გიორგი ხარაიშვილი: საქართველოდან გაქცევაზე არ ვარ!

AutoSharing Option
თუ ვინმეზე ითქმის, ქართული ფეხბურთის იმედიაო, ერთ-ერთი მათგანი უთუოდ გიორგი ხარაიშვილია. 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი "საბურთალოს" ლიდერია და უკვე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედაც ყალიბდება.

ხარაიშვილი სასურველი ფეხბურთელია არნემის "ვიტესისთვის". ის დღითი დღე უმატებს და, ჩვენი აზრით, შორს აღარ არის ის დღე, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების კარსაც შეაღებს.

ახლა კი ინტერვიუ ფეხბურთელთან, ვინც "ლელომ" და "ლიდერბეთმა" მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს...

- რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება?
- ძალიან ბევრს, დიდი
სტიმულია ჩემთვის! მომავალშიც ვეცდები, გავამართლო მწვრთნელის ნდობა და გულშემატკივართა იმედები. მადლობა პროექტის ორგანიზატორებს. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო საიმისოდ, რომ ხვალინდელი დღე ჩემთვის დღევანდელზე უკეთესი იყოს.

- მოდი, ახალგაზრდული ნაკრების ბოლო ორი მატჩი შევაფასოთ...
- მართალია, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს თითქმის აღარ აქვს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი, მაგრამ ჩვენთვის ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ასე იყო სან მარინოსთან შეხვედრაც. ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დებიუტი ჰქონდა და, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ყოველთვის სასიამოვნოა გამარჯვება...

უკრაინის ნაკრებთან მატჩი კი დაძაბული და გაცილებით საინტერესო გამოდგა. თანაბარი თამაში იყო. ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელს მიეცა თავის გამოჩენის შანსი. გული დაგვწყდა, რომ ბოლო წამზე გავუშვით ხელიდან გამარჯვება...

დიდი იმედით ვუყურებ ამ გუნდის მომავალს. ვცდილობთ, მწვრთნელების ყველა მითითება ზედმიწევნით ზუსტად შევასრულოთ.

- როგორ იმოქმედა გუნდზე იმ მატჩში გაფუჭებულმა თერთმეტმეტრიანმა?
- იმ წუთში ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. 2:2 იყო იმ მომენტში ანგარიში... ვცდილობ, დავივიწყო ის ეპიზოდი. ფეხბურთში მხოლოდ დადებითი ემოციები არ არის, იმედგაცრუებაც ბევრია... ფსიქოლოგიური მდგრადობა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. მოკლედ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს უკვე გადავიტანე.

- მინდორზე ფეხბურთელი ყოველთვის უკეთ ამჩნევს პარტნიორისა თუ მეტოქის ავ-კარგს. საინტერესოა, როგორ შეაფასებდით უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ვაჩიბერაძის თამაშს?
- სხვათა შორის, მე და ბექა კარგა ხნის განმავლობაში თანაგუნდელები ვიყავით "ოლიმპში". ვაჩიბერაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, სარგებლობას მოუტანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, თუ გადაწყვეტს, რომ ითამაშოს ჩვენი ქვეყნის სახელით. ზუსტად ჩემს ადგილას თამაშობს ბექა, ძალიან ნიჭიერია...

- ცნობილია, რომ თქვენით არნემის "ვიტესია დაინტერესებული...
- კი, ასეა. ვერ ვიტყვი, რომ ბოლო დროს მოიკლო ან მოიმატა ამ ინტერესმა. თუ გამოვა ზაფხულში წასვლა, კარგი იქნება, თუ არა და, არც ეს იქნება ტრაგედია.

- ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გაიქცეს საქართველოდან...
- მე ნამდვილად არ ვარ გაქცევაზე...

- "საბურთალოზეც" ვთქვათ. რას იტყოდით გუნდის ახალ მწვრთნელ პაბლო ფრანკო მარტინზე?
- ძალიან საინტერესო მწვრთნელია, ახალგაზრდა და მეგობრული... მე პირადად, ძალიან მსიამოვნებს მასთან მუშაობა. ესპანელია და, რა გასაკვირია, რომ იქაური მოდელის დამკვიდრებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც "საბურთალოს" მწვრთნელია, მან უკვე ბევრი გააკეთა როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის.

ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი "საბურთალოს" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, გია ჭიაბრიშვილს.

- რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ ნაკლად?
- შეტევაში უკეთ ვთამაშობ, ვიდრე დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. ზოგჯერ უკან ჩასვლა მაგვიანდება... ამაზე მართლა ძალიან ბევრს ვმუშაობ. შრომას ყველაფერი შეუძლია.

- შრომა ახსენეთ და, რეჟიმთან როგორ ხართ?
- თუ რეჟიმს არ დაიცავ, წარმატებას ვერ მიაღწევ, ეს შეუძლებელია. როგორ ვთქვა, ამ მხრივ ფრიადოსანი ვარ-მეთქი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რეჟიმი დავიცვა, თავს მივხედო... ფეხბურთელის კარიერა არ არის ხანგრძლივი, წლები მალე გადის...

- თქვენი ხასიათი?
- გამორიცხულია, თავი ზედმეტად ავწიო. უბრალოება ყველაზე მეტად მიყვარს.

- ვინ არის ფეხბურთში თქვენი იდეალი?
- ჩემი იდეალია ბრაზილიელი რონალდო, ასევე - ზინედინ ზიდანი.

- ...და თქვენი საოცნებო კლუბი?
- ასე გამორჩევით ვერ ვიტყვი. მე უფრო ინგლისური პრემიერლიგა მომწონს. თუ არჩევანზე მიდგება საქმე, იყოს "ჩელსი" (იცინის)...

- როგორ გამოჩნდა ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში?
- ჩემი პირველი მწვრთნელი იყო სოსო ზაქარიაძე. მან მიმიყვანა "ოლიმპის" სკოლაში, სადაც ვვარჯიშობდი შოთა ჭეიშვილთან, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა. მინდა, ყველა მწვრთნელს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩემს წინსვლაში წვლილი შეიტანა.

- რა არის თქვენი საფეხბურთო ოცნება?
- ვითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში...

- პრინციპში, ყველაფერი აქეთკენ მიდის...
- უკვე ყველა ასაკობრივი ნაკრები ვითამაშე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გზა ლოგიკურად გაგრძელდება. ვიცი, რომ საამისოდ ბევრი უნდა ვიშრომო. როგორც კი მიღწეულით დაკმაყოფილდები, მაშინვე უკან-უკან წახვალ...

საერთოდ, ეროვნული ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემაა. მჯერა, რომ შევძლებ, სარგებელი მოვუტანო ჩემს ქვეყანას.

- როდის იტყვით, რომ გიორგი ხარაიშვილის კარიერა შედგა?
- ალბათ, სანამ არ დავასრულებ კარიერას, მანამდე არ ვიტყვი ამას, რადგან, ვიდრე თამაშობ, უკეთესობის შანსი ყოველთვის არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგად აზროვნებ, ეგრე გააგრძელე გიო. წარმატებები კარიერასა და პირად ცხოვრებაში.
Dato
12:43 02-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული