12:18 13-03-2017
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 1:0 - ნავსი გატყდა!.. [VIDEO]
AutoSharing Option
თუმცა ამ შემთხვევაში სტატისტიკა, ალბათ, მეორეხარისხოვანი თემა უნდა იყოს. მთავარი კი ის ფაქტია, რომ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ორი მოგებით "ლოკომოტივი" სატურნირო ცხრილის სათავეშია, თანაც, აბსოლუტურად დამსახურებულად!
...პირველი ტურისგან განსხვავებით, ორივე გუნდის ძირითადში უმნიშვნელო ცვლილებები ვიხილეთ: "ლოკომოტივის" სასტარტოში მამია გავაშელიშვილი გამოჩნდა, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ კი დაცვის მარცხენა ფლანგზე ლუკა ლოჩოშვილი გაამწესა, კიდევ ერთი ჭაბუკი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კი გამოკვეთილი ცენტრფორვარდის, ბაჩანა არაბულის უკან მოქმედებდა.
ისე, რაკი პირველ ტურთან გავავლეთ პარალელი, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "ლოკომოტივი"-ბათუმის "დინამოს" შორის გამართული მატჩისაგან განსხვავებით, ამჯერად ნაკლებად სანახაობრივი მატჩი ვიხილეთ.
სამაგიეროდ, ამ დედაქალაქურ "დერბის" ნამდვილად არ აკლდა დაძაბულობა და მატჩის ბედს რომ ერთადერთი გოლი გადაწყვეტდა, წესით, არც ეს ფაქტი უნდა გაჰკვირვებოდა ვინმეს. ასეც მოხდა: მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ირაკლი კომახიძემ მეტოქეს მარცხენა ფლანგზე ბურთი რომ აართვა, რასაც უზუსტესი პასიც მოაყოლა საპირისპირო ფლანგის მიმართულებით და "დინამოს" საჯარიმოში შეჭრილმა ნოდარ ქავთარაძემ ერთი შეხებით, ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა სტუმართა უკრაინელ მეკარეს სერგეი ლიტოვჩენკოს.
საერთოდაც, მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი სანახავი გამოდგა და მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტებიც ორივე კართან იქმნებოდა. აი, პირველ ტაიმში კი "დინამოს" ჰქონდა ტერიტორიული უპირატესობა, მაგრამ ბექა მიქელთაძის დარტყმული ბურთის მოგერიება "ლოკომოტივის" საიმედოდ მოთამაშე მეკარეს, რევაზ თევდორაძეს არ გასჭირვებია, გიორგი პაპუნაშვილის (ორჯერ) და გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმებს სიზუსტე მცირედით აკლდა.
აი, მასპინძლებმა კი მეტოქის კარში შესვენებამდე მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, მაგრამ ნოდარ ქავთარაძის "მოჭრილი" დარტყმის მერე მხოლოდ კუთხურსღა დასჯერდნენ.
...მეორე ტაიმის დასაწყისში "დინამომ" ზედიზედ ორი მწვავე შეტევა განახორციელა, მაგრამ ორივე ეპიზოდში ჩინებულად გაისარჯა რევაზ თევდორაძე: მასპინძელთა მეკარემ ჯერ გიორგი პაპუნაშვილს არ დაანება გოლის გატანა, მერე კი ბაჩანა არაბულის დარტყმა მოიგერია!
თუმცა, სულ მალე "ლოკომოტივმა" თითქმის 100-პროცენტიანი მომენტი შექმნა, მაგრამ მამია გავაშელიშვილმა ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ იხეირა. თუმცა, უკვე მომდევნო ეპიზოდში მასპინძელთა სწრაფმა და ტანმორჩილმა გარემარბებმა მშვენივრად გაითამაშეს კომბინაცია და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ირაკლი კომახიძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ ნოდარ ქავთარაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში.
დარჩენილ დროში კიდევ ორი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ვიხილეთ და ორივე შემთხვევაში მოვლენათა ეპიცენტრში შეცვლაზე შემოსული ახალგაზრდა ფეხბურთელები მოექცნენ; ჯერ იყო და, "ლოკომოტივის" ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი კიკნაძემ ახლო მანძილიდან მეტოქის უკრაინელ მეკარეს ვერ აჯობა.
აი, მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე კი ამ დედაქალაქური "დერბის" ყველაზე საკამათო ეპიზოდიც ვიხილეთ: სტუმართა 17 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი კუცია მარჯვენა ფლანგიდან, ცოტაც და, მეტოქის საჯარიმოში უნდა შესულიყო, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გიორგი კიკნაძესთან ორთაბრძოლაში კუცია მეტოქის საჯარიმოში აშკარად საკუთარი სურვილით არ წაქცეულა.
ანუ, წესების დარღვევას რომ ადგილი ჰქონდა, ეს ტრიბუნებიდანაც თვალნათლივ ჩანდა; აი, საჯარიმოს ხაზამდე, ზედ ხაზზე თუ უშუალოდ საჯარიმოში მოხდა წესების დარღვევა, ამის განსჯა ძალიან ძნელია; ყოველ შემთხვევაში, არბიტრმა მასპინძელთა კარში ჯარიმა დანიშნა, მაშინ, როცა დინამოელები პენალტს ითხოვდნენ.
ეს სახიფათო "სტანდარტული" კი ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა, თუმცა ბურთი მასპინძელთა კარს ასცდა. ისევ ამ ეპიზოდს დავუბრუნდებით და იმასაც ვიტყვით, ფიფას გამოცდილი არბიტრი ლაშა სილაგავა გადაწყვეტილების მიღებისას ლაინსმენისა თუ კარს უკან მყოფი დამატებითი მსაჯის აზრითაც იხელმძღვანელებდა.
თუმცა ტრიბუნებზე მყოფთათვის ის უფრო დარჩა გამოცანად, თუ როგორ გადაურჩა სასჯელს "ლოკომოტივის" ის ფეხბურთელი, სტუმართა მეტად და მეტად სახიფათო შეტევა რომ ჩაშალა...
ასეა თუ ისე, "ლოკომოტივმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სრულიად დამსახურებულად ლიდერობს ეროვნულ ლიგაში! მთელმა გუნდმა მაქსიმუმი გაიღო ამ "დერბიში", თუმცა ორი ფეხბურთელის გამოყოფა მაინც გვინდა: გუნდის გამოცდილი ახალწვეული გიორგი რეხვიაშვილი ამჯერადაც დამაჯერებელი გახლდათ დაცვაში, ხოლო ცენტრალური ნახევარმცველი გეგა დიასამაძე, გარდამავალი ჩემპიონატიდან მოყოლებული, ლამის ყოველ ტურში ამტკიცებს, რომ "ლოკომოტივის" ლიდერი და, ფაქტობრივად, შეუცვლელი ფეხბურთელია.
საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. II ტური
11.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 1:0
გოლი: 1:0 ნ. ქავთარაძე (57. კომახიძის პასით)
ლოკომოტივი (4-1-4-1): რ. თევდორაძე - თ. ღონღაძე, გაბაძე, რეხვიაშვილი, უბილავა - ჭანტურია (61. ჩიტეიშვილი) - ნ. ქავთარაძე, დიასამიძე, მ. გავაშელიშვილი (67. სამურკასოვი), კომახიძე (72. კიკნაძე) - სიხარულიძე.
სათადარიგოები: ხიდეშელი, ბუღრიძე, არდაზიშვილი, ბ. ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშჩენკო (88. ზარია), გველესიანი, თოთაძე, ლოჩოშვილი - ქარდავა, კიტეიშვილი - პაპუნაშვილი (73. კუცია), გ. ჩაკვეტაძე, მიქელთაძე - არაბული (64. კვერნაძე).
სათადარიგოები: სალუქვაძე, ჩადუნელი, ნინუა, ბეგაშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ქავთარაძე (31), ჭანტურია (40), გველესიანი (48), გავაშელიშვილი (66), ღონღაძე (87)
არბიტრი: ლ. სილაგავა
ბომბარდირები:
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 2
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Bravo loko !! Tevdor rexo magrebi xart
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული