[ოთხშაბათის საკითხავი] ეს უნდა დასრულდეს!

AutoSharing Option
რა შედეგიც უნდა ჰქონდეს თბილისის "დინამოს" და რა ამბიციები თუ გაქანება, ის მაინც დარჩება ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთ მთავარ საჯილდაო ქვად და, ბევრის აზრით, სანამ "დინამო" საბოლოოდ არ დაუსხლტება კრიზისს, მანამდე არც ქართული ფეხბურთის საშველი იქნება...

...სხვა საკითხია, ამ სტრიქონების ავტორი იზიარებს თუ არა ამ მოსაზრებას. იქნებ ერთი კონკრეტული კლუბის შეჭირვებაზე მეტად ქართულ ფეხბურთს უკან სხვა ფაქტორები ექაჩებოდეს, მაგრამ ეს აზრი არსებობს და ის კიდევ ერთხელ მიუთითებს "დინამოს" მნიშვნელობასა და ხვედრით წონაზე ქართულ ფეხბურთში.

ამ წერილს რომ ვწერ, ჩვენი გაზეთის ამავე
ნომრისთვის მზადდება ფაქტებით გაჯერებული წერილი "დინამოში" ბოლო დროის სამწვრთნელო ცვლილებებზე. აქ მე მოვერიდები ციფრებთან და ფაქტებთან ჭიდაობას, უბრალოდ, დავწერ - 13 ცვლილება 6 წელიწადში ძალიან ბევრია! ძალიან! იმდენად ბევრი, რომ აღარც კი იცი, რა დაწერო.

რა თქმა უნდა, ეს არ არის "პალერმოს" შემთხვევა, სადაც ოდიოზური პრეზიდენტი სეზონში სამ-ოთხჯერ მაინც ცვლის მწვრთნელს, მაგრამ უთუოდ განსაკუთრებული ფაქტია ქართულ საფეხბურთო რეალობაში.

პირდაპირ და შეულამაზებლად უნდა დავწერო ჩემი აზრი ამის თაობაზე: თუ "დინამოში" არ მორჩება კალეიდოსკოპური სისწრაფით მწვრთნელების ცვლა, მაშინ მას წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ ექნება. ჭკვიანი ხალხი ამბობს - ახალ გუნდში მწვრთნელს 6 თვე მაინც სჭირდება ადაპტაციისთვისო და რაზეა საუბარი, როცა "დინამოში" ნახევარ წელიწადში ერთხელ იცვლება მწვრთნელი.

სხვა საქმეა, რა და როგორ იყო ადრე, მაგრამ დღეს კლუბში არის ხალხი, ვინც კარგად იცის ფეხბურთი და, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ისინი დამეთანხმებიან, რომ მწვრთნელთა ხშირი ცვლა საქმეს უფრო აზიანებს, ვიდრე შველის. კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ფეხბურთში გამოცდილი კაცია და მანაც უნდა იცოდეს, რომ სტაბილურობის გარეშე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ მგონია, რომ ორიოდ დღის წინ "დინამოდან" ვიაჩესლავ გროზნის წასვლა ყველაზე ნაკლებად შედიოდა კლუბის ხელმძღვანელობის ინტერესში. მოვა დრო და ყველაფერს გავიგებთ, მაგრამ ახლა ასე მგონია.

ეს "ტრადიცია" ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს "დინამოში". მწვრთნელი ახალ გუნდში რომ მიდის, ყველაფერს აკვირდება. რა თქმა უნდა, ის აკვირდება იმასაც, თუ რამდენ ხანს იმუშავეს მისმა წინამორბედებმა. შიშით კი არა, ძალიან ხშირად ამ ცხოვრებაში შიშის გარეშე დაწყებული საქმე არ გამოდის და...

დიახ, უნდა დასრულდეს თუნდაც იმიტომ, რომ ამ ახალგაზრდულ გუნდს სჭირდება მწვრთნელი, რომელიც წნეხის გარეშე იმუშავებს გუნდთან და რომელსაც ფეხის პირველი დაცდენისთანავე კარისკენ არ მიუთითებენ.

სხვანაირად წარმატება არ მოვა, გამორიცხულია!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მადლობ ალეკო, ის თქვი რაც მეც და ალბათ გულშემატკივართა უმრავლესობას აწუხებს
Akaki
22:55 15-02-2017
0
ამოიღეთ თბილისის დინამო 5 წლით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან.
დააბრუნეთ ზესტაფონი მომავალის წლიდან უმაღლეს ლიგაში.გაზარდეთ ლიგა ისევ 16 კლუბამდე ფინანსისრების მინიმუმის 3 მილიონი ლარის დაწესებით.
დაინახავთ რომ ქართული ფეხბურთი დინამოს გარეშე მართლა აღმასვლით წავა, ის დრეს ღუზაა და არა გემი,სანამ ის ამ უაზრო ფორმით არსებობს მანამდის მთელი აქცენტები
მასზეა გადატანილი და აქედანაა ყველა იდიოტიზმი
Guadua
18:24 15-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული