ევროპისკენ მიმავალი ორი თაობა

AutoSharing Option
უახლოესი ოფიციალური შეჯიბრება, რომელიც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ელით, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტრაუნდია, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართება. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის მზადებას სისტემატურად ვაშუქებთ, ახლა კი იმ ორ თაობაზე ვთქვათ, რომლებიც კონტინენტის პირველობაზე მოსახვედრად ბრძოლას წლევანდელ და მომავალ შემოდგომაზე დაიწყებენ.


რა სჭირდება ტრადიციის გაგრძელებას
დავიწყოთ 16-წლამდელებით, რომლებიც 17-წლამდელთა სტატუსს შემოდგომიდან შეიძენენ და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 21-26 სექტემბერს ითამაშებენ. ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ ეტაპზე შვედეთის, ბულგარეთის და მოლდოვის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, ჯგუფის მატჩებს კი მოლდოვა უმასპინძლებს.

სანამ მაისურაძის გუნდის გეგმებზე
გეტყოდეთ, მოკლედ გადავავლოთ თვალი მისი ნაკრების შექმნის ისტორიას.

სამწვრთნელო შტაბი მუშაობას 2010 წლის დასაწყისში შეუდგა. პირველი შეკრება გუნდმა აზერბაიჯანში ჩაატარა და იქაურ ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩიც გამართა. სელექციის პროცესი რეალურად ამის შემდეგღა დაიწყო. მაისურაძემ და მისმა ასისტენტებმა საქართველოს ყველა ის რეგიონი მოიარეს, სადაც ფეხბურთს თამაშობენ და დღეისთვის ნაკრების კანდიდატთა რიცხვი დაახლოებით 40-ია.

აზერბაიჯანული შეკრების შემდეგ მომავალმა 17-წლამდელებმა საქართველოში კიდევ რამდენიმე შეკრება მოაწყვეს და ამხანაგური შეხვედრებიც მრავლად ჩაატარეს. გუნდის შემადგენლობაში კორექტივები პერმანენტულად შეჰქონდათ და ამჟამინდელ 40-კაციან სიაში ცვლილებები კიდევ არის მოსალოდნელი, მაგრამ გუნდის ბირთვი უკვე გამოკვეთილია. როგორც შევიტყვეთ, ნაკრები ყველა რგოლი მეტ-ნაკლებად თანაბრადაა დაკომპლექტებული.

2011 წლის დადგომასთან ერთად სელექცია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ყოველ უქმეებზე ტარდება საკონტროლო მატჩები, სადაც მწვრთნელები ახალ-ახალ კანდიდატებს აკვირდებიან.

მაისურაძე თავიდან შეშფოთებული იყო იმით, რომ შერჩეული ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისელი და დედაქალაქში საცხოვრებლად ჩამოსული იყო, მაგრამ ბოლო დროს სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა და ნიჭიერი ბიჭები რეგიონებშიც იპოვეს.

მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მის განკარგულებაში მყოფი თაობა საკმაოდ პერსპექტიულია: "არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომელთაც სერიოზული მუშაობისა და ხელშეწყობის შემთხვევაში მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეუძლიათ".

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ზამთარში ამ გუნდისთვის შეკრების მოწყობა ვერ მოხერხდა, რის ანაზღაურებასაც შესარჩევ ტურნირამდე დარჩენილი პერიოდის მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოყენება სჭირდება. გუნდის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება საერთოდ არ აქვს და ჩვენმა ფეხბურთელებმა შესარჩევ ტურნირზე თავი შებოჭილად რომ არ იგრძნონ, საერთაშორისო გამოცდილება ჰაერივით სჭირდებათ.

გუნდის სამოქმედო გეგმა ასეთია: აპრილში ყაზახეთში "პრეზიდენტის თასის" გათამაშება იგეგმება და იქ ჩვენებიც იასპარეზებენ. ტურნირში მხოლოდ ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას, რაც, ბუნებრივია, გაცილებით სჯობს უფროსი ასაკის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებთან თამაშს. ყაზახეთში გამგზავრებამდე საქართველოში 20-დღიანი შეკრების მოწყობაა აუცილებელი და, იმედია, ესეც მოხერხდება.

გეგმაშია ივნისში უკრაინულ საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრება, სადაც ასევე მხოლოდ ნაკრებები იასპარეზებენ. აგვისტოში გასამართ პალანგის ტრადიციულ ტურნირზე წასვლა კი უკვე გადაწყვეტილია. როგორც იცით, საქართველოს ამ ასაკის ნაკრებები იქ ყოველ წელს ჩადიან და წარმატებასაც ხშირად აღწევენ.

უმთავრესი შეკრება კი საკვალიფიკაციო ეტაპის წინაა აუცილებელი. მწვრთნელის თქმით, იმისთვის, რომ გუნდი ოფიციალურ ტურნირს საუკეთესო კონდიციებით შეხვდეს, ექვსკვირიანი შეკრებაა საჭირო. წინა თაობების გუნდები შესარჩევებამდე მეტ-ნაკლებად სრულყოფილი მოსამზადებელი ციკლით მიდიოდნენ და ელიტრაუნდამდე სისტემატურად სწორედ ამიტომ აღწევდნენ. იმედია, ამ სახეირო ტრადიციის გასაგრძელებლად ყველაფერი გაკეთდება.

"ოფიციალურ მატჩებამდე დიდი დრო აღარ დარჩა და თადარიგი დროულად უნდა დავიჭიროთ. ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მოახლოვებასთან ერთად ჩვენი მზადება უფრო ინტენსიური და მრავალფეროვანი გახდება. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და თუ მოსამზადებელ პერიოდს სრულყოფილად ჩავატარებთ, დადებით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ", - ამბობს ვასილ მაისურაძე.


რეგიონებში დაჭერილი თადარიგი
იმ გუნდს, რომელიც კონტინენტის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას გაისად დაიწყებს, გელა შეყილაძე წვრთნის. შესარჩევ ეტაპამდე ჯერ კიდევ წელიწადნახევარზე მეტია დარჩენილი და გუნდიც უფრო ინტენსიურ მზადებაზე მომავალი წლიდან გადავა, მაგრამ 15-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა უკვე დიდი მოცულობის სამუშაო გასწია.

შეყილაძის გუნდმაც საქართველოში უკვე რამდენიმე შეკრება მოაწყო და აქაც დაახლოებით 40 სანაკრებო კანდიდატი გამოიკვეთა. თუმცა რაკი ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ გზამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო აქვს, ამ სიაში მნიშვნელოვანი კორექტივებია მოსალოდნელი. დღევანდლამდე კი ნაკრებმა საკმაოდ საინტერესო გზა გამოიარა.

რეგიონული ასაკობრივი ნაკრებების ჩამოყალიბება შეყილაძის იდეა იყო და როგორც ამბობენ, ამ პროექტმა წარმატებით იმუშავა. შეიქმნა თბილისის, აფხაზეთის, იმერეთის, აჭარა-გურიის, სამეგრელოს, კახეთის, შიდა ქართლის, სამხრეთ ოსეთისა და სამცხე-ჯავახეთის ნაკრებები, რომელთა შემადგენლობაშიც მწვრთნელებმა სანაკრებოდ საინტერესო არაერთი ჭაბუკი იპოვეს. რეგიონების ნაკრებები სისტემატურად ხვდებოდნენ 15-წლამდელთა ბირთვს და ნიჭიერები ამ გზით ახერხებდნენ შეყილაძისა და მისი თანაშემწეებისთვის თავის მოწონებას.

შეყილაძის მთავარი საწუხარი ისაა, რომ ნაკრების კანდიდატთა უმრავლესობა სხვადასხვა ელემენტარულ საფეხბურთო ნიუანსს პირდაპირ სანაკრებო შეკრებებზე ითვისებს, მაგრამ მწვრთნელები თითოეული ფეხბურთელის მონდომებას აფასებენ და მათი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად დროსა და ენერგიას არ ზოგავენ.

ფეხბურთელთა შერჩევის პროცესი კი წლეულსაც აქტიურად გრძელდება. მაისურაძის გუნდის მსგავსად, 15-წლამდელებიც კვირაში ერთხელ აწყობენ ტესტმატჩებს და სამწვრთნელო შტაბი ახალ-ახალ კანდიდატებს აკვირდება. მაისურაძისა და შეყილაძის გუნდები რამდენჯერმე ერთმანეთსაც გაეჯიბრნენ.

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის გასინჯვა, რათა ეტაპობრივად გუნდის ბირთვი შეიკრას. ნაკრების კარი ყველა მონდომებული მოთამაშისთვის ღიაა და ეს ცარიელი სიტყვები არ გახლავთ - გუნდში დამკვიდრების შანსს ყველას მივცემთ", - გვითხრა გელა შეყილაძემ.

15-წლამდელების სამომავლო გეგმებზე ჯერ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა ცნობილი. შესაძლოა, შეყილაძის გუნდი მარტის ბოლოს რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავროს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული