ცნობილია, რომ ახალი სეზონისთვის გუნდში საკადრო ცვლილებები მოხდა: საბა ლობჟანიძეს იჯარის ვადა ამოეწურა და თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა. გიორგი რეხვიაშვილსა და ლაშა გვალიას კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და კლუბიდან წავიდნენ. "ჩიხურაში" კი სამი ახალწვეული ჰყავთ: ზაზა ჭელიძისა და ბაქარ მირცხულავას გარდა, ცნობილი გახდა, რომ საჩხერელებთან კონტრაქტი ნიკა გელაშვილმაც გააფორმა.
"ჩიხურა" არსებობის ისტორიაში ვიცე-ჩემპიონი პირველად გახდა. მაგრამ "სამტრედიასთან" მარცხმა გუნდის მინუსებიც გამოაჩინა.
მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, ჩვენთვის სასურველ პოზიციებზე ადგილობრივი რესურსი თუ არ გვეყოფა", - ამბობს კლუბის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე.
ძველი არენის რეკონსტრუქცია
ჯერ კიდევ უცნობია, მომავალ წელს უმაღლესი ლიგის გუნდებს რა მოთხოვნებს წამოუყენებენ. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის ჩანაფიქრი არახალია - სფფ-ის თავკაცებს სურთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშები საღამოს, განათებაზე გაიმართოს, რათა ტურნირი უკეთ შეიფუთოს და საყურებლად უკეთესი იყოს. ცხადია, დავინტერესდით, ასეთი შემთხვევისთვის საჩხერელები თუ ემზადებიან:
"ინფრასტრუქტურის გამოსწორება ფეხბურთის ფედერაციის შესაძლებლობის ფარგლებს აღემატება. თუმცა, სახელმწიფო პროგრამით ამ მიზნისთვის გამოყოფილი ყოველწლიურად დასარიცხი 7 მილიონი ლარის გამოყენებაზე საკმაოდ გონივრული მიდგომა მოიფიქრეს - ამ თანხას გაანაწილებენ არა თანაბრად, არამედ, მათზე, ვინც სახსრების ნაწილს თავადაც მოიზიდავს.
ამ ეტაპზე განათებას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ სამი მოედნის საფრის შეცვლაზე ვფიქრობთ და სამივე ბუნებრივი იქნება. პირველი მათგანი ივანწმინდის სარბიელზე დაიგება, ორი კი - საჩხერის ძველ სტადიონზე. ამას გარდა, ერთი არასტანდარტული მოედანიც მოეწყობა, რომელსაც მეკარეების სავარჯიშოდ და ფიზიკური დატვირთვებისთვის გამოვიყენებთ, ბალახის საფარი სავარჯიშო სარბიელზე რომ არ გაფუჭდეს.
ეს პირველი ეტაპის გადაუდებელი ამოცანაა. ორ კომპანიას დაველაპარაკეთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ საჩხერის "ჩიხურა" საკუთარი სტადიონისა და მოედნების პრობლემას ამიერიდან აღარ წააწყდება".
შუკაკიძის თქმით, ბალახის საფარის დაგებაზე კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული:
"მომავალ წელს ისევ ივანწმინდაში ვითამაშებთ. მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ 2018 წლის დასაწყისისთვის საჩხერის არენა ისე მოვაწესრიგოთ, რომ განათებაც იყოს, გასახდელებიც, საშხაპეებიც, მსაჯების, დელეგატებისა და საექიმო ოთახები და ტრიბუნებიც თანამედროვედ მოვაწყოთ, საშინაო შეხვედრებს რომ ვუმასპინძლოთ".
საჩხერელთა ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, გუნდი შეკრებებს თურქეთში გაივლის:
"ორი შეკრება დაიგეგმა ანთალიაში და ორივე 12-12 დღით. თურქეთიდან 1 თებერვალს დავბრუნდებით. მერე ხანმოკლე პაუზა გვექნება, ისევ შევიკრიბებით და მეორე შეკრებაზე გავემგზავრებით, რომელიც 6-18 თებერვალს გვექნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"