ეროვნული ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოს XXIX ჩემპიონატიც დაიწყო! უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს ჩემპიონატი ყველა წინა სეზონისაგან განსაკუთრებულად განსხვავებული უნდა იყოს და ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს, რომ მხოლოდ როგორც "განსხვავებული" კი არა, არამედ განსაკუთრებით გამორჩეულად დაგვამახსოვრდეს!..

სიახლეებია, იცოცხლეთ, რამდენიც გნებავთ: ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შემცირება, ახალ ფორმატზე ("გაზაფხული-შემოდგომა") გადასვლა და რაც მთავარია, ბონუს-სისტემის ამოქმედება, როცა ყოველი ქულა ამა თუ იმ გუნდს არცთუ მცირე ფინანსურ სარგებელს მოუტანს!

თუმცა ეს ჯერ კიდევ არასრული ჩამონათვალია... ზედ ახალი სეზონის დაწყების წინ ერთდროულად რამდენიმე საინტერესო სიახლეც გაჟღერდა: დასახელება შეეცვალა ყველა
ლიგას, მოვისმინეთ ჩემპიონატის ახალი ჰიმნი, გაგვაცნეს ახალი ლოგო, უდიდესი ყურადღება მიექცევა მატჩების გაშუქებას (ტურის, ფაქტობრივად, ყველა დაპირისპირებას რომ იხილავს ტელემაყურებელი და მერე კი, ტურის მიმოხილვას)...

არანაკლებ სიახლედ მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ აწ უკვე ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე თითოეულ ფეხბურთელს მაისურზე, მუდმივი ნომრის გარდა, გვარიც ეწერება, თანაც, ქართულად!

მოკლედ, ახალ სეზონს იმედიანად ვხვდებით და ახლა უკვე ჯერი ჩვენს მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზეა: სწორედ მათმა მონდომებამ უნდა მიიყვანოს კიდეც გულშემატკივარი სტადიონზე.

- რაჟამაშვილის გასროლა - ეროვნული ლიგა. I ტური. TOP 3 გოლი [VIDEO]

ყველაფერი პირველი!
XXIX ჩემპიონატის პირველი მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც ქვეყნის ჩემპიონის რანგში მოასპარეზე "სამტრედიამ", ბევრისთვის მოულოდნელად, ვერ შეძლო "შუქურას" დამარცხება და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ათი გუნდიდან მხოლოდ ორმა ვერ შეძლო სეზონისწინა უცხოური შეკრების გავლა და ერთ-ერთი სწორედ ქობულეთელთა გუნდი იყო.

თუმცა, გია გურულის დამოძღვრილმა გუნდმა (თანაც, არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით) მაინც მოახერხა და ახალი სეზონი მეტად "ფასეული" ქულით დაიწყო. ამ მატჩში გავიდა XXIX ჩემპიონატის პირველი გოლიც: მასპინძელთა 28 წლის გარემარბმა დავით რაჟამაშვილმა ეფექტური და უზუსტესი დარტყმით "შუქურას" მართლაც კარგ მეკარეს, აზამატ ჯიოევს შანსი არ დაუტოვა!

სხვათა შორის, ამავე მატჩში დაფიქსირდა ახალი სეზონის პირველი გაძევება: სტუმართა კიდევ ერთმა და ასევე "ხარისხიანმა" ლეგიონერმა ჯეფინიომ მოედანი ნაადრევად, ორი გაფრთხილების გამო დატოვა.

პირველი ტურის მეორე დღეს კი უკვე პირველი გაცუდებული პენალტიც ვიხილეთ: ბათუმის "დინამოს" შარშანდელი წარმატების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, 26 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა თორნიკე თარხნიშვილმა "ლოკომოტივთან" მატჩის... პირველსავე წუთზე ვერ შეძლო მასპინძელთა გამოცდილი მეკარის, რევაზ თევდორაძის მოტყუება.

პირველი დუბლი
პირველი ტურის მერე ბომბარდირთა დავას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს: "ლოკომოტივის" ახალწვეულმა, 26 წლის ცენტრფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ ბათუმის "დინამოს" კარში ერთმანეთზე უკეთესი 2 გოლი გაიტანა!

სხვათა შორის, პირველი ტურის, ალბათ, ყველაზე სანახაობრივ ამ მატჩში სიხარულიძეს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო და "პოკერისაც", თუმცა, კიდევ ორ ხელსაყრელ ეპიზოდში არ გაუმართლა.

სიხარულიძეს უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებში სადაც კი უთამაშია (თბილისის "დინამო", "მეტალურგი", "ზესტაფონი", "სიონი"), დუბლი ყველგან შეუსრულებია. განსაკუთრებულად წარმატებული სეზონი კი "სამტრედიაში" ჰქონდა, როცა 2015/16 წლების ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა.

ბოლო წუთების გმირი
პირველ ტურს კიდევ ერთი გმირი ჰყავდა: "საბურთალოს" 18 წლის ნახევარმცველი გიორგი კოხრეიძე "ტორპედოსთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა და ბოლო წუთზე სწორედ მისმა ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა კიდეც ორი ღირსეული მეტოქის დაპირისპირების ბედი!

საერთოდაც, "საბურთალოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირებათა ისტორია დიდ დროს არ ითვლის, მაგრამ რაც კი შეხვედრიან ეს გუნდები ერთმანეთს, მუდამ დიდი ინტრიგაა ხოლმე, ისევე, როგორც სულ პირველ პაექრობაში, როცა 2015/16 წლების სეზონის პირველ წრეში თბილისში, "ბენდელას" სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა დაუვიწყარი სანახაობა იხილა: "საბურთალოსა" და "ტორპედოს" შორის მატჩი 4:4 დამთავრდა!

"საბურთალოს" მაშინაც გიორგი ჭიაბრიშვილი მოძღვრავდა და სწორედ მოვლენებით დახუნძლულ იმ შეხვედრაში იყო, კოხრეიძემ დუბლი რომ შეასრულა, ოღონდ ეს არ ყოფილა ამ ჭაბუკის პირველი გოლ(ებ)ი უმაღლეს ლიგაში! მანამდე იყო საშინაო მატჩი "ზუგდიდთან", სადაც შეცვლაზე შემოსულმა 16 წლის კოხრეიძემ უკანასკნელ წამებზე ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა მეტოქის კარში!..

დინამოში ბრუნდებიან...
ისე, როგორც სულ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში, თბილისის "დინამოს" სასტარტო მატჩი ამჯერადაც ფოთის "კოლხეთთან" ჰქონდა: აღსანიშნავია, რომ 27 წლის წინანდელი იმ მატჩის მონაწილე ამჯერადაც მოვლენების ეპიცენტრში გახლდათ, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, სხვა ამპლუაში: თბილისის "დინამოს" (იმდროინდელი "იბერიას") მაშინდელი ცენტრფორვარდი კახა კაჭარავა დღესდღეობით ხომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელია!

სხვათა შორის, კაჭარავა "დინამოს"თავკაცის რანგში 6-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა; ასევე სხვადასხვახნიანი პაუზის მერე დაბრუნდნენ "დინამოში" ლაშა თოთაძე, გიორგი გველესიანი და ბაჩანა არაბული. აი, ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებული ვეტერანი ლაშა სალუქვაძე კი "დინამოში" 12-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა!

ახალი ლეგიონერები
წინა, გარდამავალი ჩემპიონატი ერთობ შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდა (ფაქტობრივად, 4 თვე გრძელდებოდა); თუმცა სწორედ გარდამავალ ჩემპიონატში დაფიქსირდა ლეგიონერთა სარეკორდო რაოდენობა: 50 (!) უცხოელი ფეხბურთელი ვიხილეთ!

ძნელი სათქმელია, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს სარეკორდო მაჩვენებელი, მით უფრო, რომ XXIX ჩემპიონატი, წინასგან განსხვავებით, ბევრად უფრო ხანგრძლივია (36 ტურია!) და, აქედან გამომდინარე, ნურავის გაუკვირდება, რომ ლეგიონერთა მიგრაციამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.

სხვა საკითხია, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ეს უკვე რეალური თუ პოტენციური უცხოელი ახალწვეულები... ჩვენი ჩემპიონატის დონეს! ჰო, ასეა: რამდენიც გნებავთ, იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა დიდი ზარზეიმით ჩამოყვანილ ამა თუ იმ უცხოელ ფეხბურთელს თავისი ქართული კარიერის უმეტესი ნაწილი... სათადარიგოთა სკამზე გაუტარებია!

იმედი დავიტოვოთ, რომ XXIX ჩემპიონატში საპირისპირო სიტუაცია იქნება და ახალი ლეგიონერებიც ისე დაიმკვიდრებენ ადგილს ძირითად შემადგენლობაში, როცორც ეს მოახერხეს ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დინო ჰამზიჩმა ("ჩიხურა"), აზამატ ჯიოევმა და ჟეფინიომ (ორივე - "შუქურა"), ანატოლი ტიმოფეევმა (ბათუმის "დინამო"), ელვინ ტერამ და ვაგნერ გონშალვესმა (ორივე - "საბურთალო").

ყველა ამ უცხოელ ფეხბურთელს შარშან თუ შარშანწინ ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში (ისევე, როგორც - სერგეი ლოტოვჩენკოსა და რუდოლფ სუხომლინოვს), აი, აწ უკვე ეროვნული ლიგის პირველ ტურში 10-მა ლეგიონერმა ჩაატარა პირველი მატჩი საქართველოს ჩემპიონატში და, როგორც უკვე ტრადიციად იქცა ბოლო წლებში, ამჯერადაც ბრაზილიელი და უკრაინელი ფეხბურთელები მოიჩქარიან ჩვენკენ.

ყველაზე მეტი, ოთხი ახალი ლეგიონერი გამოიყვანა მინდორზე "დილამ": 23 წლის ჟეან დერეტი, 22 წლის ლეანდრო რიბეირო, 22 წლის ჟოაო ლეონარდო (სამივე - ბრაზილია) და 22 წლის სალიუ ტარავალე (სიერა-ლეონე).

სამი უცხოელი ახალწვეული ჰყავდა "კოლხეთს": 20 წლის ერიკ უმა (კენია), 25 წლის არფანგ დაფი (სენეგალი) და 21 წლის მიკოლა კოვტალიუკი (უკრაინა).

ორი უცხოელი ახალწვეული ვიხილეთ ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში: 25 წლის ტანმაღალი ცენტრფორვარდი იაროსლავ კვასოვი (უკრაინა) და 20 წლის ჟოვინიო ფლამარიონი (ბრაზილია).

თბილისის "დინამო" კი მარჯვენა მცველის პრობლემური პოზიციის აღმოფხვრას 22 წლის უკრაინელი მცველის, ბოგდან მიშჩენკოს ჩამოყვანით შეეცდება...

ერთადერთი ზივ არიე...
ლეგიონერების თემა გავაგრძელოთ და ბარემ, უცხოელ მწვრთნელებზეც ვთქვათ. ამ შემთხვევაშიც, გარდამავალ ჩემპიონატთან გვინდა პარალელის გავლება. ისე, წინა სეზონი მართლაც რომ უცნაური და განსაკუთრებული იყო: იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე იყო (ანალოგი მხოლოდ 1991 წლის ერთწრიან ჩემპიონატთან ჰქონდა), სწორედ შარშან დამყარდა რამდენიმე რეკორდი.

უცხოელ ფეხბურთელებზე უკვე ვთქვით და იმასაც შეგახსენებთ, რომ 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში კიდევ ერთი რეკორდიც დამყარდა: ოთხი თვის განმავლობაში ქართულ გუნდებს 6 (ექვსი!) უცხოელი სპეციალისტი მოძღვრავდა! თანაც, ამ შემთხვევაში მხოლოდ უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ, თორემ კიდევ ორი უცხოელი მწვრთნელი (ანატოლი პისკოვეცი, სერგეი ჟიცკიი) პირველ ლიგაში მუშაობდა - ანუ ერთი ჩემპიონატის განმავლობაში ერთდროულად ამდენი უცხოელი მწვრთნელი არასდროს გვყოლია.

მაგრამ, აი, დაიწყო XXIX ჩემპიონატი და ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ერთი უცხოელი სპეციალისტია ეროვნულ ლიგაში: "დილას" მთავარი მწვრთნელის, ზივ არიეს (ისრაელი) სადებიუტო მატჩს საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული უნდა ვუწოდოთ, რადგან, ფაქტობრივად, ერთიანად გადახალისებულმა გორელთა გუნდმა სტუმრად ფრედ ითამაშა XXIX ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ "ჩიხურასთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
რატომ არ აქვას ჩაჩავას სიმამაცე, და რატომ არ ატარებს პრესკონფერენციას და დუმს. ვინ არის დამნაშავე რომ ტორპედო ვერ იყიდა. ჩვენ დაახლოვებით ვიცით. თვითონ თქვას. ნაპოლეონის გეგმებით რომ მოდიოდა ქუთაისში. ნეო ოსტაპ ბენდერების ჩვენ არ გვჯერა.
გივი
15:16 07-03-2017
0
ფოთელი ერიკ უმას ეკუთვნოდა სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა,ძალიან მაგარია
barbare
15:22 07-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული