13:58 13-03-2017
კოლხეთი-საბურთალო 3:0 - დამაიმედებელი კოლხური გაზაფხული [VIDEO]
AutoSharing Option
ფაქტია, რომ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი წლეულს კიდევ უფრო გაძლიერდა. მართალია, "კოლხებმა" ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ითამაშეს (ვლადიმირ კორობკა დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა მატჩს), თუმცა მოედანს დაუბრუნდა დავით ბოლქვაძე, რომელიც გასული სეზონიდან ანალოგიური მიზეზით უქმობდა და სასჯელი ახლაღა მოიხადა...
სანაიას გაწვრთნილებმა შეხვედრა აქტიურად და აგრესიულად დაიწყეს. ისინი უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. უკვე მე-4 წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს სანტიმეტრებით ააცილა.
მე-8 წუთზე კოლხებმა კიდევ ერთი კარგი იერიში განახორციელეს: მარჯვენა ფლანგზე არფანგ დაფმა მეტოქეები იოლად ჩამოიცილა და ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც იმავე კოვტალიუკის დარტყმულს მცველი კარის ხაზზე გადაეფარა, თამაზ ჟიშკარიანის მიერ დამატებულზეც იგივე მოხდა და სტუმრები სასწაულით გადარჩნენ.
საერთოდ, ჟიშკარიანი პირველ ტაიმში სტუმრებს მოსვენებას არ აძლევდა და კიდევ რამდენიმე ეპიზოდის გმირი გახდა. მას გატანა შეეძლო 26-ე წუთზეც, როცა კოვტალიუკმა შეტევა საჯარიმოში გაუგრძელა და კარისკენ ისე სწრაფად დაიძრა, მეკარესთან მარტო დარჩა, ოღონდ, ეგ იყო, რომ ცუდად დაარტყა.
რამდენიმე წუთში, ბოლქვაძის საჯარიმოს შემდეგ, "კოლხების" შემტევმა უკვე თავით სცადა ბედი, მაგრამ ლაზარე კუპატაძე ბურთს ადგილზე დახვდა.
"საბურთალომ" პირველი რეალური მომენტი 31-ე წუთზე შექმნა: ვაგნერ გონშალვეშის საჯარიმოს შემდეგ კარის წინ გიგი მარგველაშვილი გაიხსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა.
36-ე წუთზე კვლავ ჟიშკარიანმა იაქტიურა. მისი გადაცემისას, მასპინძლები ამტკიცებდნენ, რომ ელვინ ტერას ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო, თუმცა - უშედეგოდ. 41-ე წუთზე, ჟიშკარიანი კიდევ ერთხელ გაიხსნა კარის წინ, მაგრამ მისმა თავურმა ფოთელებს ვერაფერი მოუტანა.
"საბურთალოსთვის" თამაში უიღბლოდ დაიწყო და დასრულდა: უკვე მე-17 წუთზე სტუმართა მთავარი მწვრთნელი იძულებული გახდა, ტრავმირებული ნოდარ იაშვილი ელვინ ტერათი შეეცვალა, 37-ე წუთზე კი სანდრო ალთუნაშვილის ნაცვლად, შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე ზურაბ არზიანი შეუშვა.
საბურთალოელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა ერთ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ტაიმის ბოლოს, როცა გუნდები გასასვლელისკენ მიდიოდნენ, კოვტალიუკი და მარგველაშვილი ბოლო ორთაბრძოლის გამო წაკინკლავდნენ (სერიოზული არაფერი მომხდარა), ამ დროს არზიანმა კოლხების ლეგიონერზე გაიწია და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი გასახდელში დაუფიქსირა. ასე რომ, "საბურთალომ" მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ჩაატარა.
ფოთელები ისედაც უკეთ გამოიყურებოდნენ, ამ უპირატესობით კი მშვენივრად ისარგებლეს. 57-ე წუთზე, გიორგი ჯანელიძის გადაცემის შემდეგ, დაცვას სენეგალელი დაფი გაექცა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს უნდა გაეტანა კიდეც, მაგრამ... კარს ააცილა.
თუმცა, ფოთელებმა ანგარიში მაინც გახსნეს და ამაში აფრიკელი უშუალოდ მონაწილებდა: ის ეფექტურად გასცდა მცველს და საჯარიმოს ხაზთან თავისუფალი ჯანელიძე შენიშნა, რომელმაც პასი შეირგო და ზუსტად დაარტყა - 1:0.
გოლმა ფოთელებს "მეორე სუნთქვა" გაუხსნა. სანაიას ბიჭებმა მთელი ძალით შეუტიეს, სტუმართა მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილიც ვა-ბანკზე წავიდა და მატჩის შემოტრიალება სარისკო გადაწყვეტილებით სცადა - მარცხენა მცველი ანდრო სოფრომაძე თავდამსხმელ გიორგი ფანცულაიათი შეცვალა, დაცვა 3 კაცზე გადააწყო და შეტევა გააძლიერა.
მაგრამ ამ სვლამ "კოლხებს" ვერაფერი დააკლო, პირიქით - "საბურთალომ" მალე მეორე გოლიც გაუშვა - გურამ ლუკავამ საჯარიმოში შეტევა გაუგრძელა კოვტალიუკს, რომელიც მცველს ეფექტურად გასცდა და ბურთი დაუგდო ჯანელიძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან დუბლი შეასრულა - 2:0.
მესამედ სტუმართა კარი სენეგალელმა ლეგიონერმა აიღო, რომელიც ჯანელიძემ საჯარიმოში მოძებნა, დაფი კი მცველს გასცდა და ბურთი მოხდენილად გაახვია შორეულ "ცხრიანში" - 3:0.
კოლხებს გატანა კიდევ შეეძლოთ: მეკარე კუპატაძემ ბურთი ცუდად მოიგერია, საჯარიმოსთან გადაცემა ჯანელიძემ ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ დატოვა ლუკავა, მაგრამ კუპატაძემ შეცდომა გამოასწორა, მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და თავისიანები მეოთხე გოლს გადაარჩინა.
ასე მოხდა 90-ე წუთზეც, როცა საბურთალოელთა მეკარე გიორგი ბუხაიძის სახიფათო შეტევას გადაეღობა. საბოლოოდ - 3:0.
საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. II ტური
11.03. ქობულეთი. "ჩელე არენა"
კოლხეთი-საბურთალო 3:0
გოლები: 1:0 ჯანელიძე (60. დაფის პასით), 2:0 ჯანელიძე (72. კოვტალიუკის პასით), 3:0 დაფი (81. ჯანელიძის პასით)
კოლხეთი (4-2-3-1): თებიძე - გ. კილასონია, გოგონაია, შ. კერძევაძე, ოტიენო - ბოლქვაძე, ქებურია - დაფი (90. კოკაია), ჯანელიძე, ჟიშკარიანი (69. ლუკავა) - კოვტალიუკი (84. ბუხაიძე).
სათადარიგოები: შერმადინი, ლ. კაკულია, ენდელაძე
მწვრთნელი: გელა სანაია
საბურთალო (4-2-3-1): ლ. კუპატაძე - იაშვილი (17. ელვინ ტერა), მარგველაშვილი, ცნობილაძე, სოფრომაძე (67. ფანცულაია) - ალთუნაშვილი (37. არზიანი), მამუჩაშვილი - ვაგნერი, ხარაიშვილი, კოხრეიძე - შინდაგორიძე.
სათადარიგოები: სანიკიძე, ბიძინაშვილი, გვარაძე, ჩოგაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილებები: გოგონაია (28), კერძევაძე (36), არზიანი (38), კოვტალიუკი (45), ჟიშკარიანი (51)
გაძევება: არზიანი (45. საბურთალო)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.
ბომბარდირები:
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 2
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მაგარი ლიგაააააააააააააააააააააააააააააააა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული