თბილისელთა მარცხენა ნახევარმცველი 17 წლისაა და ასაკის მიუხედავად, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დამკვიდრებული აქვს. თუმცა ის ჯერაც "ჭყინტია", ბევრი აქვს სასწავლი და დასახვეწი, მაგრამ აშკარაა, რომ ნიჭიერი ნახევარმცველი იზრდება - ტექნიკური, თამამი და ინიციატივიანი.
"რამდენიმე საფეხბურთო სკოლაში დავდიოდი - ჯერ "ოლიმპში", შემდეგ "საბურთალოს" შევუერთდი და ბოლოს თბილისის "დინამოს" აკადემიაში ვიყავი. ტყუილია, თითქოს, "დინამოდან" გამომიშვეს. 15 წლის ვიყავი, კონტრაქტის გაფორმება რომ შემომთავაზეს, მაგრამ ვერ შევთანხმდით და მას შემდეგ
17 წლის ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ "ლოკომოტივში" პროგრესი შესაძლებელია:
"აქ თავს კარგად ვგრძნობ, რადგან გუნდში მეგობრული გარემოა და გამოცდილი ფეხბურთელები უფროსი ძმებივით მექცევიან. მათ გვერდით თამაში მიადვილდება - სწორედ ასეთმა მეგობრულმა გარემომ "გამხსნა".
ამ ზამთარს თურქეთში კარგად მოვემზადეთ და ამ ყველაფრის შედეგია, მეორე წრეში ძირითად შემადგენლობაში რომ მოვხვდი. საერთოდაც, "ლოკომოტივში" მოხვედრა სასურველი იმიტომაც არის, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს უცხოეთში წასვლაში ხელს უწყობს. ამაზე საქართველოში ყველა მოთამაშე ოცნებობს. მე კი ჯერ 17 წლის ვარ და ჩემთვის უმაღლეს ლიგაში თამაში ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკაა".
არდაზიშვილი 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმაც შენიშნა და ჩერნოგორიაში ამასწინანდელი ამხანაგური მატჩებისთვისაც მიიწვია. არდაზიშვილმა ნდობა გაამართლა - ბალკანელებთან მეორე სპარინგში (2:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ) ერთი გოლი მისი იყო. ის 19-წლამდელებთან ერთად ესპანეთში იქნება, სადაც 24 მარტს ელიტრაუნდის მატჩები იწყება:
"ჩერნოგორიაში ჩატარებული ამხანაგურები ძალიან წაგვადგა. იქ ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები დავინახეთ. ესპანეთში კი უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით. ჩვენი ნებისმიერი მეტოქე შეიძლება ფავორიტად განვიხილოთ - ესპანეთიც, ინგლისიც და საბერძნეთიც.
ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან ძნელი იქნება.
მაგრამ ჩვენ გვაქვს ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა მაგალითი, როცა რამდენიმე წლის წინათ, ერთსულოვნებით, სათამაშო დისციპლინის დაცვითა და გონივრული თამაშით, გუნდმა მიზანს მიაღწია. მთავარია, თავად ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ესპანეთში სწორედ ამის იმედად მივემგზავრებით".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"