"ზესტაფონი"-"ტორპედო" 1:0

AutoSharing Option
„ზესტაფონი” და „ტორპედო” სატურნირო ცხრილში ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულები არიან, მაგრამ ამ გუნდების წინა ორი დაპირისპირება სანახაობრივი და ძალზედ დაძაბული გამოდგა. პირველ წრეში „ზესტაფონმა” ბოლო წუთზე შეძლო რიონისპირელთა წინააღმდეგობის დაძლევა (2:1). ქუთაისური მატჩი კი „ტორპედოს” გამარჯვებით დასრულდა (1:0).

მას შემდეგ გია გიგატაძის გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. „ტორპედომ” არაერთი ცნობილი ფეხბურთელი დაიმატა და გათამაშების ლიდერთან გადადებულ მატჩსაც დიდ იმედებს უკავშირებდა, მაგრამ ქუთათურებმა ამ მატჩისთვის სამი წამყვანი - ფეხბურთელი თენგიზ ჩიკვილაძე, გიორგი დათუნაიშვილი და  გია მეგრელაძე მოისაკლისეს.

მეგრელაძის არყოფნაში გიგატაძე მხოლოდ ერთ ნომინალურ
ფორვარდს, ვახტანგ კვარაცხელიას დაეყრდნო, რომელსაც ფლანგებიდან ნახევარმცველები - გიორგი სეთურიძე და თორნიკე თარხნიშვილი ეხმარებოდნენ. განსაკუთრებით, სეთურიძის აქტიური თამაში უნდა ვახსენოთ, რომელიც საწყის წუთებში მარჯვენა ფლანგის ბატონ-პატრონი იყო, თუმცა, მეორე ტაიმში სხვა თანაგუნდელებთან ერთად ისიც ჩრდილში მოექცა. გია გეგუჩაძე ამ მატჩში ნაცად შემადგენლობასა და ტაქტიკას დაეყრდნო. ეგაა, ბოლო დროს ხიდეშელის ნაცვლად დაცვის ცენტრში  მამუკა კობახიძე თამაშობს და ახალგაზრდა ფეხბურთელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ძალზედ საიმედოდაც ირჯება.


იმერულმა დერბიმ გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია. ფანები ქუთაისიდანაც მრავლად ჩამოვიდნენ და „დავით აბაშიძეზე” 4000 -მდე ქომაგი შეიკრიბა. წინასწარვე უნდა ითქვას, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით მაინდამაინც გამორჩეული მატჩი არ ყოფილა, მაგრამ შეხვედრას დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, მაგრამ ქუთათურები თავს კარგად იცავდნენ და მწვავე კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ.

 

პირველი რეალური საგოლე მომენტიც მათ შექმნეს: მე-11 წუთზე ფარულავას სახიფათო თავური დარტყმისას კვასხვაძემ ითამაშა დიდებულად. ქუთაისელთა მომდევნო შეტევა კი კვარაცხელიას სახიფათო დარტყმით დასრულდა, თუმცა ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. ზესტაფონელებს გოლამდე რეალური ხიფათი არ შეუქმნიათ, თუმცა მათ პირველსავე სახიფათო კონტრშეტევას გოლი მოჰყვა-გელაშვილმა ფლანგიდან საჯარიმოს შუაგულში მცველებისგან უყურადღებოდ მიტოვებული დვალი მოძებნა, რომლის  დარტყმაც მიგინეიშვილმა ვერ შეიმაგრა და ბურთი ქუთაისელთა კარში აღმოჩნდა - 1:0.

 

გოლის შემდეგ მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც  შეეძლოთ. მათი სწრაფი კონტრშეტევა დვალის პასითა და გელაშვილის სახიფათო დარტყმით დასრულდა, თუმცა ამ ეპიზოდში კარგად ითამაშა მეკარე მიგინეიშვილმა. ტაიმის მიწურულს „ტორპედოც” გამოცოცხლდა და კვარაცხელიას ორჯერ მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. პირველ ეპიზოდში  თარხნიშვილის ჯარიმის შემდეგ მან ბურთს თავით ოდნავ შეუცვალა მიმართულება და კვასხვაძეს რომ არ ემარჯვა, ბურთი ზესტაფონელთა კარში აღმოჩნდებოდა. მე-40 წუთზე კვარაცხელიამ შორიდან უძლიერესად დაარტყა და კვასხვაძემ ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა. 

თუ პირველ ტაიმში „ტორპედო” კიდევ უწევდა წინააღმდეგობას ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ზესტაფონს”, მატჩის მეორე ნახევარი მთლიანად ზემოიმერლების კარნახით წარიმართა. 52-ე წუთზე აფციაურის ჩაწოდებას დვალის თავური დარტყმა მოჰყვა და მიგინეიშვილმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია. შესვენების შემდეგ მეორე სუნთქვა გაეხსნა თორნიკე აფციაურს: იგი ზესტაფონელთა შეტევების სულისჩამდგმელი იყო. 73-ე წუთზე მან მცველების გაბითურების შემდეგ შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები რატი წინამღვრიშვილი და თორნიკე გორგიაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ გორგიაშვილის ახლოდან დარტყმული მიგინეიშვილმა მოიგერია. აქტიურად ჩაერთო თამაშში წინამძღვრიშვილიც, რომელსაც ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა. 79-ე წუთზე მან ცუდ პოზიციაში მდგარ მიგინეიშვილს შორიდან დაუქუხა და ტორპედოელთა იღბალზე ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

 

მორიგი შეტევისას დვალის დარტყმა მეკარემ იქვე მოიგერია და წინამძღვრიშვილს აუღელვებლად შეეძლო გაეტანა, მაგრამ მეკარის მოტყუებაც განიზრახა და უაღრესად ხელსაყრელი მომენტიც გააცუდა. ქუთათურებს მეორე ტაიმში მასპინძელთა კარში ერთხელაც არ დაურტყამთ და შეხვედრაც ფეროელების შეტევებით დასრულდა. „ზესტაფონმა” ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა, „ტორპედო” კი კვლავაც უკეთესობის იმედზე რჩება; იმედზე, რომ ცნობილი „გვარ-სახელები” მალე ფეხბურთის თამაშსაც დაიწყებენ და გუნდს რეალურად გააძლიერებენ...


მატჩის შემდეგ

გია გიგატაძე: „ზესტაფონი” ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და როცა ასეთ გუნდთან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ გეყოლება, რთულია წინააღმდეგობის გაწევა. „ზესტაფონს” მალე თასზეც შევხვდებით და ცდას არ დავაკლებთ, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ.”

 

გია ჭიაბრიშვილი: „ძალიან რთული თამაში იყო. ბიჭებმა მოსაგებად მაქსიმუმი გაიღეს. მადლობა მათ ასეთი ბრძოლისათვის და თავდადებული თამაშისთვის.”

 

ზესტაფონი-ტორპედო 1:0

ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 4000 მაყურებელი
გოლი: 1:0 დვალი (23.გელაშვილის პასით)

 

ზესტაფონი
4-4-2
რ.კვასხვაძე
ალადაშვილი
კობახიძე
გ.ონიანი
ელიავა
აფციაური
დაუშვილი
ძარია
გრიგალაშვილი
დვალი
გელაშვილი
მწვრთნელი: გ.გეგუჩაძე


58. ძარია-გორგიაშვილი
68. გელაშვილი-წინამძღვრიშვილი
80. ელიავა-ბაბუნაშვილი

 

სათადარიგოები: მეშველიანი, ხიდეშელი, გრუიცა, ბენაშვილი

 

ტორპედო
4-5-1
მიგინეიშვილი
ფოფხაძე
ფარულავა
ს. თოდუა
გურული
სეთურიძე
მ. გიგაური
დიღმელაშვილი
ქებაძე
თარხნიშვილი
ვ. კვარაცხელია
მწვრთნელი: გ.გიგატაძე

 

46. გურული-გუგუჩია
46. გიგაური-ბაკურაძე
64. თარხნიშვილი-დოლიძე


სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, გ.ჩხეტიანი, გოცირიძე

 

გაფრთხილება: გიგაური (37), დვალი (38), ბაკურაძე (48), წინამძღვრიშვილი (78)

 

არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი).

 

 

 

.

 

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
არმოგწყინდათ ესეთი უჯიგრო თამაში თუ ძალით აკეთებთ??? იბრძოლეთ დამოვა გამარჯვებები გაგვახარეთ რა გახდა!!სამტრედია უნდა დავამარცხოთ უეჭველი!
kutaisiii
10:10 04-03-2011
0

სიახლეები პოპულარული