ფეხბურთის დროც დადგა! - სატრანსფერო მიდი-მოდი ქართულ კლუბებში

AutoSharing Option
...ახალი წელი, ბედობა, შობა - იანვრის სადღესასწაულო დღეები, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, ქართულმა საფეხბურთო სამყარომაც გადააგორა და ჩვენი გუნდების უმეტესობამაც უკვე დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება. ეს ახალი სეზონი კი მართლაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

...27-წლიანი პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონატი "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემით უნდა ჩატარდეს! სიახლეა (და, ჩვენი აზრით, ამ ეტაპისათვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქართული საკლუბო ფეხბურთის რეალობისათვის) ისიც, რომ ლიგა პრო 1-ში (ანუ უმაღლესი ლიგა) და ლიგა პრო 2-ში (პირველი ლიგა) ათი გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ოთხწრიან ჩემპიონატს ჩაატარებს.

თუმცა, მთავარი სიახლე მაინც
საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდის დაწესებაა და ფინანსური სარგებელი ჩვენს გუნდებს ჩემპიონატიდანაც ექნებათ და თასის გათამაშებიდანაც! ასე, მაგალითად, თასზე ერთი ეტაპის გადალახვა ამ თუ იმ გუნდს 15 000 ლარს მოუტანს!

აი, ჩემპიონატში კი თითოეულ ქულას მართლაც "დიდი ფასი" დაედო: ლიგა პრო 1-ში ერთი მატჩის მოგება გუნდის ბიუჯეტს 30 000 ლარით შეავსებს, ფრის შემთხვევაში კი - 10 000 ლარით! მოკლედ, წლის ბოლოსათვის ამა თუ იმ გუნდმა შესაძლოა სოლიდური თანხაც "დასვას" საკუთარ ანგარიშზე.

მოკლედ, საინტერესო სიახლეები გველოდება საქართველოს ჩემპიონატში და ფინანსური ინტერესის გარდა, სპორტული ინტრიგაც უნდა ვახსენოთ: ლიგა პრო 1-ში ხომ 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და აქედან ერთი (ბოლოადგილოსანი), ავტომატურად დაქვეითდება რანგით ქვედა ლიგაში, VIII და IX ადგილებზე გასულ გუნდებს კი პლეი აუტის მატჩები მოუწევთ ლიგა პრო 2-ში მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან.

ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისე, როგორც გარდამავალ ჩემპიონატში, ამჯერადაც მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი უმოტივაციო მატჩები.

საქართველოს ჩემპიონატის ახალი ფორმატით ("გაზაფხული-შემოდგომა") ჩატარება იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მწვრთნელ-ფეხბურთელებს ამიერიდან აღარ მოუწევთ საქართველოსათვის აშკარად არასაფეხბურთო თვეებში (თებერვალსა და დეკემბერში) ოფიციალური მატჩების ჩატარება. ახალი სეზონი კი მარტის დასაწყისში აიღებს სტარტს, თუმცა 2017 წლის პირველი ოფიციალური მატჩი მანამდე გაიმართება!

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ 1-ელ მარტს, საქართველოს სუპერთასისათვის "სამტრედია" და "ტორპედო" იბრძოლებენ, შესაბამისად, წინა ჩემპიონატის გამარჯვებული და თასის მფლობელი. იმ დროისთვის, ფაქტობრივად, დასრულებული უნდა იყოს როგორც ამ ორი გუნდის, ასევე დანარჩენი 8 გუნდის დაკომპლექტება.

აი, მანამდე კი ლიგა პრო 1-ის გუნდების სხვადასხვა "ხარისხით" აქტივობას უნდა ველოდოთ სატრანსფერო ბაზარზე და ამის დასტურად, აი, ეს სატრანსფერო ცხრილიც გამოდგება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ლიგა პრო 1-ის გუნდების, ფაქტობრივად, აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ახლა იწყებს ახალი სეზონისთვის მზადებას და ჩემპიონატის დაწყებამდე კი არა, თებერვლის დასაწყისისათვის, ამ სატრანსფერო ცხრილში უამრავი ცვლილება-გადაადგილებაა მოსალოდნელი.

ჯერჯერობით კი, როგორც ამჩნევთ, ყველაზე ნაადრევი სატრანსფერო აქტივობა თბილისის "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივშია", ოღონდ ისიც უნდა დავამატოთ, რომ იმავე თბილისის "დინამოში" კვლავაც უნდა ველოდოთ ტრანსფერებს (განსაკუთრებით - ლეგიონერებს).

ისე, რახან ლეგიონერები ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი უცხოელი ფეხბურთელია ჩარიცხული ახალ გუნდში, ოღონდ თბილისის "დინამოს" უკრაინელი ახალწვეული მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო წინა სეზონშიც გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში ("ზუგდიდში" თამაშობდა).

აი, სხვა ახალწვეულ ლეგიონერებს კი, სავარაუდოდ, ჩვენი გუნდები უცხოურ შეკრებებზე დააკვირდებიან. თუმცა, ერთი რამის თქმა წინასწარ შეიძლება: ძალიან გვეეჭვება, რომ ახალ სეზონში 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის რეკორდი გაუმჯობესდეს! შეგახსენებთ, რომ იმ მოკლე ჩემპიონატში 50 უცხოელი ფეხბურთელი აგორებდა ბურთს ჩვენს მოედნებზე.

საინტერესოა, რომ დღესდღეობით, ამ 50 ლეგიონერიდან ზოგი უკვე "ოფიციალურად" დაემშვიდობა საქართველოს, ზოგის ბედი კი კვლავაც გაურკვეველია. ვისურვოთ, რომ ახალ სეზონში სწორედაც რომ "ხარისხიანი" ლეგიონერები ჩამოეყვანოთ ქართული კლუბების მენეჯერებს, თორემ წინა სეზონში რომ 50 უცხოელი ფეხბურთელი გვყავდა, იმათგან, ალბათ, ათიოდეზე თუ ვიტყოდით, რომ... საქართველოს ჩემპიონატის დონეს შეესაბამებოდა.

არადა, გია ცეცაძემ ("სამტრედია") ისე მოაგებინა თავის გუნდს საქართველოს ჩემპიონატი, არც ერთი ლეგიონერიც არ ჰყოლია! იმავეს თქმა შეიძლება კახა ჩხეტიანზეც, რომლის დამოძღვრილმა "ტორპედომაც" ასევე ლეგიონერების გარეშე შეძლო საქართველოს თასის მოპოვება...

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ლიგა პრო 1-ში ერთი მატჩის მოგება გუნდის ბიუჯეტს 30 000 ლარით შეავსებს, ფრის შემთხვევაში კი - 10 000 ლარით!" - ვინ მოიფიქრა ეს გენიოსობა? შეთანხმდები მოწინააღმდეგესთან თუ ცოტათი მაინც ძლიერი ხარ, გადაუგდებ 10 000 ლარს და 20 000 და მოგება შეგჩება :) - აი, "მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის" სულელური კოპირების შედეგი ეს იქნება
ხოხ
20:59 10-01-2017
0
გორის დილა გამოაფხიზლეთ მემგონი ისევ ახალი წლისა მოზდევთ.გაიღვიძეთთთთთთთთთთთთ
გეგა
18:18 10-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული