მთავარი შედეგია...

AutoSharing Option
"ოლიმპსა" და "სპარტაკს" აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვთ ამ სეზონში და რა გასაკვირვია, რომ გუშინდელი მატჩის წინ ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ. საბოლოოდ, შეხვედრა "ოლიმპის" გამარჯვებით კი დამთავრდა, მაგრამ რუსთაველთა გუნდის თამაშს "საჩემპიონო" ნამდვილად არ ეთქმოდა; უფრო მეტიც: გუშინდელი დაპირისპირება ყაიმით რომ დამთავრებულიყო, ალბათ, ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა.

თუმცა, მატჩის შემდეგ გამოუყენებელ მომენტებსა თუ სხვა "გარეშე ფაქტორებზე" საუბარი ხომ არაფერს შეცვლის: გამოცდილების (გნებავთ, კლასის) ხარჯზე მასპინძლებმა მაინც შეძლეს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა
და არადამაჯერებელი ასპარეზობის მიუხედავად, მეტად და მეტად საჭირო სამი ქულა მოიპოვეს.
გამოცდილება და კლასი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: "ოლიმპმა", ფაქტობრივად, ერთადერთი საგოლე მომენტი შექმნა (ისიც, მეტოქის "დახმარებით") და ის შეტევაც ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

თუმცა, ისეც არ გვინდა ვინმემ გაიგოს, თითქოს მთელი მატჩი სტუმართა დომინირებით მიმდინარეობდა და გრიგოლ ბედიაშვილის კართან მომენტი-მომენტს ცვლიდაო; არა, ასე ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ის კი დასაფასებელია, აუტსაიდერმა გუნდმა მოქმედ ჩემპიონს ტოლი რომ არაფერში დაუდო და მართლაც ცოტა დააკლდა, რუსთავიდან ქულა წამოეღო.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. განსაკუთრებით "ოლიმპის" ფლანგის ნახევარმცველები (რევაზ გეწაძე, ირაკლი მაისურაძე) აქტიურობდნენ, მაგრამ რეალურ მომენტებამდე საქმე არ მისულა; ამასთან, ისე როგორც წინა მატჩებში, კვლავაც საიმედოდ ასპარეზობდა "სპარტაკის" გამოცდილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და მალე, "სპარტაკის" ორი მწვავე კონტრშეტევაც ვიხილეთ: ერთ ეპიზოდში ბესიკ დეკანოიძის პასით ზვიად მეტრეველს მახვილი კუთხიდან გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილმა საიმედოდ ითამაშა. მანამდე კი ერთობ საკამათო ეპიზოდიც მოხდა, თამაშის დროსაც და მატჩის დასრულების შემდეგაც არაერთგვაროვანი შეფასება რომ მოჰყვა; მეტრეველმა სიღრმიდან პასი მიიღო და ალექსანდრე კვახაძესთან ძალისმიერ ორთაბრძოლაში მასპინძელთა კარში ბურთის ზუსტად დარტყმაც მოახერხა, მაგრამ... მსაჯის სასტვენის შემდეგ. ტრიბუნიდან ისე ჩანდა, ვიდრე დაარტყამდა, "სპარტაკის" ფორვარდმა ბურთი ხელით გაისწორა და, ალბათ, ამიტომაც დაისაჯა ყვითელი ბარათით. თანაც, ამ გაფრთხილების გამო მეტრეველს მომდევნო მატჩის გამოტოვება უწევს და ამის გამოც ვერ მალავდნენ აღშფოთებას სტუმართა სამწვრთნელო შტაბი თუ ხელმძღვანელობა.

სხვათა შორის, პირველი ტაიმის ბოლოს ოდნავ მიმსგავსებული სიტუაცია შეიქმნა სტუმართა კართანაც: ლუკა რაზმაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სასტვენის მერე მოხდა ყველაფერი (ლაინსმენმა, ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა მაინც დააფიქსირა) და "ოლიმპის" საყრდენმაც გაფრთხილება დაიმსახურა. აი, პირველ ტაიმში სულ ეს იყო "საინტერესო", თუ არ ჩავთვლით მასპინძლების ერთადერთ დარტყმას სტუმართა კარში: ირაკლი მაისურაძემ "ერთი შეხებით" სცადა გოლის გატანა, მაგრამ გრიშიკაშვილმა ამჯერადაც უშეცდომოდ ითამაშა.

მოვლენებით "დახუნძლული" არც მეორე ტაიმი ყოფილა, სამაგიეროდ გოლი ვნახეთ: ირაკლი მაისურაძის წამოწყებულ შეტევას "სპარტაკის" გამოცდილი მცველის ბოიომო ფრიდოლინის შეცდომა მოჰყვა, რის შედეგადაც ბურთი კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ რევაზ გეწაძეს მიუვიდა და ანგარიშიც გაიხსნა. გოლის მერე თამაში "გაიხსნა" და სულ მალე ამ შეხვედრის, უდავოდ, გამორჩეული მოთამაშის ვალერი ბოლქვაძის დარტყმა მცირე მანძილით აცდა მასპინძელთა კარს.

"სპარტაკს" კიდევ ჰქონდა ერთი რეალური შანსი, როცა შეცვლაზე შემოსული ვალერი კილასონიას დარტყმული ბურთი ზვიად მეტრეველს მიუვიდა, რომელიც უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე იმყოფებოდა, მაგრამ მასპინძლები გიორგი რეხვიაშვილმა გადაარჩინა. მატჩის ბოლოს "სპარტაკმა" რამდენიმე იერიში მიიტანა მეტოქის კართან, მაგრამ ბედიაშვილიც საიმედოდ თამაშობდა და "ოლიმპმაც" აუღელვებლად შეძლო სამი ქულის მოპოვება.

ზემოთ ბოლქვაძე ვახსენეთ და კიდევ ერთხელ გვინდა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის ეფექტურ თამაშს ხაზი გავუსვათ; მოგეხსენებათ, მხოლოდ ჩვენთან კი არა, თანამედროვე ფეხბურთშია "კლასიკური" გამთამაშებლების დეფიციტი და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი სასიამოვნო გამონაკლისი სწორედ ვალერი ბოლქვაძე გახლავთ. თანაც, ფეხბურთს ხომ არასტანდარტული მოქმედებები ამშვენებს: ეფექტური ფინტები, შორ და საშუალო მანძილზე მეტოქეთათვის "დაფარული" გადაცემები და ასე შემდეგ...

P.S. მატჩის დასრულების შემდეგ დაგვიკავშირდნენ "სპარტაკის" წარმომადგენლები და გვამცნეს: ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ მეტრეველს ხელით არ უთამაშია და თავიანთი წამყვანი ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათის გაუქმების მოთხოვნით დღეს ფეხბურთის ფედერაციასაც ესტუმრებიან.


ოლიმპი-სპარტაკი 1:0
07.03. რუსთავი. ფოლადი. 800 მაყურებელი
1:0 გეწაძე (52)

ოლიმპი სპარტაკი
4-4-2 4-2-3-1
ბედიაშვილი გრიშიკაშვილი
მურველაშვილი სეფიაშვილი
კვახაძე ტეტუნაშვილი
რეხვიაშვილი ბოიომო
დობროვოლსკი ოთარიშვილი
ი. მაისურაძე მამუჩიშვილი
რაზმაძე ჭაფოძე
დ. ბოლქვაძე დეკანოიძე
გეწაძე ვ. ბოლქვაძე
მოდებაძე კლოვისი
იაშვილი მეტრეველი

მწვრთნელი მწვრთნელი
თ. მაისურაძე ბ. კვარაცხელია

ოლიმპი
46. იაშვილი-უგულავა
64. დ. ბოლქვაძე-ქავთარაძე
71. ი. მაისურაძე-ქურდობაძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჯაფარიძე, ქემოკლიძე, ტყემალაძე

სპარტაკი
60. ტეტუნაშვილი-ალავიძე
63. დეკანოიძე-მ. ჯიშკარიანი
74. სეფიაშვილი-კილასონია
სათადარიგოები: დაუშვილი, ნარიმანიძე, კაკაშვილი, უგრეხელიძე

გაფრთხილება: მეტრეველი (21), რაზმაძე (45), დ. ბოლქვაძე (50), მურველაშვილი (90).
არბიტრი: თ. გვანცელაძე (სამტრედია).





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული