ცუდი რაღაც მოხდა... ინტერვიუ 17-წლამდელთა მწვრთნელ გურამ ასპინძელაშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი ბოლო ადგილზე, ქულისა და გოლის გარეშე დაასრულა. დავმარცხდით ბულგარეთთან (0:1), ფინეთსა (0:2) და შვედეთთან (0:4).

ცხადია, საინტერესოა, რა დაგვემართა ისეთი, რომ ქულა კი არა, გოლიც ვერ გავიტანეთ? საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინტერვიუ ვთხოვეთ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გურამ ასპინძელაშვილს...

- ბატონო გურამ, მაინც რა მოხდა ფინეთში?
- ჩემი აზრით, ჩვენს თამაშზე დიდი გავლენა იქონია ბულგარეთთან პირველმა მატჩმა. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში გვქონდა დიდი უპირატესობა, რომელიც გოლში ვერ აისახა. ფინეთთან მეორე თამაში თანაბარი იყო, იქაც
გვქონდა კარგი მომენტები...

- გოლი ვერ გაიტანეთ. ალბათ, ამას თავადაც არ ელოდით...
- მართალი ბრძანდებით, ნამდვილად არ ველოდი... მოკლედ, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. კარგად ეწყობოდა ჩვენი შეტევები, ბოლო ფაზამდე მიდიოდა, მაგრამ ლოგიკური დასასრული აღარ იყო. ბოლო ფაზაში მოვიკოჭლებდით. ფაქტია, ამ მხრივ ბევრია სამუშაო. და მაინც, მიმაჩნია, რომ ამ გუნდით შესაძლებელი იყო ელიტრაუნდში გასვლა. უბრალოდ, ზედმეტმა ემოციებმა დაგვაღალატა. იმდენად დიდი იყო მოტივაცია, რომ ამან ცუდი სამსახური გაგვიწია.

იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც - პირველი წაგების შემდეგ ფეხბურთელებზე ძალიან ცუდად იმოქმედა სოციალური ქსელებით წამოსულმა კრიტიკის ნიაღვარმა. ვცადეთ, რომ უმტკივნეულოდ ჩაევლო ამ რეაქციას, მაგრამ დღეს ისეთი დროა, რომ თუ ნახვა გინდა, მაინც ყველაფერს ნახავ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ შეცდომები დაუშვით სელექციის დროს?
- ახლა უკვე შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ რამდენიმე სხვა ტიპის ფეხბურთელი უნდა გვყოლოდა და შესაძლებელი იქნებოდა, სხვა შედეგი მიგვეღო, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. მიმაჩნია, რომ ამ გუნდითაც შეგვეძლო გასვლა ელიტრაუნდში.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ნაკრებში უნდა აგეყვანათ პსჟ-ის აკადემიის ფორვარდი ქუთათელაძე...
- ადრე ის სამჯერ გამოვიძახეთ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ქუთათელაძე არ იყო მზად ნაკრებში სათამაშოდ.

- რჩებით ნაკრების მწვრთნელად?
- კი, ვაგრძელებ მუშაობას. ჩვენ მალე გვინდა შედეგი, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ძალიან კარგი პროგრამები შემუშავდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, თუნდაც რეგიონების ასაკობრივი ნაკრებების კუთხით... ახლა მთლიანად ახალი ნაკრების შექმნასა და სელექციაზე გადავერთვებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
Magari nagli xar guram!!!
Kaxa
11:21 08-10-2016
0
მამიკოების დარეკილებით რომ წყდება დღეს ბავშვების ნაკრებში აყვანა იმიტომაა გოლი რომ ვერ გაგვაქვს. სხვა შემთხვევაში ვერ წარმომიდგენია ყინულზე გაზრდილმა ბავშვებმა როგორ უნდა მოუგონ იმ ქვეყნის შვილებს სადაც გაიზარდნენ მიშა მესხი, დავით ყიფიანი, გიორგი ქინქლაძე...
ioseb
11:36 08-10-2016
0

სიახლეები პოპულარული