U19. ინგლისი-საქართველო 2:1 - მარცხი ბლიცკრიგით

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი შეხვედრა ინგლისელ თანატოლებთან ანგარიშით 1:2 დათმო.

გიორგი ყიფიანის გუნდმა თამაში ისე დაიწყო, უარესს ვერც წარმოვიდგენდით: უკვე მე-10 წუთზე ინგლისელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. მე-8 წუთზე ანრი ჭიჭინაძემ საკუთარ საჯარიმოსთან თამაშის წესი დაარღვია. საჯარიმო ჯოშ ონომამ შეასრულა, "ჩელსის" თავდამსხმელმა ტემი აბრაჰამმა კი ანგარიში გახსნა.

ონომამ და აბრაჰამმა როლები გაცვალეს - ამჯერად, ასისტენტი აბრაჰამი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კარის ბადე კი "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ონომამ შეარხია.

ეს იყო ერთგვარი ბლიცკრიგი, რის შემდეგაც ინგლისელებმა საგოლე მომენტები კიდევ შექმნეს.
მაგალითად, მე-18 წუთზე გატანა შეეძლო ლუის კუკს, მაგრამ მიზანს ააცილა. მალე კი "მიდლსბროს" მცველის, დაელ ფრაის დარტყმას მეკარე ოთო გოშაძე გადაეღობა და გუნდი მესამე გოლისგან იხსნა.

"ჯვაროსნების" კიპერმა საიმედოდ ითამაშა 36-ე წუთზეც, როცა რეალური საგოლე მომენტი ადამ არმსტრონგს ჰქონდა.

ჩვენები კი მეტოქეს მხოლოდ 45-ე წუთზე დაემუქრნენ, როცა აიზია ბრაუნმა საჯარიმოსთან ბექა მიქელთაძე მოცელა. ჯარიმა შეასრულა გიორგი არაბიძემ, მაგრამ მეკარე ფრედი ვუდმენმა ნახტომში განმუხტა სიტუაცია.

გოშაძემ მეორე ტაიმშიც გადაგვარჩინა, როცა ორწუთიანი ინტერვალით ანგარიშის გაზრდის საშუალება არ მისცა აბრაჰამსა და კუკს, ხოლო შემდეგ - ტეილორ მურს.

ქართველები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდნენ. ორი საგოლე მომენტი ჰქონდა გიორგი ბერიძეს, მაგრამ ვუდმენს ვერც მან აჯობა.

თუმცა ყიფიანის ბიჭებმა სხვაობის შემცირება მაინც მოახერხეს - ირაკლი ბიძინაშვილის გადაცემის შემდეგ იმედის გოლი გურამ გოშთელიანმა გაიტანა.

ბოლო წუთზე ისევ ბიძინაშვილმა სცადა ქულის გადარჩენა, მაგრამ მისი დარტყმული მიზანს ასცდა - 1:2.

ერთადერთი, რაშიც ინგლისელებს დიდი უპირატესობით ვაჯობეთ, ყვითელი ბარათებია - არბიტრმა 6 ქართველი გააფრთხილა, ინგლისელი კი - არც ერთი.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი, I ტური
24.03. კარტაია (ესპანეთი)
ინგლისი-საქართველო 2:1

გოლები: 1:0 აბრაჰამი (8. ონომას პასით), 2:0 ონომა (10. აბრაჰამის პასით), 2:1 გოშთელიანი (84. ბიძინაშვილის პასით)
ინგლისი: ვუდმენი - უოლკერ-პიტერსი, ტეილორ მური, ფრაი, ტაფარი მური - მაიტლანდ-ნაილსი, ონომა (79. კონოლი), ბრაუნი (79. ოიო), კუკი - არმსტრონგი, აბრაჰამი.
სათადარიგოები: ჰაუსი, კენი, ლედსონი, ბორტვიკ-ჯექსონი.
მწვრთნელი: ეიდი ბოტროიდი
საქართველო: გოშაძე - ჩაჩუა, ჭიჭინაძე, ლოჩოშვილი, კომახიძე - მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (75. სამურკასოვი) - ბერიძე (59. ბიძინაშვილი), მიქელთაძე, არაბიძე (59. არდაზიშვილი) - გოშთელიანი.
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ახალაძე, ართმელიძე, კიკნაძე
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილებები: გოშთელიანი (28), ლოჩოშვილი (65), კომახიძე (68), მიქელთაძე (79), ჩაჩუა (85), მამუჩაშვილი (90)
არბიტრი: დ. ოსკანი (ავსტრია).

ესპანეთი-საბერძნეთი 2:0
1:0 კარიკოლი (22), 2:0 მაიორალი (26)

მომავალი მატჩები
26 მარტი
ესპანეთი-საქართველო 15:00
საბერძნეთი-ინგლისი 20:00

29 მარტი
საქართველო-საბერძნეთი 19:00
ესპანეთი-ინგლისი 19:00

* * *
გუშინვე, 19-წლამდელთა ელიტრაუნდის VI ჯგუფში სლოვენიამ 1:0 მოუგო რუსეთს, რომელიც მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გიორგი მელქაძემ გაიყვანა.

რუსების სასტარტო შემადგენლობაში იყო ნიკა ყიფიანიც. ორივემ შეუცვლელად ითამაშა.

37-ე და 64-ე წუთებზე მელქაძემ სახიფათო "სტანდარტულები" შეასრულა, მაგრამ ორივე ეპიზოდში მეკარემ იყოჩაღა. სლოვენიელებმა გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე გაიტანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
არველაძეები და დომენტი რო იყო ხო ვხნავდით მთელ ევროპას.დდ ისე ვისაც რეზის და დომენტის ფედერაცია მოენატრა ეგერაა აფხაზეთში და ჩააკითხოს ასწავლის როგორ უნდა გაფლანგოს მილიონები და მერე მტერთან მოხიოს სადღეგრძელოების და დითირამბების სათქმელად.ყიფიანს კიდე კარგი ბიჭები ყოლია მებრძოლი რადგან ეს ინგლისი ეტყობა ზოგიერთებს მალტაში და ლატვიაში ერევა.
qutaiseli
21:37 25-03-2016
0
ხალხნო, იმის მაგივრად, რომ მადლობა ვუტხრატ ყიფიანს და ბიჭებს, გვერდით დავუდგეთ და ვუგულშემატკივროთ, კრიტიკას და ლანძღვას ვუნდებით. ინგლისი, უძლიერესი ნაკრები, მისი ფეხბურთელები, რომლებიც ყველა წარმატებულ ინგლისურ გუნდში თამაშობს. ნამდვილად კარგი შედეგია, მინიმალური ანგარიშით დამატცხდნენ და გილი გაიტანეს. ყიფიანმა იცის თAვისი საქმე კარგად. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ ვიცით ხალხის დაფასება. არ იცნობთ, არ იცით რისი გამკეთებელია და აკრიტიკებთ. პირიქიტ, მადლობა გადავუხადოთ ყიფოსაც და ბიჭებსაც. ფეხბურთელი რატომ გამოცვალა- ასე ჩათვალა საჭიროდ და იმიტომ! აცალეთ ამ ხალხს! პატიოსანი და საქმის მცოდნე ხალხია. ერთ დღეში გინდათ ყველაფრის გასწორება? ფეხბურთს და საერთოდ ქვეყანას მაშინ ეშველება, როდესაც ერთმანეთIს გვერდით დგომას და მარტივად პატივისცემას ვისწავლით! ყიფიანს და ბიჭებს მადლობა და დიდი წარმატებები!!!
gulshematkivari!
21:01 25-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული