[ოთხშაბათის საკითხავი] ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!

AutoSharing Option
"საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი" - რამდენ რამეს გვახსენებს ეს ერთი, მაგრამ დაუვიწყარი სტრიქონი, ქართველთა დიდი ტრაგედიისა და, ამავე დროს, არნახული ერთიანობის ჟამს რომ დაიწერა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და აქედან გამომდინარე, ჩვენს ყველანაირ რესურსს, მით უმეტეს - ადამიანურს, ზედმეტადაც კი უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ფეხბურთზე ვწერთ და ყველაზე მეტად საფეხბურთო რესურსის ამბავი გვაინტერესებს...

იმთავითვე შევთანხმდეთ, რომ დღეს საქართველოს არ ჰყავს დასაკარგავი ფეხბურთელი. ხშირად ეროვნულ გუნდს შემადგენლობის სიღრმე ღალატობს. ეს ის პრობლემაა, კარგა ხანია დამოკლეს მახვილივით რომ კიდია საქართველოს ნაკრების
თავზე. ამის უარყოფა შეუძლებელია და ისიც ფაქტია, რომ სანამ ეს პრობლემა გვაწუხებს, სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი ძალიან რთულია.

საქართველოს მრავლად ჰყავს მამლუქები, მაგრამ მათგან ძალიან ცოტა თუ არის ისეთი, ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდს რომ გამოადგება. თუმცა ისინი მაინც არიან. როცა ეს კონტინგენტი არსებობს, თვალს ნამდვილად ვერ დავხუჭავთ...

* * *
ორშაბათს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ზესტაფონში უკრაინასთან ითამაშა.

ერთი ფაქტია - გია გეგუჩაძე თავის თარგზე ჭრის 21-წლამდელებს და ეს თანდათან აშკარად იკვეთება. თამაში ამხანაგური იყო, თუმცა მხოლოდ ამასაც ვერ "დავაბრალებთ" "დავით აბაშიძეზე" ნანახს - თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს რანგით მეორე გუნდი უტევდა. და ხშირ შემთხვევაში, უტევდა ხარისხიანადაც.

რაც შეეხება უკანა ხაზში დაშვებულ შეცდომებს, მოდით, დიდწილად ეს ჩვენი დაცვის ცენტრის შეუთამაშებლობას მივაწეროთ. ერთი რამ ფაქტია - კარგა ხანია, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ასეთი შემტევი ფეხბურთი არ უთამაშია...

* * *
მამლუქებით დავიწყეთ და ამ თემით გავაგრძელოთ. ზესტაფონში უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს ორი ჩვენებური ჩამოჰყვა - მცველი ზურაბ ოჩიგავა და შემტევი ბექა ვაჩიბერაძე.

ამათგან, განსაკუთრებით, ვაჩიბერაძე დამამახსოვრდა - უნივერსალი შემტევი. ის არ არის გამოკვეთილი ფორვარდი. გაუთავებლად იცვლის პოზიციებს და მოწინააღმდეგის დაცვა მუდმივ დაძაბულობაში ჰყავს. სწორედ ვაჩიბერაძემ გაათანაბრა ანგარიში მაშინ, როცა თამაში დასრულებული გვეგონა.

მაგრამ საქმე მხოლოდ გოლში არ არის. მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩანდა ესპანური "ბეტისის" ფორვარდის სათამაშო კლასი. ის თამაშობს თანამედროვე ფეხბურთს და რაც ქართველი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფრიადზე იცის "უბურთოდ" თამაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან ამოცანად მიმაჩნია ის, რომ ბექა ვაჩიბერაძე არ დაიკარგოს ქართული ფეხბურთისთვის. ფედერაციას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ მხოლოდ მას ვერ ავკიდებთ ამ ტვირთს, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაში თავად ფეხბურთელს უნდა სურდეს.

ძალიან კარგად გვესმის იმ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების, ახალგაზრდულ ასაკში რომ გადაბარგდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში და ამ ქვეყნის პასპორტები დასჭირდათ. სხვა ქვეყანაში რთულია კარიერის აწყობა მაშინ, როცა ბავშვი ხარ, როცა იქ არავინ გიცნობს და გაფასებს.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც დროებითი მგონია. ფეხბურთელი ამას იმიტომ აკეთებს, რომ კარიერა აიწყოს. ეს კარიერა კი მას იმისთვისაც სჭირდება, რომ მშობლიურ ქვეყანას გამოადგეს.

გასაგებია, რომ დროთა განმავლობაში ჩნდება ვალდებულების გრძნობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დაგეხმარა, მაგრამ აქ უკვე სამშობლოს განცდა უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ ყველაფერი გადაწონოს.

მე არ ვიცნობ ბექა ვაჩიბერაძეს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ის ახლო წარსულში ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ზაზა ვაჩიბერაძის ვაჟია. უფროს ვაჩიბერაძეზე სულ კარგი გამიგონია და იმისაც მჯერა, რომ ის შვილს ქართველად გაზრდიდა.

ძალიან მინდა, ბექამ მალე გააკეთოს არჩევანი. არ მინდა, ეს არჩევანი მაშინ გაკეთდეს, როცა ვაჩიბერაძეს აღარ ექნება უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი. ბევრი მამლუქი (არაქართველებს ვგულისხმობ) სწორედ ასე იქცევა.

რა თქმა უნდა, ვაჩიბერაძისგან გვარიანად საძნელო რამეს ვითხოვთ და ეს არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. ფეხბურთი უკრაინაში სულ სხვა დონეზეა, ვიდრე საქართველოში და, ესეც არ იყოს, მოთამაშე ამ ქვეყანაში თავს უფრო დაფასებულ-უზრუნველყოფილად გრძნობს, ვიდრე საქართველოში.

* * *
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აქ ერთი, საუკუნეებისგან გაცვეთილი, მაგრამ დღესაც კი ძალზე აქტუალური ფრაზა უნდა დავწეროთ - სამშობლო მსხვერპლს მოითხოვს და ამ "მსხვერპლში" მაინცდამაინც ბრძოლის ველზე გაღებული ზვარაკი არ იგულისხმება.

მაგალითისთვის შორს წასვლა ნამდვილად არ გვჭირდება. აგერ არის ცოცხალი მაგალითი, თუმცა ბოლო არც ისე კეთილია. მიხეილ ფოცხვერიას უკრაინის ნაკრებში თამაშის დიდებული შანსი ჰქონდა. ის თავის თაობაში გამორჩეული იყო და ძალიან მაგრადაც თამაშობდა ფეხბურთს. ფოცხვერიას დონის ტალანტი მაშინ ბევრი არ იყო პოსტსაბჭოეთში და ტყუილად როდი მიაქცია ახალგაზრდას ყურადღება ბრემენის "ვერდერმა"...

ფოცხვერიამ უკრაინას საქართველო არჩია. ის მოიძულეს უკრაინაში და ამას ტრავმები მოჰყვა. ფოცხვერიას კარიერა აერია და ფეხბურთს ისე შეეშვა, საკადრისი კვალი ვერ დატოვა.

ის სულ ტრავმირებული არ ყოფილა, მაგრამ ნაკრების მწვრთნელები მას მაინც არ სწყალობდნენ. ბოლოს, თურმე, სიარულიც კი უჭირდა...

ისიც ვიცი, რომ წინა ფეხბურთის ფედერაციამ თავისი მმართველობის მიწურულს ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა და ფოცხვერია დაასაქმა. არ ვიცი, მუშაობს თუ არა მიშა ამჟამად, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საქართველო ვალშია ამ ფეხბურთელის წინაშე...

ფოცხვერიამ გარისკა, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა რისკმა არ გაამართლა. და მაინც, ჩვენ ყოველთვის ვალდებულნი ვართ, გავრისკოთ, როცა ჩვენი ქვეყანა გვთხოვს ამას...

* * *
ვაკო გვილიამ გარისკა. მე მინდა, რომ ვაკოს ამ ნაბიჯმა გაამართლოს. გვილია გვარიანი ფეხბურთელი ჩანს - უკრაინის პრემიერლიგის გამოცდილებით. ძალიან საიმედოდ და ხარისხიანად ითამაშა ზესტაფონური მატჩის პირველ ტაიმში. არაფერი ზედმეტი და ყველაფერი ფეხბურთელისა - ასე შეგვიძლია შევაფასოთ გვილიას გარჯა.

რატომღაც მგონია, რომ ამ ზამთარს გვილიას მენეჯერმა მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავა. ყოველ შემთხვევაში, ვაკო გაცილებით უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს, ვიდრე ბელორუსის ჩემპიონატის ბინადარი "მინსკია"...

რას ვიზამთ, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და ვეძებოთ ფეხბურთელები. ამ ბიჭებს თუ შევინარჩუნებთ, მართლაც კარგი საქმე გაკეთდება. ახლა ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მოინდომოს. თავისთავად, ბიჭებმაც უნდა მოინდომონ, ჩვენც უნდა მოვინდომოთ...

ერთად ყველაფერი ადვილია, ერთად ყველაფერი გამოგვივა. საქართველოს არ ჰყავს დასაკარგავი შვილები! საქართველოს არ ჰყავს დასაკარგავი ფეხბურთელები!

ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
Tedo-ს. სხვებს რომ მოუწოდებ, კონკრეტულად შენ რა გააკეთე კაკო დევაძის დასახმარებლად? იყავი გუშინდელ საქველმოქმედო თამაშზე მაინც? გამომივიდა აქ .......
natali
16:23 31-03-2016
0
დავიღალეთ - " საქართველო რამე შ.პ.ს-ა, რამდენიმე კაცს გვეკუთვნის და სხვებს უნდა ვეხვეწოთ აქ თამაში?". პასუხი. აბსოლიტური ჭეშმარიტებაა, რომ საქართველო პატარა შ.პ.ს-ა, რომელიც რამოდენიმე კაცს არა, მაგრამ ერთ კაცს ნაღდად ეკუთვნის. დასახელების გარეშეც ყველა მიხვდება თუ ვისი კუთვნილებაა "შპს საქართველო".
mixako
16:20 31-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული