"კოლხეთში" სამი აფრიკელი ფეხბურთელია - სანაია ახალწვეულებით კმაყოფილია

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" სეზონისთვის მზადებას შეუდგა და ნელ-ნელა სატრანსფერო ბაზარზეც გააქტიურდა. გუნდის მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას აზრით, ახალწვეულები გუნდს გამოადგებიან...

"ენდელაძესა და მოსემღვდლიშვილს ვიცნობდი. ცხადია, კენიელების დონე მაინტერესებდა. უკვე ორივე ჩამოვიდა, ფოთში გუნდთან ერთად ემზადებიან და ვარჯიშების დროს მათზე დაკვირვების საშუალება მქონდა. აფრიკელებით კმაყოფილი დავრჩი და მიმაჩნია, რომ ლაშა ჯაკობიამ კარგი ფეხბურთელები ჩამოიყვანა. ლუის ტერას "ნიცას" მეორე გუნდში უთამაშია და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით მაინც მარცხენა მცველი ერიკ უმა ოტიენო მომეწონა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია. არ ვიცი, ბოლო წლებში
საქართველოში რომელიმე ნაკრების მოქმედი ფეხბურთელი ჩამოსულა? არ დაგავიწყდეთ, რომ ფიფას ბოლო რეიტინგში ჩვენ კენიას ლამის 40 საფეხურით ჩამოვრჩებით", - ამბობს გელა სანაია.

მისივე თქმით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ კიდევ ერთი აფრიკელი ფეხბურთელი ჩამოიყვანა:

"ეს ფეხბურთელი სენეგალიდანაა, გვარად - დაფი. შემტევი ნახევარმცველია. მასზეც იმავეს თქმა შემიძლია, რაც კენიელებზე - საკმაოდ კარგი მოთამაშე ჩანს. ამავე დროს, უკრაინელი ვლადიმირ კორობკა დაგვიბრუნდა და ესეც კარგი ამბავია".

სენეგალელ ახალწვეულზე ლაშა ჯაკობია გველაპარაკა:

"დაფი სენეგალის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობდა. 3 წლის წინ მადრიდის "ატლეტიკო B"-ში ჩაირიცხა, მაგრამ დაშავდა და ესპანეთში სულ ორიოდე თამაშის ჩატარება მოასწრო. ამ ამბიდან მალე მადრიდელებმა კონტრაქტი გაუწყვიტეს და ისევ სენეგალის გუნდში დაბრუნდა.

როცა დაველაპარაკეთ გადმოსვლაზე, დაგვთანხმდა და იმედია, "კოლხეთს" დაეხმარება".

სანაიას თქმით, გუნდის მორიგი ახალწვეული გიორგი ბუხაიძეა - თავდამსხმელი, რომელმაც თავი 2015/16 წლების ჩემპიონატში თერჯოლის "საპოვნელაში" გამოიჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ თერჯოლელები მაშინ ლიგიდან გავარდნენ, სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა, რაც "საპოვნელას" გოლების 62,5 პროცენტს შეადგენდა. გარდამავალ ჩემპიონატამდე 24 წლის თავდამსხმელი "საბურთალომ" მიიწვია, მაგრამ დაშავდა და თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონია:

"ბუხაიძის დამატებაზე სეზონის დასრულების შემდეგ ვფიქრობდით, რადგან საინტერესო და შედეგიანი თავდამსხმელია. მიხარია, რომ გიორგი ჩვენთან ითამაშებს".

ამიერიდან გუნდის მცველი გიორგი კილასონია მოგვარის, ფოთელთა კიდევ ერთი ახალწვეულის, ვარლამ კილასონია-უმცროსის მხარდამხარ ითამაშებს:

"ჩვენ ცენტრალური მცველი გვჭირდებოდა. რუსთაველებს ვთხოვეთ და შევთანხმდით, რომ ვარლამ კილასონია ჩვენთან გადმოვიდოდა. ახალგაზრდა კაცია, სადაც ითამაშა, საიმედოობით გამოირჩეოდა და მჯერა, გაგვაძლიერებს".

შეგახსენებთ, რომ ვარლამ კილასონია ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, გია კილასონიას ვაჟია და "რუსთავის" გარდა, "ცხინვალსა" და ბოლნისის "სიონში" თამაშობდა.

სანაიას თქმით, გუნდში მაინც რჩება პრობლემური პოზიცია:

"ფაქტობრივად, ჩვენი სატრანსფერო აქტიურობა დასრულდა. მხოლოდ თავდამსხმელის დამატება გვსურს და ახლა ვფიქრობთ, ეს პრობლემა როგორ მოვაგვაროთ. ცუდი ისაა, რომ სპონსორები არ გვყავს და ამის გამო სხვა გუნდებთან შედარებით საკადრო პრობლემების მოგვარების ნაკლები საშუალება გაგვაჩნია".

სანაია "კოლხეთის" სხვა პრობლემაზეც გველაპარაკა:

"ჩვენ საკუთარი სტადიონი და ბაზა არ გაგვაჩნია და სავარჯიშო მოედნის პოვნაც გვიჭირს. ბოლოს უფლება მოგვცეს, ფოთის "პარკი არენაზე" გვეთამაშა, მაგრამ თოვლის გამო რაგბის სტადიონზე ვერ შევდივართ".

კოლხების დამრიგებელმა მოსამზადებელი ეტაპის გეგმებიც გაგვიმხილა:

"სანამ საქართველოში ვემზადებით, საკონტროლო შეხვედრებს იმ გუნდებთან ვგეგმავთ, რომელთაც საკუთარი სტადიონი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი გააჩნიათ. ასეთ ზამთარში დასავლეთ საქართველოში ბუნებრივ საფარზე თამაში გამორიცხულია. მოკლედ, ამინდებზე ვართ დამოკიდებულები".

მალე "კოლხეთი" უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრება:

"თურქეთში შეკრება 10 ან 12 თებერვლის შემდეგ იგეგმება. დეტალები და სპარინგპარტნიორების ვინაობა ახლა ზუსტდება. დიდი ალბათობით, ანტალიაში მოვემზადებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბუხიგოლი ფოტს გვეიმედები წარმატებები გოლები გოლები გოლები
bbbb
08:13 08-02-2017
0
სბორებზე თუ არ დახარჯე და არ მოემზადე, ეგრე არ გამოვა. მთავარია სწორად დახარჯო, მაყუთი არ მოტეხო და რაც მთავარია იქ ივარჯიშო დაუზოგავად. და კიდევ მარტო ადგილობრივებით ვერავის გაზრდი, 21-ე საუკუნეში რა დროს კარჩაკეტილობაა.
haha
18:25 07-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული