თანაც, იმდენად ტრადიციულმა თუ ამბიციურმა გუნდებმა უნდა იასპარეზონ წლეულს პრო ლიგა 2-ში, რომ უმაღლეს ლიგასთან ძალიან დიდი სხვაობა არც უნდა იყოს საერთო დონის თვალსაზრისით. ეგ კი არა, ბევრი სპეციალისტისა თუ, საერთოდ, ფეხბურთში მოტრიალე ხალხის შეფასებას გვინ
...რანგით უმაღლესი ლიგის მსგავსად, პრო ლიგა 2 მხოლოდ სახელწოდების შეცვლით არ დაკმაყოფილებულა: ამ შემთხვევაშიც, გათამაშება "გაზაფხული-შემოდგომის" ფორმატით გაიმართება და მთავარი სიახლე, რაღა თქმა უნდა, გუნდების რაოდენობის შემცირებაა.
ანუ, ისევე, როგორც ლიგა პრო 1-ში, აქაც ათი გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ოთხ წრედ იასპარეზებს. არადა, მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში პირველ ლიგაში 16, 18 თუ 20 გუნდი მონაწილეობდა, ხშირად იყო გაყოფილი ორ ჯგუფად (ხანდახან - ტერიტორიული პრინციპებითაც).
ამჯერად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდების მართლაც ოპტიმალური რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას და, ასევე წინა სეზონისაგან განსხვავებით, ამ 10 გუნდიდან საუკეთესოებს უმაღლეს ლიგაში (ანუ პრო ლიგა 1-ში) აღზევების შანსიც ექნებათ.
თუმცა, ამ საკითხზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი კიდევ ერთ და არანაკლებ საინტერესო სიახლეზეც. უფრო ზუსტად, უმთავრესზე, რაც პრო ლიგა 2-ის გუნდების მატერიალურ სტიმულირებას გულისხმობს! თავად განსაჯეთ: პრო ლიგა 2-ში ყოველი მოგებული მატჩის მერე გუნდი 15 000 ლარით შეავსებს საკუთარ ბიუჯეტს, ფრის შემთხვევაში კი - 5 000 ლარით!
არ დაგვავიწყდეს სათასო მატჩებიდან შემოსული თანხაც: ისე, როგორც ჩემპიონატში, ახალ სეზონში საპრიზო ფონდი (თანაც - სოლიდური) ხომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაშიც იქნება და ამ ტურნირზე ყოველი ეტაპის გადალახვა თითოეული გუნდის ბიუჯეტს 15 000 ლარით გაამდიდრებს!
არადა, პირველი ლიგის გუნდები თუ როგორ ყოჩაღობენ საქართველოს თასის გათამაშებაში, ამის გასახსენებლად სულაც არ არის საჭირო საფეხბურთო არქივში ქექვა: ჯერ ორი თვეც არ გასულა თასის წინა გათამაშების ფინალიდან, სადაც ერთ-ერთი მონაწილე (თანაც - სრულიად დამსახურებული!) სწორედაც რომ პირველი ლიგის წარმომადგენელი "მერანი" იყო!
ეგ კი არა, 2010/11 წლების სეზონის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება "გაგრას" ტრიუმფით დასრულდა - იმ დროისთვის პირველ ლიგაში რომ გამოდიოდა!..
ტიტულოვანთა ლიგა
პრო ლიგა 2-ის წლევანდელი გათამაშება უდიდეს ინტრიგას გვპირდება და იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ მოახლოებულ სეზონში, ფაქტობრივად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი უმოტივაციო მატჩების რაოდენობა. აღარაფერს ვამბობთ ბოლო წლებში პირველი ლიგის ლამის "სავიზიტო ბარათად" ქცეულ მეტად და მეტად "უცნაური მატჩების" ასევე მინიმუმამდე დაყვანაზეც......ახლა კი უფრო დაწვრილებით უკვე დაანონსებულ მართლაც სატურნირო ინტრიგაზე. 10-გუნდიან ჩემპიონატში გამარჯვებული ავტომატურად იღებს ლიგა პრო 1-ის საგზურს, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი პლეი ოფში დაუპირისპირდებიან უმაღლეს ლიგაში VIII და IX ადგილებზე გასულ გუნდებს.
არანაკლები ამბებია მოსალოდნელი ქვემოთაც: მართალია, ახალი სეზონის რეგლამენტი ჯერ არ არის დამტკიცებული, მაგრამ, ძალიან დიდი ალბათობით, ლიგა პრო 2-ში ბოლო ადგილზე გასული გუნდი ქვედა ლიგაში ("ეროვნული ლიგა") დაქვეითდება, VIII და IX ადგილებზე გასულ გუნდებს კი პლეი-აუტის მატჩების ჩატარება მოუწევთ.
ანუ, ასეთი ფორმატიდან გამომდინარე, სწორედაც რომ აღარ უნდა ველოდოთ როგორც უმოტივაციო მატჩებს, ასევე იმ "უცნაურობებს", წლების განმავლობაში უხვად რომ იყო ჩვენს პირველ ლიგაში...
წლევანდელ პრო ლიგა 2-ში მონაწილე გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ტიტულებით მოიწონებს თავს! უპირველესად, რაღა თქმა უნდა, "ვიტ ჯორჯია" უნდა ვახსენოთ: კლუბის უცვლელი პრეზიდენტის, გურამ რუხაძის მიერ 1997/98 წლების სეზონში დაარსებულ-ჩამოყალიბებული გუნდი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, სამჯერ მეორე ადგილზე გავიდა, ერთხელ - მესამეზე, ერთხელაც საქართველოს თასი მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონი იყო თავის დროზე ბოლნისის "სიონიც", ერთხელ მესამე ადგილზეც რომ გასულა და ორჯერ საქართველოს თასის ფინალში. "გურია" ხომ საქართველოს თასის სულაც პირველი გამარჯვებულია, ამას გარდა, ლანჩხუთელები პირველ და მეორე ეროვნულ ჩემპიონატში ვერცხლის მედლებს ეუფლებოდნენ.
"გაგრას" სათასო ტრიუმფი ზემოთ უკვე ვახსენეთ, ისევე, როგორც "მერანის" შარშანდელ ფინალში გასვლა. ასევე თასის ფინალში აქვს ნათამაშები წყალტუბოს "სამგურალს" (1999 წელს, პენალტების სერიაში რომ დამარცხდა ქუთაისის "ტორპედოსთან"). ევროტურნირებზე ასპარეზობით შეუძლია იამაყოს "ცხინვალმა", "ზუგდიდი" და, საერთოდ, ამ ქალაქის გუნდები მუდამ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ უმაღლეს ლიგაში.
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში უმაღლეს ლიგაში არასდროს უასპარეზია "მეშახტეს", მაგრამ ტყიბულელთა გუნდს დიდი ტრადიციები აქვს და გასული საუკუნის 60-70-იან წლებში წარმატებით გამოდიოდა ყოფილ საკავშირო მეორე ლიგასა თუ იმდროინდელ საქართველოს პირველობაზე.
პრო ლიგა 2-ის ყველაზე ახალგაზრდა კლუბი "რუსთავია" (2015 წლის ზაფხულში დაფუძნდა). თუმცა, ამ ქალაქის სხვა გუნდები მუდამ წარმატებით ასპარეზობდნენ უმაღლეს ლიგაში: 90-იანი წლების დასაწყისში "გორდა" ორჯერ გახდა ბრინჯაოსპრიზიორი, 2007 და 2010 წლებში კი "ოლიმპი" ("მეტალურგი") ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, რუსთავის სახელით მოასპარეზე გუნდები ასევე ორჯერ გავიდნენ თასის ფინალში...
ფავორიტები
როგორც უმაღლეს ლიგაში, ლიგა პრო 2-ის გუნდების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე დაიწყო ახალი სეზონისათვის მზადება; ამათგან ხუთ გუნდს ("გურია", "სიონი", "ვიტ ჯორჯია", "მერანი", "მეშახტე") ამ კვირის ბოლოს თბილისში გასამართ "ზამთრის თასზეც" ვიხილავთ. ამის შემდეგ კი, ზოგი გუნდი უცხოურ შეკრებაზეც გაემგზავრება: უკვე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "მერანი", "გაგრა" და "ვიტ ჯორჯია" მოსამზადებელ ეტაპს უცხოეთში გაივლიან. საერთოდაც, სწორედ ეს სამი გუნდი მიგვაჩნია კიდეც ამ ახალ სეზონში ლიგა პრო 1-ში აღზევების უმთავრეს კანდიდატებად.
ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი მიქაძის დამოძღვრილმა "მერანმა" კი დაკარგა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი - ნიკა საბანაძე, ზვიად ქანთარია, დავით კუპატაძე, აკაკი წყაროზია; ჯერჯერობით გაურკვეველია გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი შულაიას ბედი.
თუმცა მატებაც არის: ამიერიდან მარტვილელთა გუნდის ღირსებას დაიცავენ როგორც გამოცდილი ახალწვეულები (რევაზ ბარაბაძე, დავით მაისაშვილი), ასევე - ახალგაზრდები (ვანო კურდღელაშვილი, ირაკლი რუხაძე).
ზეგამოცდილი მწვრთნელი ჰყავს "გაგრას": 2011 წლის სათასო ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, უკრაინელი სპეციალისტი ანატოლი პისკოვეცი სერიოზულ სელექციას აწარმოებს.
ახალ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" კვლავაც თენგიზ კობიაშვილი გაწვრთნის და "ვეტერინარები", სავარაუდოდ, არც ამჯერად უღალატებენ საკლუბო ტრადიციას და ძირითად აქცენტს საკუთარ აღზრდილ, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებენ.
რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ წლევანდელი სეზონის უმთავრეს ფავორიტებში უნდა მოვიხსენიოთ ის 3 გუნდიც, გარდამავალი ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ რომ დაემშვიდობნენ უმაღლეს ლიგას: ამ შემთხვევაში ლაპარაკია "სიონზე", "ზუგდიდსა" და "გურიაზე". ოღონდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ სამივე გუნდში სერიოზული საკადრო რეორგანიზაცია მიმდინარეობს და წლევანდელ სეზონსაც სახეშეცვლილი შემადგენლობით შეხვდებიან.
აი, კიდევ ერთი შარშანდელი უმაღლესლიგელის მდგომარეობაზე კი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სასიკეთოს ვერაფერს ვიტყვით. ხვდებით, ალბათ, რომ "ცხინვალს" ვგულისხმობთ, რომლის მთავარ მწვრთნელს, კახა კაჭარავას მართლაც უნდა თანავუგრძნოთ, რამეთუ გუნდიდან, ფაქტობრივად, თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი (გიორგი ნადირაძე, ჯაბა დვალი, დავით მაისაშვილი, ბიძინა მახარობლიძე, ბაქარ ქარდავა, გულვერდ თომაშვილი) წავიდა ან წასვლას აპირებს.
იმედს ვიტოვებთ, რომ "ცხინვალში" სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება და ამ გუნდსაც ექნება მაღალი ადგილებისათვის ბრძოლის ამბიცია.
მზადება დაიწყო დანარჩენმა სამმა გუნდმაც: ვარლამ კილასონიას დამოძღვრილი "რუსთავი" ადგილზე ემზადება (გუნდიდან წავიდა ერთ-ერთი ლიდერი, საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაური და გარემარბი ბექა ზაქრაძე), ისევე, როგორც გია გიგატაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამგურალი".
სხვათა შორის, წყალტუბოელთა გუნდში რამდენიმე საინტერესო სატრანსფერო სიახლეა და მათ შორის, ყველაზე ხმაურიანი, რაღა თქმა უნდა, გიორგი ნერგაძის გამოჩენაა "სამგურალში". თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კლუბებში ნათამაშები 34 წლის საყრდენი ნახევარმცველი "სამგურალში"... 15-წლიანი პაუზის მერე ბრუნდება.
სხვათა შორის, გასულ სეზონში "სამგურალის" წარმატებული ასპარეზობა მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო, ისე, როგორც კიდევ ერთი იმერული გუნდის: საქართველოს ნაკრების ისტორიაში მართლაც საუკეთესო მარჯვენა ნახევარმცველის, კახა გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეშახტემ", ბევრისთვის მოულოდნელად, შეძლო და პრო ლიგა 2-ში მონაწილეობის უფლება მოიპოვა!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფრეებზე თანხები მართლა ჯობია გააუქმონ და მოგებზა დაამატონ. სალაპარაკოც არავის ექნება და უფრო სამართლიანი იქნება...
ახლა დაიწყება მსაჯების მომართვა რომ რაც შეიძლება მეტი მატჩი დასრულდეს ფრედ ყოველი ასეთი მატჩის გან ხომ ფედერაცია 11000 ლარს მოიგებს და სხვა ფულის მოტეხვის ხერხი არ არსებობს აი სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული გუნდს ფრდ დასრულებულ მატჩს ერჩივნება მეტოქეს გაურიგდეს ეს მატჩი მასთან წააგოს ხოლო შემდეგ კი შინ გამართულ მატჩში თვითონ იმარჯვოს და იმ 11 000 არცერთი გუნდი აღარ დაკარგავს აი აქაა საძებარი ეშმაკობის გსააღები მაგალითად გამართული 4 მატჩიდან 2-ს ერთი მმოიგებს 2-ს მეორე და ძმურად გაიყოფენ 66 000-66 000 მაშინ როცა თითო მოგებისა და 2 ფრის შემთხვევაში ეს უკვე 55 000 იქნება ჩემო კარგებო და ასეთი მატჩები ბლომად იქნება განსაკუთრებით მაშინ როცა რომელიმე მეტოქე სოლიდური სხვაობით იქნება დაწნაურებული ცხრილში და ფინანსური წახალისებისათვის განაგრძობს თამაშს ამის კონტროლი კი ამდვილად ძალიან გაჭირდება დამერწმუნეთ
რომელმა გენიოსმა მოიგონა ფრეზე წახალისებს?ეს ხომ სუფთა პროფანაციაა,ხოლო თუკი მაინცადამაინც ასე გინდათ სისულელეში გადაყაროთ ფული, მაშინ გასვალზე ვინაც ფრე ითამაშა ის წაახალისეთ და არა ორივე კლუბი.
მოგება შინ უნდა იყოს უამღლეს ლიგაში 20 000 და გასვლაზე 30 000,ხოლო 1-ლ ლიგაში 15 000 გასვალზე და 10-000 საშინაოზე .სამართლიანობა აი ამაშია.