U17. საქართველო VS რუსეთი - ნუ დაიზარებთ სტადიონზე წასვლას!

AutoSharing Option
დღეს, 14 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე შეხვედრას გამართავს რუს თანატოლებთან. თამაშზე დასწრება უფასოა, მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ამ მატჩით ვასილ მაისურაძის გუნდი ევროფორუმზე გასვლის უკანასკნელ შანსს მოეჭიდება. ბევრს ამის აღარც კი სჯერა, მაგრამ შანსი არის და მისი გამოყენება უნდა ვცადოთ. სხვათა შორის, ეს მეტოქისთვისაც ბოლო შანსია და თამაშს ესეც სძენს დამატებით ინტრიგას.

თუმცა, რუსებთან ნებისმიერი ქართული კლუბისა თუ ნაკრების შებმას რაღა დამატებითი ინტრიგა სჭირდება?
ასე იყო და ასე იქნება. და რაც უნდა ვიძახოთ, რომ ფეხბურთი პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს, ვერ გამოვა ეს და ამას სხვა ქვეყნების მაგალითებიც მოწმობს.

ოღონდ აქ ერთი აუცილებელი მომენტია გასათვალისწინებელი - ნებისმიერ შემთხვევაში, მოედანზეც და ტრიბუნებზეც, ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც ღირსეული საქციელი მოეთხოვებათ...

* * *
საქართველოს ნაკრების სტარტი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში წარმატებული ვერ გამოდგა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ბოსნიელებთან დამარცხდა. მძიმე სიტუაციაშია რუსეთის ნაკრებიც.

სერგეი მატვეევის
კრებული ჯგუფის პირველივე მატჩში ულაპარაკოდ დამარცხდა (0:4) იტალიასთან და ანგარიში გაცილებით გამანადგურებელიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

რუსეთს ვერაფრით დაეხმარება გუნდის კაპიტანი, მეკარე მატვეი საფონოვი. ის პატარა "სკუადრა აძურასთან" მატჩის მე-2 წუთზევე გააძევეს მოედნიდან.

ცხადია, პირველ მატჩებთან შედარებით, ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები მოხდება. საქართველოს ნაკრების ძირითადში უნდა ველოდოთ ზურა დავითაშვილისა და ლუკა ასათიანის დაწინაურებას. დავითაშვილი ბოსნიასთან მატჩში კარგად შევიდა შეცვლაზე. რაც შეეხება ასათიანს, არ ვიცით, რატომ გაატარა ბოსნიასთან მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე ჩვენი გუნდის ოდინდელმა კაპიტანმა.

გასარკვევია მეკარის საკითხი. მაისურაძე საბოლოო არჩევანს, ალბათ, ლუკა გუგეშაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით გააკეთებს. პოლონური "იაგელონიას" კარის დარაჯი ძალიან არადამაჯერებელი იყო ბოსნიასთან მატჩში...

რა თქმა უნდა, ბოსნიელებთან პირველ შეხვედრაში მაისურაძის გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მათი გამოსწორება ფანტასტიკის სფეროდან არ უნდა იყოს. ის კი ფაქტია, რომ თუ რუსეთთანაც ისე ვითამაშეთ, როგორც ბოსნიასთან, წარმატების შანსი ძალიან მცირე გვექნება. სათვალავშია ჩასაგდები ისიც, რომ იტალიასთან განადგურების შემდეგ რუსეთის ნაკრებიც განსაკუთრებული მონდომებით ითამაშებს.

შეცდომებზე რომ ვწერთ, უპირველეს ყოვლისა, მარტივი, სადა თამაშის აუცილებლობას ვგულისხმობთ. სწორედ ამით მოგვიგო ბოსნიის ნაკრებმა. ბალკანელები ერთ შეხებაში აკეთებდნენ იმას, რასაც ჩვენები ბურთთან ორ-სამ შეხებას ანდომებდნენ.

იტალიასთან პირველი მატჩიდან გამომდინარე, რუსეთის ნაკრებში არ ჩანან განსაკუთრებულად გამორჩეული ფეხბურთელები, მაგრამ აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ ჩრდილოელები მთელი შეხვედრის განმავლობაში კაცნაკლულნი თამაშობდნენ და ეგებ, თავიანთი ნამდვილი სახე არ უჩვენებიათ.

რუსთაგან ერთადერთი, ვისი გამორჩევაც ასე თუ ისე შესაძლებელია, ნახევარმცველი ოსმან ისაევი გახლავთ. რუსები ცდილობენ კოლექტიური ფეხბურთის თამაშს. იტალიელებთან შეხვედრამ გამოაჩინა, რომ რუსები სათამაშო დისციპლინის დაცვასაც ეშურებიან, თუმცა ეს ხშირად არ გამოსდით.

გვინდა, ვისურვოთ, რომ საქართველო-რუსეთის მატჩს გაცილებით მეტი გულშემატკივარი დაესწროს, ვიდრე ბოსნიასთან იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ თბილისურ ელიტრაუნდზე დასწრება თავისუფალია. ეგაა, თამაში სამუშაო დღესაა, თანაც 14 საათზე, რაც დასწრების მხრივ პრობლემას ქმნის. უეჭველი კია, რომ უპრინციპულეს მეტოქესთან მატჩში საქართველოს ნაკრებს მხურვალე ქომაგობა დასჭირდება...

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. II ტური
17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო - რუსეთი

საქართველო:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დავით კერესელიძე (ცხინვალი);
მცველები: დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე (ორივე - დინამო თბ);
ნახევარმცველები: ზურაბ გულბანი (ზვოლე, ჰოლანდია), გიორგი კუცია, ზურა დავითაშვილი, ნიკა ნინუა, გიორგი ჩაკვეტაძე (ყველა - დინამო თბ), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (35-ე სკოლა), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე - 35-ე სკოლა), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი).
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

რუსეთი:
მეკარეები: პიოტრ კოსარევსკი (დინამო), მატვეი საფონოვი (კრასნოდარი);
მცველები: სერგეი ბოროდინი, არტიომ გოლუბევი (ორივე - კრასნოდარი), ალექსანდრ ვოლკოვი (ცსკა), არტიომ გორბულინი, ალექსანდრ ზახაროვი (ორივე - დინამო), კირილ ლუკიანჩიკოვი (რუბინი);
ნახევარმცველები: პიოტრ ვოლოდკინი, დენის პაცევი, ალექსანდრ რუდენკო (ყველა - სპარტაკი), ვიაჩესლავ გრულევი, ოსმან ისაევი (ორივე - დინამო), მაგომედ სულეიმანოვი, დანილ უტკინი (ორივე - კრასნოდარი), მიხაილ იაკოვლევი (რუბინი);
თავდამსხმელები: ივან იგნატიევი (კრასნოდარი), სტანისლავ ლაცევიჩი (დინამო).
მწვრთნელი: სერგეი მატვეევი

17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 16:00
იტალია - ბოსნია

ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 1 1 0 0 4-0 3
2. ბოსნია 1 1 0 0 2-1 3
3. საქართველო 1 0 0 1 1-2 0
4. რუსეთი 1 0 0 1 0-4 0

III ტური. 20 მარტი
14:00 ბოსნია-რუსეთი
("მიხეილ მესხი", სათ)

14:00 საქართველო-იტალია
("მიხეილ მესხი")

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქარს რა ვუყოთ, ქარს?. თუ მოგება გვინდა ვინმემ უნდა გააჩეროს.
gizog
13:44 17-03-2016
0
ჩაკვეტაძე კარგად თამაობს ოგონდ დასაყრდენი არ ყავს გვერდზე ვის მიცეს ბურთი არ აცის არავინ ეიმედება მარტო რა ქნას ისე ყველაზე მაგარია აე ბავშვი რომელიც არანაირ ეჭვებს არ ბადებს ნაკრებში დამსახურებულად მოხვდა აი ასეთები უნდა აარჩიოთ ძნელი მოსაძებნია მაგრამ თქვენ ახლობლებს არ შეუძლიათ ასეთი თამაში სამწუხაროდ
tato
13:37 17-03-2016
0

სიახლეები პოპულარული