კახა ჩხეტიანი: რეალურად, მოსკოვის "დინამოს" ფიზიკურ მომზადებაში არ ჩამოვრჩით

AutoSharing Option
როგორც ვწერდით, ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო შეხვედრა მოსკოვის "დინამოსთან" გამართა და 1:0 მოიგო. თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა ქუთათურთა თავკაცმა კახა ჩხეტიანმა:

- ქუთაისური გაკვეთილი - "ტორპედომ" მოსკოვის "დინამოს" სპარინგი მოუგო [VIDEO]

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ბევრ მოთამაშეს ვირუსი შეეყარა და 9 მოთამაშის არყოფნამ საწვრთნელ პროცესში ხელი შეგვიშალა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოველებთან ბევრი მოთამაშე გვაკლდა, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი დავრჩი - ბურთის ფლობა, კომბინაციური ფეხბურთი... რეალურად, მეტოქეს ფიზიკურ მომზადებაში არ ჩამოვრჩით", - ამბობს
ჩხეტიანი.

მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე, ქუთაისის "ტორპედოსა" და მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა მოხდა. ამას წინაპირობაც ჰქონდა. 57-ე წუთზე, მერაბ გიგაურს რუსების ნახევარმცველმა ბურთისთვის ბრძოლისას ბუცები ფეხში მეტისმეტად მტკივნეულად ჩასცხო. გავიდა ერთი წუთი და რუსებმა ქუთაისელთა ნახევარზე ბურთი ისევ დაკარგეს. გიორგი გურულმა ბურთისთვის ბრძოლა ტექნიკურად მოუგო "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერს, პაველ პოგრებნიაკს, ამ უკანასკნელმა კი გურული უკნიდან უხეშად მოცელა.

ქართველი წყობიდან გამოვიდა და უკან არც რუსმა დაიხია. თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა და არბიტრმა ორივე მათგანს ყვითელი ბარათი უჩვენა.

და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც ქუთაისელებს ეხებათ. ცნობილია, რომ საფეხბურთო სეზონი ქვეყნის ჩემპიონ "სამტრედიასა" და თასის მფლობელ "ტორპედოს" შორის სუპერთასის მატჩით დაიწყება. თავდაპირველად, ფეხბურთის ფედერაციას მატჩის გამართვა მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 28 თებერვალს სურდა, მაგრამ გადაწყვეტილება შეიცვალა და მატჩის თარიღმა ორი დღით ადრე, 26 თებერვალს გადმოიწია. "ტორპედო" თურქული შეკრებიდან 22 თებერვალს დაბრუნდება.

მოახდენს თუ არა სუპერთასის თარიღის შეცვლა გავლენას ტორპედოელთა მზადების პროცესზე? ქუთაისელთა პრესსამსახურთან ჩხეტიანმა ამაზეც ილაპარაკა:

"თარიღის შეცვლა ჩვენს გეგმაზე არ იმოქმედებს. ჩამოვალთ და სუპერთასის მატჩისთვის ვარჯიშს ისე გავაგრძელებთ, რომ თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს გუნდი მუდამ უხეში თამაშით გამოირჩეოდა, ამიტომაც არავის უყვარდა. თუ გიორგიმ კარგად უთავაზა გაახაროს უფალმა.
gizog
14:40 17-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული