ფოთის "კოლხეთი": მზადება გაურკვევლობაში, ბაზისა და სტადიონის გარეშე

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" სეზონისთვის მზადებას შეუდგა. "კოლხები" სატრანსფერო ბაზარზე ჯერ დიდად არ აქტიურობენ.

მათი საკადრო სიახლეებიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 4 ფეხბურთელი დაიმატეს - ქუთაისის "ტორპედოდან" ავთო ენდელაძე, მოზირის "სლავიადან" (ბელორუსის უმაღლესი ლიგა) 22 წლის ცენტრალური მცველი პაპუნა მოსემღვდლიშვილი და ორი კენიელი - 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუის ტერა ხამადი და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მცველი ერიკ უმა ოტიენო. გუნდი დატოვეს რასიმ რამალდანოვმა და ლაშა ჯღამაიამ. პირველი - სამშობლოში დაბრუნდა და "გაბალაში" ჩაირიცხა, ჯღამაია კი პირველი ლიგის ბინადარ წყალტუბოს "სამგურალში" ითამაშებს.

სამწუხაროდ, "კოლხეთში" გაურკვევლობაა. კლუბი საკუთარი სტადიონისა და ბაზის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც ყოველი ვარჯიშისა და საკონტროლო თამაშისთვის მოედნის ძებნა უწევთ. გელა სანაია ფეხბურთელებს ჯერ ტყე-პარკში ტვირთავდა და სულ ორიოდე დღეა, რაც რაგბის სტადიონზე გადაინაცვლეს.

მაგრამ არის იმისი ალბათობაც, რომ "კოლხებმა" უმაღლესი ლიგის თამაშებს ფოთში ვერ უმასპინძლონ. "პარკი არენაზე" ახალ საფარს აგებენ და, ცხადია, იქ ჯერ ვერავის შეუშვებენ. დაძაბულ ტურნირში, სადაც თითოეულ ქულას და "საკუთარი კედლების" ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, ეს "კოლხეთისთვის" მოკავშირე ვერ იქნება.

ამ ყველაფრის გამო გელა სანაიას გაწვრთნილები საკონტროლო შეხვედრებს იმ გუნდთან გეგმავენ, რომელთაც თამაშის ორგანიზების საშუალება აქვთ. მაგალითად, ფოთელები პირველ სპარინგს წყალტუბოში, 3 თებერვალს "სამგურალთან" ჩაატარებენ.

ისე კი, საინტერესოა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ კლუბის საცოდაობა და მარტვილობა? რა გახდა ფოთში ერთი პატარა სტადიონის აშენება?

"ფაზისის" რეკონსტრუქცია 2008 წლიდან გადაწყვიტეს და ამის გამო ტრიბუნები დაანგრიეს, მაგრამ სტადიონს საშველი არა და არ დაადგა: წყალში თუ ვიღაცის ჯიბეებში დაილექა ტენდერებზე გამოყოფილი სახსრები, "ფაზისი" კი ისევ საცოდავ მდგომარეობაშია, გუნდის ბედი კი ვის ადარდებს? ამის გამო კოლხები ხან ლანჩხუთში თამაშობდნენ, ხან ქობულეთში, გარდამავალ ჩემპიონატში დახმარების ხელი მორაგბეებმა გაუწოდეს - "პარკი არენაზე" შეიფარეს, მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

ნუთუ, ასე ძნელია, ვთქვათ, ორიათასიანი ტევადობის სტადიონის აშენება და ბალახის დაგება?

ამას გარდა, კლუბს ჯერ არც კერძო სპონსორი ჰყავს და ფეხბურთელებს ამის გამო ვერ იმატებენ. ფაქტია, რომ უპირველესი ქართული გუნდი, რომელიც გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია იყო, იჩაგრება - არც შრომა უფასდება და არც ტრადიცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული