U19. ელიტრაუნდის წინ - გიორგი ყიფიანის ფრთხილი ოპტიმიზმი

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ესპანეთში გაემგზავრება, სადაც 24-29 მარტს, სევილიაში, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, გიორგი ყიფიანის შეგირდებს მასპინძელი ესპანეთის, ინგლისისა და საბერძნეთის ნაკრებთა წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ, რაც, დაგვეთანხმებით, ურთულესი ამოცანა იქნება.

19-წლამდელებმა ელიტრაუნდისთვის მზადება იანვარში დაიწყეს და ბულგარეთთან თბილისში ორი საკონტროლო მატჩი გამართეს - პირველი სპარინგი 0:0 დასრულდა, მეორეში კი ქართველებმა 2:0 მოიგეს.

თებერვალში ყიფიანმა გუნდი ჩერნოგორიაში წაიყვანა, სადაც იქაურ 19-წლამდელებთან ასევე ორჯერ ისპარინგა - ჩვენმა გუნდმა პირველი მატჩი 0:2 წააგო, ხოლო მეორეში ანალოგიური ანგარიშით
გაიმარჯვა.

"18 მარტს შევიკრიბებით და მაშინვე ესპანეთში გავემგზავრებით, რადგან ამ დღეს ჩემპიონატის ტურია და საქართველოში შეკრების მოწყობას ვერ ვახერხებთ. კლუბებმა ისედაც მაქსიმალურად შეგვიწყვეს ხელი და ბულგარეთსა და ჩერნოგორიასთან ფეხბურთელები დაგვითმეს...

ელიტრაუნდის მატჩები 24, 26 და 29 მარტს გაიმართება. ასე რომ, მოსამზადებლად თითებზე ჩამოსათვლელი დღეები გვაქვს დარჩენილი. ჩვენ ქალაქ უელვაში ვივარჯიშებთ, პირველი მატჩი კი ესპანეთში ჩასვლიდან 5 დღეში გვიწევს.

ცხადია, ეს არ არის საკმარისი დრო, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაყოფიერად გამოვიყენოთ, გუნდი შევათამაშოთ და მაქსიმალურად საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ", - ამბობს ყიფიანი.

19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შემადგენლობას ჯერ არ ასახელებს:

"ამას მხოლოდ 18 მარტის საჩემპიონატო ტურის მატჩების შემდეგ გავაკეთებთ. დავაკვირდებით, თავს რომელი ფეხბურთელი გამოავლენს. მეორე მხრივ, რამდენიმე მოთამაშეს ტრავმა აწუხებს და მსურს, ბოლო მომენტამდე დაველოდო. თუ მომჯობინდებიან, ესპანეთში წავიყვან".

ყიფიანმა ჩერნოგორიულ სპარინგებში განსხვავებული შემადგენლობები დააყენა. პირველ მატჩში წაგების შემდეგ მან სასტარტოში 5 მოთამაშე შეცვალა. არის თუ არა ბოლო ამხანაგურში ნაცადი შემადგენლობა მთავარი მწვრთნელისთვის ოპტიმალური?

"ფეხბურთელებს ბულგარეთთან თამაშით ვიცნობდი და მერე კიდევ რამდენიმე მოვიწვიე. მათ ჩერნოგორიაში ჰქონდათ დებიუტი. ერთი მათგანი რატი არდაზიშვილია. მან დავალებებს თავი საკმაოდ კარგად გაართვა...

მაგრამ ჩემთვის აღმოჩენა იყო ფეხბურთელების საბრძოლო სულისკვეთება. პირველი მატჩის წაგების შემდეგ შეცდომები გავაანალიზეთ და მეორეში რევანშის აღება შევძელით. ეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო".

რა შანსები აქვს საქართველოს, ამ უმძიმესი ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ გავიდეს? 19-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელი ამ თემაზე ფრთხილი ოპტიმიზმით ლაპარაკობს:

"ესპანეთში გაცილებით ძლიერი მეტოქეები გვეყოლებიან, ვიდრე - ამხანაგურ მატჩებში. ჩვენ ამ თამაშებისთვის უკვე ვემზადებით და მეტოქეთა შესწავლას ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგი შედეგები რომ ვაჩვენოთ. დრო გამოაჩენს, რა გამოვა აქედან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული