გიორგი მიქაძე: "მერანის" მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, პრო ლიგა 1-ში მოხვედრა იქნება

AutoSharing Option
2016 წელს მარტვილის "მერანმა" გარდამავალ ჩემპიონატშიც კარგად ითამაშა და პრო ლიგა 2-ში თამაშის უფლებაც დაიბევა, არსებობის ისტორიაში პირველად კი, ეროვნული თასის ფინალშიც გააღწია. მშვენიერი სეზონის შემდეგ გუნდი შეიკრიბა და მზადებას შეუდგა.

მარტვილელებმა გარდამავალ ჩემპიონატში მართლაც რომ ჩინებულად იასპარეზეს. მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი მიქაძის დანიშვნა წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან ასეთ ასპარეზზე "მერანი" ჯერ არ გასულა.

36 წლის სპეციალისტი "ლელოს" არსებულ სიახლეებსა და მომავალ გეგმებზე ელაპარაკა:

"განვლილი სეზონი დადებითად შეიძლება შეფასდეს, რადგან ჩვენი მიზანი პრო ლიგა 2-ში მოხვედრა და დავით ყიფიანის სახელობის
თასზე მაქსიმალურად წარმატებული გამოსვლა იყო. ეს მისია შესრულებულია.

სამწუხაროდ, ფინალში წავაგეთ, მაგრამ პირველი ლიგის გუნდისთვის, რომელიც ახალი დაბალანსებულია და უფრო ნაკლები გამოცდილება აქვს, ესეც საპატიო შედეგია. სხვა თუ არაფერი, თასის გათამაშებაში უმაღლესი ლიგის ლამის ყველა ლიდერს მოვუგეთ და მხოლოდ "ტორპედომ" დაგვამარცხა. მაგრამ მაინც მიმაჩნია - უფრო მეტი სითამამე რომ გამოგვეჩინა, ფინალის მოგებაც შეიძლებოდა.

მთლიანობაში კი, ჩემპიონატსა და თასზე არაერთი კარგი თამაში ჩავატარეთ და ვფიქრობ, ეს ჩემს გუნდს დიდ გამოცდილებას შესძენს", - ამბობს გიორგი მიქაძე.

ახალი სეზონი იწყება და ბუნებრივია, გუნდს ახალი ამოცანები და გამოწვევები აქვს. მარტვილელთა დამრიგებელი გვიყვება, თუ როგორ ემზადება გუნდი, რა გეგმები აქვს და სად გაივლის შეკრებას:

"10 იანვარს შევიკრიბეთ და მზადება დავიწყეთ. ცხადია, ამხანაგური მატჩებიც დავგეგმეთ: 28 იანვარს მარტვილში წყალტუბოს "სამგურალს" ვეთამაშებით, 2 თებერვალს კი სპარინგი ბათუმის "დინამოსთან" გვექნება. ამის შემდეგ მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გავივლით, სადაც ორი კვირა დავრჩებით.

როგორც ვიცით, თურქეთში კარგი საწვრთნელი ამხანაგური შეხვედრა გვექნება და ვეცდებით, ეს პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ".

მიქაძემ ახალწვეულებზეც გვიამბო:

"რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელი დავიმატეთ, მათ შორის, ერთი - ლეგიონერია: 28 წლის გამოცდილი თავდამსხმელი, უკრაინელი სერგეი ტრეტიაკი. ჯერჯერობით, მასთან კონტრაქტი არ გაგვიფორმებია, მაგრამ დავიტოვებთ, რადგან თავი კარგად გამოავლინა. ტრეტიაკი უკრაინასა და გერმანიის რეგიონული ლიგის გუნდებში თამაშობდა და საშუალოდ, თამაშში გოლზე მეტი გაჰქონდა.

საერთოდ, ახალ სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, პრო ლიგა 1-ში მოხვედრა იქნება. მჯერა, ჩვენ ეს შეგვიძლია. გარანტიას ვიძლევი, ძალიან ანგარიშგასაწევი და კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება. ამაში ხელს გუნდში არსებული ატმოსფეროც გვიწყობს.

წინა წელთან შედარებაც არ შეიძლება, ახლა ისეთი ენთუზიაზმია. გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლესიდან ახალი გავარდნილები ვიყავით და უიმედობა იგრძნობოდა. მაგრამ ერთი გუნდი გავხდით. მთელი სტაფი, ხელმძღვანელობა და პერსონალი ერთი მიმართულებით ვმუშაობთ. ძალიან დიდ როლს ასრულებს ადგილობრივი გულშემატკივარი, ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ.

რაც შეეხება კლუბის ხელმძღვანელობას, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს აკეთებს, კარგად მუშაობის საშუალება რომ გვქონდეს. ჩვენი მხრიდან, ვცდილობთ, მათ იმედები გავუმართლოთ".

"მერანის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონატის ახალი მოდელიც შეაფასა:

"დღევანდელი პრობლემების გარდა, ჩვენს ჩემპიონატს ყველაზე მეტად ორგანიზება სჭირდებოდა. ჩემპიონატის ახალ სისტემასა და დაფინანსების ამ მოდელზე გადასვლით კი ყველას მოლოდინი და განწყობა გაგვიჩნდა. ჩემპიონატში ძალიან დაძაბულ მატჩებს ველოდებით.

პრო ლიგა 2-ის შემადგენლობას რომ გადავხედოთ, ისეთი გუნდები შეიკრიბნენ, იოლი გასეირნება არც ერთ თამაშში არ იქნება. ამავე დროს, ფეხბურთის განვითარების ფონდი ყველა კლუბს რაღაც დოზით დაეხმარება. მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომა ჩემპიონატის დონეს აუცილებლად ასწევს.

სიახლეებს ორგანიზების კუთხითაც ველოდებით და თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, დარწმუნებული ვარ, ეს ქართულ ფეხბურთს სასიკეთოდ წაადგება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოქრო კაცი,უეჭველი ითამშებენ პრო ლიგა 1-ში მომავალ სეზონში,წარმატებები მერანს!!!
მერანი
17:29 20-01-2017
0
კარგი მწვრთნელი ჰყავს მერანს და პრო1 ში გადმოსვლის პირველი კანდიდატი სწორედ მერანი იქნება. წარმატებები
სიმართლე
14:28 20-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული