კახა ჩხეტიანი: კარგად გვესმის, რომ ეს არის ჩვენი დღევანდელობა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. დღეს, 10 მარტს კახა ჩხეტიანის გუნდი სამტრედიაში, "ეროსი მანჯგალაძეზე" ქობულეთის "შუქურას" "ესტუმრება".

სეზონის დაწყების შემდეგ "ტორპედომ" ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივეში დამარცხდა - სუპერთასზე (1:2 "სამტრედიასთან") და ჩემპიონატის პირველ ტურში (0:1 "საბურთალოსთან"). რა მდგომარეობაა გუნდში და რა გახდა წარუმატებელი სტარტის მიზეზი? ამ და სხვა კითხვით "ლელომ" "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს მიმართა:

- როგორ ემზადებით ქობულეთელებთან შეხვედრისთვის?
- "შუქურასთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა მეტოქემ პირველ ტურში წარმატებით ითამაშა, გასვლაზე ჩემპიონ "სამტრედიასთან" ქულა მოიპოვა და აშკარაა,
რომ კარგი გუნდია. ამავე დროს, ეს ქულა ჩვენთან გაორმაგებული ძალებით ბრძოლისთვისაც განაწყობთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ რთული შეხვედრა გველის.

პირველი თამაში "საბურთალოსთან" წავაგეთ და ახლა მხოლოდ მოგება გვინდა. ამავე დროს, ბუნებრივია, ხარისხიან თამაშსაც ვითხოვთ ფეხბურთელებისგან.

- ეს მატჩი თქვენთვის ფსიქოლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება...
- რას გულისხმობთ?

- "ტორპედომ" სუპერთასზეც წააგო და პირველ ტურშიც. თქვენი აზრით, ეს მოთამაშეებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენდა?
- გეთანხმებით, რადგან სატურნირო ცხრილის გარდა, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. განწყობა ნებისმიერ საქმეში ბევრს ნიშნავს. ჩვენ კი აშკარად მოვიკოჭლებდით. სუპერთასის მატჩს ნაკლებად ვგულისხმობ, რადგან წაგების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. "საბურთალოსთან" კი, ჩემი აზრით, შესაძლებლობების 30 პროცენტიც ვერ ვაჩვენეთ.

- დანარჩენი 70 პროცენტი სად "დამალეთ"?
- (იცინის) თურქეთიდან ქუთაისამდე გზაში. ხუმრობა იქით იყოს და, თურქულ შეკრებაზე მოთამაშეებს ისეთი ვირუსები დაერიათ, ნორმალურად და სრული შემადგენლობით, ფაქტობრივად, ვერც ვივარჯიშეთ. ჯამში რომ დავთვალეთ, სხვადასხვა დღეს ფეხბურთელების ნახევარზე მეტი ლოგინში იწვა და მკურნალობდა. საბოლოოდ, ამან იმოქმედა გუნდზე, სხვა პრობლემას ვერ ვხედავ.

მიმაჩნია, რომ ფეხბურთელები ფსიქოლოგიურადაც კარგად არიან მომზადებულები და ფიზიკურადაც. ეს ჩავარდნა ბევრად უკეთესი გაგრძელებით უნდა შევცვალოთ და მჯერა კიდეც, რომ ყველაფერი გამოსწორდება. ახლა ქობულეთელებთან მატჩისთვის ყველა დიდი მონდომებით ემზადება, პირველი ქულები რომ მოვიპოვოთ.

- ქობულეთის ნაცვლად მატჩი სამტრედიაში რომ ტარდება, ეს თქვენთვის მისაღებია?
- ხელოვნურ საფარზე თამაში არასოდეს არის მისაღები, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა და ყველაფერს გაგებით ვეკიდებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამდენ ხანს,რომ ინარჩუნებთ ინტრიგას და ხალხს ვაკუუმში ამყოფებთ,ისიც დაწერეთ ბარემ,რატომ არ ან ვერ ყიდით "ტორპედოს". რა არაორდინალური და გამოუცნობი ქვეყანაა ეს საქართველო.ყველა ქვეყანა წინ მიდის მეტ-ნაკლებად, ჩვენ -უკან,რატომ?თქვით მაინც
vax-vax
17:12 10-03-2017
0
მშვენიერი ანგარიშია ტორპედოსათვის, მადლობა აზამათ ჯიოევს თორემ საერთოდ წააგებდნენ.
ქულაც წამოიღეს და ცოტა ფულიც გამოიმუშავეს.
QWERTY
16:59 10-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული