09:37 07-09-2016
U21. საქართველო-ხორვატია 2:2 - ძალიან მწარე პერიცა... [VIDEO]
AutoSharing Option
გია გეგუჩაძეს ყოველთვის განსაკუთრებული თამაშები გამოსდის ზესტაფონში და ასე იყო ამჯერადაც. მატჩი ისეთი გამოდგა, დიდხანს რომ ვერ დავივიწყებთ. ვიხილეთ უამრავი საგოლე მომენტი და 4 გოლი.
ორჯერ ვიგებდით და გამარჯვება ვერ შევინარჩუნეთ, რაკი ორივე ჩამორჩენისას და ბოლოს, საყაიმო ანგარიშზეც, ზემოტივირებული ხორვატია გააფთრებული მოგვაწვა. ბოლოს ბალკანელებმა რამდენიმე მომენტი გაფლანგეს. ძალიანაც კარგი - საქართველოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა იმხელა ენერგია ჩადო ამ შეხვედრაში, რომ წასაგებად ჩვენები ნაღდად არ გვემეტებოდნენ.
თურმე, ამ ახალგაზრდულ ნაკრებს შესძლებია ფეხბურთის თამაში. ერთ რამედ ღირდა ქართველთა "მაღალი პრესინგი", მხოლოდ ეპიზოდურად, მაგრამ მაინც.
მაგრამ, ჩემი აზრით, გეგუჩაძის გუნდის "აქილევსის ქუსლი" დაცვაა. რომ არა სწორედ დაცვაში დაშვებული მარტივი შეცდომები, დიდი ალბათობით, სულაც მოვიგებდით. რა თქმა უნდა, ყველაფერს მცველებს არ ვაბრალებთ, მაგრამ მათი შეცდომები თვალშისაცემი იყო.
მეკარე ლაზარე კუპატაძემ ორჯერ აშკარად იხსნა საქართველოს ნაკრები. ერთ შემთხვევაში ჩვენმა მცველმა უკან პასით ჩვენთვის ზაგრების "დინამოდან" კარგად ნაცნობი ანტე ჩორიჩი სულაც მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ კუპატაძემ შესანიშნავად ითამაშა.
არ უნდა გაგვეშვა მეორე გოლი - იმ დროს ხორვატთა თავდასხმის ლიდერს, იტალიური "უდინეზეს" ძირითადი შემადგენლობის წევრ სტიპე პერიცას საქართველოს ნაკრების ორი მცველი და მეკარე მეურვეობდა. პერიცამ კი მაინც მოასწრო შედეგიანი თავურის დარტყმა.
და მაინც, გუშინ ზესტაფონში პოზიტივი მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი. გეგუჩაძემ ტრადიციას არ უღალატა - მისმა გუნდმა გვიჩვენა ისეთი ფეხბურთი, ბევრ ადრენალინს რომ გვაკარგვინებს. ფეხბურთი, რომელსაც მაყურებელი სტადიონზე მიჰყავს.
ქართველთა ორივე გოლი განსაკუთრებით ლამაზი იყო. სულ თავიდან, მე-2 წუთზე, გიორგი ხარაიშვილის გამჭოლი პასი გიორგი პაპუნაშვილმა მიიღო და საქართველოს ნაკრები ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით დააწინაურა.
მინი-შედევრი იყო საქართველოს ნაკრების მეორე გოლი: ჩვენი გუნდიდან ხარაიშვილთან ერთად საუკეთესომ, ნიკა კაჭარავამ, ოთარ კიტეიშვილის პასი მიიღო, მოათვინიერა ბურთი და ვარდნაში, ნახევარბრუნით, თავზე გადაუგდო ხორვატთა მეკარე ლივაკოვიჩს.
კაჭარავაზე ცალკე: დღეს, როცა ქართულ ფეხბურთში გამტანი ფორვარდის აშკარა დეფიციტია, ის საინტერესო ფეხბურთელად მოჩანს ეროვნული ნაკრებისთვის. მეტიც - ვგონებ, დღეს ის ერთადერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდია საქართველოში, პერიოდულად რომ მაინც გააქვს გოლები.
მაშ ასე, საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ვფიქრობთ, მეტიც შეიძლებოდა. ჯერ ერთი, ბოლომდე ვერ ამოვწურეთ ამ თაობის პოტენციალი; მეორეც - ძალიან ხშირად იცვლებოდა ძირითადი შემადგენლობა და მესამეც - მწვრთნელის ფაქტორი.
ეჭვგარეშეა: რიგი პრობლემების მიუხედავად, გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი დღეს ყველაზე დომინანტურ, სანახაობრივ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს საქართველოს ნაკრებებს შორის. იმედია, მომავალი თაობა შეძლებს და მომდევნო შესარჩევ ციკლში ჯგუფიდან გასვლით გაგვახარებს!
ევრო 2017. ახალგაზრდული ნაკრები. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი
06.09.2016. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
საქართველო-ხორვატია 2:2
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (2), 1:1 პერიცა (43), 2:1 კაჭარავა (50), 2:2 პერიცა (62)
საქართველო (4-1-4-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, ცნობილაძე, ტაბიძე (77. მარგველაშვილი), უბილავა (22. თევზაძე) - ცინცაძე - პაპუნაშვილი, გვილია (70. გოროზია), კიტეიშვილი, ხარაიშვილი - კაჭარავა.
სათადარიგოები: გოშაძე, ბერიძე, არაბული, ზივზივაძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ხორვატია (4-1-4-1): ლივაკოვიჩი - ბარტოლეკი, სალეტა-სარი, პერიჩი, მილიჩი - პავლიჩიჩი (63. ჩაპანი) - ტუდორი (58. ბრეკალო), ჩორიჩი (63. კროვინოვიჩი), როგი, ვლაშიჩი - პერიცა.
სათადარიგოები: ბოჩკაი, კოლარი, მარიჩი, პოსავაცი
მწვრთნელი: ნენად გრაჩანი
გაფრთხილება: ცნობილაძე (42), როგი (60), ცინცაძე (64), სალეტა-სარი (65), გოროზია (72)
არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 9 6 2 1 22-7 20
2. შვედეთი 8 5 3 0 17-5 18
3. ესპანეთი 8 5 2 1 23-9 17
4. საქართველო 10 4 1 5 17-17 13
5. ესტონეთი 8 1 1 6 3-18 4
6. სან მარინო 9 0 1 8 1-27 1
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ის შახტარის 19 წლამდელებში თამაშობს ხომ და დინამოს 19წლამდელებს მოუგებს??? იქნებ არცისე ძლიერია მისი გუნდი სადაც ლიდერია