- თბილისის "დინამო" და კახა კაჭარავა სიტყვიერად შეთანხმდნენ
მოდით, თანმიმდევრობით მიმოვიხილოთ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში განვითარებული მოვლენები...
რატომ კაჭარავა?
"დინამოდან" ვიაჩესლავ გროზნის წასვლის თაობაზე ქვემოთ წაიკითხავთ. თავდაპირველად, გროზნის შემცვლელზე უნდა დავწეროთ. შექმნილ ცაიტნოტურ სიტუაციაში არჩევანი ბევრი არ იყო და "დინამოს" ხელმძღვანელობამ ეს არჩევანი კახა კაჭარავას სასარგებლოდ გააკეთა.კაჭარავას ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. წარსულში ცნობილმა
ჯერ მის საფეხბურთო კარიერაზე ვთქვათ. სხვადასხვა დროს, "დინამოს" ძველ-ახალ თავკაცს უთამაშია ჩხოროწყუს "სამეგრელოში", ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "დინამოში", კვიპროსულ "ოლიმპიაკოსში", "ტრაბზონსფორში", "ტენის ბორუსიაში", "ჰომბურგში", "ვალდჰოფსა" და სამტრედიის "იბერიაში".
საქართველოს ნაკრებში კაჭარავამ სულ 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ დაიწყო სწორედ მისი სამწვრთნელო კარიერა. წვრთნიდა თბილისის "დინამოს", საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, "ზესტაფონს"... 2013 წლიდან ის ცხინვალის "სპარტაკს" (დღეს "ცხინვალად" რომ იწოდება) ჩაუდგა სათავეში და ვიდრე "დინამოში" ხელმეორედ დაუძახებდნენ, ამ გუნდს ხელმძღვანელობდა.
თბილისის "დინამოში" ყოფნისას კაჭარავა ვერ შესწვდა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, სამაგიეროდ, გუნდმა კინაღამ მაგრად გაგვახარა ევროთასებზე. ყველას კარგად ახსოვს "ცრვენა ზვეზდასთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება ევროპალიგის ეგიდით. მაშინ თბილისში 2:0 მოვიგეთ, მაგრამ საპასუხო, ბელგრადულ მატჩში, კარგი დასაწყისის (ანგარიში დინამოელებმა გახსნეს) შემდეგ, ავირიეთ და მართლაც გვარიანი შანსი ხელიდან გავუშვით...
განსაკუთრებით აღსანიშნავია კაჭარავას საქმიანობა "ცხინვალის" ("სპარტაკის") მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თამამად შეგვიძლია დავწეროთ, რომ ბოლო წლებში ის ამ გუნდის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. სწორედ კაჭარავას ხელმძღვანელობით ჩაწერა "ცხინვალმა" საკუთარი ისტორიის უმთავრესი ფურცელი და საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ევროპალიგაზეც ითამაშა. მართალია, ცხინვალელები პირველივე ორრაუნდიან დუელში დამარცხდნენ რუმინულ "ბოტოშანთან", მაგრამ მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ ეწერა "ცხინვალის" გასწვრივ - "საქართველო".
მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ "დინამოსა" და "ცხინვალში" მას მუშაობა უწევდა ისეთ პერიოდში, როცა არცერთ ამ კლუბს არ ულხინდა ფინანსურად. სწორედ ამ რთულ პერიოდში კაჭარავამ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დააწინაურა და რამდენიმე მათგანმა შემდეგ წარმატებითაც დაიცვა საქართველოს ნაკრების ღირსება.
მაინც, რატომ შეაჩერა არჩევანი კაჭარავაზე "დინამოს" ხელმძღვანელობამ? რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე ისინი უკეთესად გვიპასუხებენ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი ფაქტორი გვგონია.
სხვათა შორის, კაჭარავას ერთ-ერთი აღზრდილი ცოტა ხნის წინ გადავიდა "დინამოში" - საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა. თავის დროზე, როცა ქარდავა "ცხინვალში" მივიდა, მას ქართული საფეხბურთო საზოგადოება თითქმის არ იცნობდა. ახლა კი საწინააღმდეგო სურათი გვაქვს.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში კაჭარავას კიდევ ერთ დინამოელთან, ბაჩანა არაბულთანაც აქვს ნამუშევარი.
რატომ წავიდა გროზნი?
...უცნაური, ძალიან უცნაური ამბავი გამოვიდა. ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ის წავიდა ისევე მოულოდნელად, როგორც მოვიდა, თუმცა გულახდილნი ვიქნებით და ვიტყვით, რომ მოსვლაზე უფრო წასვლა იყო მოულოდნელი.უბრალოდ, ბოლოს მომხდარ ფაქტებს გავყვეთ: გროზნის ხელმძღვანელობით, გუნდმა ჩაამთავრა პირველი შეკრება. დაიწყო მეორე და ისე, რომ ერთი მატჩიც არ უთამაშია, მწვრთნელი წავიდა.
სადღაც, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რომ დარღვეულიყო "დინამოს" შინაგანაწესში, აუცილებლად გავიგებდით და პირველი შეკრების შემდეგ რომან ფიფიას გროზნის გაშვება რომ ნდომებოდა, ამას თბილისშივე გააკეთებდა და არა - მეორე შეკრების დასაწყისში, რამდენიმე დღეს მაინც აღარ დააკარგვინებდა გუნდს...
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. მით უმეტეს, ფიფიას უკვე აქვს შეკრებაზე მწვრთნელის მოხსნის გამოცდილება. დიახ, პირდაპირ შეკრებაზე - ასე მოუვიდა ესპანელ ალექს გარსიას, მწვრთნელს, რომელიც, როგორც მე ვიცი, ძალიან უყვარდათ ფეხბურთელებს. და ეს სტრიქონები რომ იწერება, გარსია "დინამოს" მწვრთნელობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად მოიხსენიება ივო შუშაკთან ერთად, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი კაჭარავას სასარგებლოდ გაკეთდა...
და მაინც, რატომღაც მგონია, რომ ახლა ფიფიას ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა გროზნის მოხსნა. უკრაინელმა მწვრთნელმა საქართველოში საქმიანობის მოკლე პერიოდში ბევრი ვერაფერი მოასწრო, მაგრამ თუ არაფერი გაუკეთებია, არც არაფერი გაუფუჭებია.
მართალია, "დინამომ" საკადრისად ვერ ჩაამთავრა საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატი და ევროტურნირების მიღმაც დარჩა, მაგრამ ამას, ალბათ, შეგუებულიც (რაღაც დოზით, რა თქმა უნდა,) კი იყო კლუბის ხელმძღვანელობა. მტკივნეული იყო სათასო მარცხი ქუთაისის "ტორპედოსთან", თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი ლოგიკური ახსნა. მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ვარ ვიაჩესლავ ვიქტორის ძის სამწვრთნელო ნიჭის მეხოტბე, მას ჯადოსნური ჯოხი არ ჰქონდა, ერთი მოქნევით რომ შეეცვალა სიტუაცია...
არის მეორე მომენტიც. გროზნის დახვდა დემორალიზებული და ფსიქოლოგიურად მოშლილი გუნდი, რომელსაც უკვე აღარ ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა და ფეხბურთელების ნახევარზე მეტმა იცოდა, რომ მომავალ სეზონში ვეღარ ან აღარ ითამაშებდა "დინამოში"...
პირველ შეკრებას რაც შეეხება, მართალია, გროზნის "დინამოს" ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ არც ისეთი შედეგი უჩვენებია, რომ გუნდიდან მისი წასვლის საკითხი დამდგარიყო.
მან უკრაინელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "დინამოდან" მისი წასვლის შესახებ არაფერი იცის და რომ გაარკვევს სიტუაციას, მაგრამ ძალიან ვეჭვობ, ასე იყოს. როგორც "დინამოში" გვითხრეს, ის კვირას, ღამით გაემგზავრა უკრაინაში და უნდა ვივარაუდოთ, რომ მწვრთნელი თვითნებურად არ მიატოვებდა შეკრებას. უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას ბატონ ვიაჩესლავს არსად უხსენებია ოჯახური პირობები (რაზეც "დინამოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო მითითებული).
- ვიაჩესლავ გროზნი: თბილისის "დინამომ" ჩემი წასვლის შესახებ გამოაცხადა? არაფერი ვიცი
- ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოს" აღარ გაწვრთნის
როცა მწვრთნელისა და გუნდის გზები იყრება, საქმეში ეტიკეტის ამბავი ერთვება და საკითხის ასეთი ფორმულირება საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, ცხადია, არაფერს გამოვრიცხავთ...
ანუ მოხდა რაღაც ისეთი, რამაც "დინამოსა" და გროზნის დაშორება გამოიწვია. თუ რა იყო ეს, ამაზე მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. არადა, რამდენიმე დღის წინათ უკრაინელი სპეციალისტი ისეთი გატაცებითა და ენთუზიაზმით ლაპარაკობდა "დინამოზე", გუნდიდან ნებით წამსვლელს არ ჰგავდა.
- რომც იწუწუნონ, ქართული მაინც არ მესმის... გროზნი დინამოელთა 4-ჯერად წვრთნაზე
ამიტომ, ის, რასაც ახლა დავწერთ, მხოლოდ ჩვენი ვარაუდია. მას შემდეგ, რაც გროზნი "დინამოს" მწვრთნელად დაინიშნა, საფეხბურთო კულუარებში გამუდმებით დადიოდა ხმები, რომ მისი სამსახურით ერთ-ერთი ყაზახური კლუბი იყო დაინტერესებული...
ის კი არა, ქართულ საფეხბურთო ამბებში კარგად ჩახედულმა ერთმა პიროვნებამ ორი თვის წინათ ისიც კი მითხრა - აგერ, ნახავ, თუ გროზნი მალე არ წავა ყაზახეთშიო. რაღაც, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს. ოღონდ ყაზახეთზე რა მოგახსენოთ და, "დინამოდან" კი წავიდა...
არის მეორე ვერსიაც: გროზნიმ დააგვიანა შეკრებაზე, ან რაღაც ამდაგვარი.
ყველაფერს დრო გასცემს პასუხს, მთავარი კი შედეგია, რომელიც უკვე სახეზეა.
ამბობენ, ცხოვრება დიდი აბსურდიაო. ფეხბურთი კი, ზოგადად, უფრო დიდი აბსურდია. აგერ, სულ ცოტა ხნის წინ იყო, ბატონი ვიაჩესლავი თავის გრანდიოზულ გეგმებზე რომ საუბრობდა და... უცებ ეს ამბავი მოხდა...
რას ვიზამთ - სადაც მწვრთნელია, იქ ჩემოდანიც უნდა იყოს!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"