძე: ნაკრებში გამოძახება ჩემთვის დიდი სტიმულია

AutoSharing Option
ფოტოზე: ლუკა ნოზაძე (მარჯვნივ)
ლუკა ნოზაძემ
ლანჩხუთის "გურიის" შემადგენლობაში მეორე წრის სამივე მატჩში ითამაშა. 19 წლის მცველი ყველა შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ის განსაკუთრებით კარგად ირჩევს პოზიციას, რის ხარჯზეც მეტოქის მწვავე შეტევებს ანეიტრალებს.

მისი გარჯა უყურადღებოდ არც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს დარჩენიათ - გია გეგუჩაძემ ლუკა ნოზაძე 21-წლამდელთა შეკრებაზე გამოიძახა.

"ლელომ" მას რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- გორის "დილას" აღზრდილი ხართ, "დინამო 2"-სა და რუსთავის "მეტალურგშიც" თამაშობდით, მაგრამ, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ საუკეთესო სეზონს "გურიაში" ატარებთ,
რისი დასტურია ისიც, რომ 21-წლამდელთა ნაკრებში გამოგიძახეს...

- ძალიან გახარებული ვარ! ნაკრებში გამოძახება ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა. გეთანხმებით, ალბათ, ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონს ვატარებ, მაგრამ მჯერა, ეს არ არის მაქსიმუმი - ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომო, რომ უკეთ ვითამაშო.

- როგორ შეაფასებთ "გურიის" მიერ წლეულს ჩატარებულ სამ შეხვედრას?
- სამივე რთული მატჩი იყო, მაგრამ ბიჭები ბოლომდე დავიხარჯეთ და კარგია, რომ არც ერთი თამაში არ წავაგეთ. იმედია, თანდათან კიდევ უფრო შევთამაშდებით და მოვუმატებთ.

- ერთ-ერთი იშვიათთაგანი ხართ, პირველ წრეშიც რომ "გურიაში" თამაშობდით. ამდენი ლეგიონერის ჩამოყვანის ფონზე, არ შეგეშინდათ, რომ პრაქტიკის გარეშე დარჩებოდით?
- არა, პირიქით - კონკურენცია კარგია, მოტივაციას გიზრდის, რომ არ მოეშვა და სულ ფორმაში იყო.

- ლეგიონერების სიმრავლე გარკვეულ დისკომფორტს არ გიქმნით? თუნდაც - ენობრივი ბარიერის მხრივ?
- არა, არანაირად! ინგლისურად და რუსულად ვახერხებთ ურთიერთობას, თუმცა ფეხბურთის ენა ყველასთვის გასაგებია და ამ მხრივ არ გვაქვს არანაირი პრობლემა. მით უფრო, რომ მეგობრული ბიჭები არიან, ძალიან იოლად მოხერხდა დაახლოება.

- პირველად მუშაობთ უცხოელ სპეციალისტთან. რით განსხვავდება ვიქტორ დემიდოვი ქართველი მწვრთნელებისგან?
- თამაშის სტილითა და, რაც ყველაზე თვალშისაცემია, მკაცრი დისციპლინით. ეს კი, ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, გუნდის ბირთვს რომ შევადგენთ, მისწრებაა. წესრიგისა და დისციპლინის გარეშე ფეხბურთელი ვერ გაიზრდება.

ჩვენი მხრივ, ვეცდებით, ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების იმედები გავამართლოთ და "გურია" ქართული ფეხბურთის მოწინავე პოზიციებზე დავაბრუნოთ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამის ვარჯიშ უყურე და ყველაზე მაგარი მცველი იქნება მაგრა ბრცოლობს წარმატებები ხმერთი ფარავდეს
0
ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს!!! წარმატებები კარგო ბიჭო
ურა
18:34 02-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული