სოსო ფრუიძე: წელს კიდევ უფრო ძლიერები ვართ!

AutoSharing Option
სოსო ფრუიძემ და "ჩიხურამ" მეორე ტურში მოახერხეს ის, რაც გარდამავალი ჩემპიონატის ორმატჩიან ფინალურ შეხვედრებში ვერ შეძლეს - "სამტრედია" გიორგი კორიფაძის ჩინებული გოლით დაამარცხეს.

- სამტრედია-ჩიხურა 0:1 - საჩხერული რევანში [VIDEO]

ამაში მთავარი ის არის, რომ ვიცე-ჩემპიონმა ეს დამაჯერებელი თამაშით შეძლო და წარმატება საეჭვო და საკამათო არ გაუხდია. მეტიც - ბოლო წუთზე "ჩიხურას" კიდევ ორი მშვენიერი საგოლე მომენტი ჰქონდა და უფრო დიდი სხვაობითაც შეეძლო მოგება. უპირველესად, თვალში საცემი იყო ის, რომ ფრუიძის გუნდმა მეტოქეს ის იარაღი დაუპირისპირა, რითიც "სამტრედიამ" ფინალებში დაამარცხა
- სისწრაფე და მწვავე კონტრშეტევები.

საჩხერელთა მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა...

- წლევანდელი "სამტრედია" შარშანდელივით მრისხანე ვერ არის, მაგრამ ის კი შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენ შარშანდელი წაგებიდან სწორი დასკვნები გამოიტანეთ...
- ასეც იყო, დასკვნის გამოტანა მოგების შემდეგაც საჭიროა და მით უფრო მაშინ, როცა გადამწყვეტ თამაშს წააგებ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შარშანდელი "სამტრედია" გაცილებით ძლიერი იყო, გუნდიდან წასული ლიდერების შეცვლა იოლი არ არის და ახალწვეულებს სხვა გარემოსთან შესაგუებლად და მწვრთნელის მოთხოვნების გასათავისებლად დრო სჭირდებათ.

მაგრამ გია ცეცაძე ნიჭიერი სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობის ფეხზე დაყენებასაც მოახერხებს.

- "ჩიხურაც" აშკარად შეცვლილია...
- ცხადია, ჩვენც შევიცვალეთ. ცალკეულ რგოლებში გავძლიერდით, ზოგიერთში - ვერა. მაგრამ, ზოგადად, კონკურენციის გაზრდამ დადებითად იმოქმედა ყველა რგოლზე და მიმაჩნია, რომ ესეც გაგვაძლიერებს. მაგალითად, ნიკა გელაშვილმა შეტევას სისწრაფე შემატა, რაც შარშან გვაკლდა.

პირველ ტურში გორის "დილასთან" ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა, რამაც კომბინაციური თამაშის საშუალება არ მოგვცა. არადა, თურქეთში სწორედ ამ კომპონენტს ვამუშავებდით. საბედნიეროდ, სამტრედიაში წუნი გაცილებით ნაკლები იყო, ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულეს და თავდადებით ითამაშეს.

ისიც ფაქტია, რომ სწორი სათამაშო სტრატეგია შევარჩიეთ. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.

- "სამტრედიასთან" თამაშში აქცენტი რაზე გააკეთეთ?
- უპირველესი ამოცანა იყო, მეტოქის ორი საყრდენი ნახევარმცველისთვის, დათუნაიშვილისა და მანჯგალაძისთვის, სივრცეები შეგვეზღუდა, ხოლო ფლანგის მოთამაშეებისთვის - ხელი შეგვეშალა და თამაშის გამწვავების საშუალება არ მიგვეცა. ამასთან ერთად, კონტრშეტევების რისკი მაქსიმალურად უნდა შეგვემცირებინა.

- ორი ტური გავიდა და ახალწვეული ლევან გეგეჭკორი ჯერ განაცხადშიც არ ყოფილა...
- ლევანი ტრავმირებული იყო, ვარჯიში უკვე განაახლა და იმედი მაქვს, მალე ფორმაშიც შევა და დაგვეხმარება.

- შარშანდელი წაგების გამო "სამტრედიასთან" გამარჯვება პრინციპული იყო?
- პრინციპული ის იყო, რომ პირველ ტურში ვერ მოვიგეთ და 3 ქულა მეორე შეხვედრაში მაინც უნდა მოგვეპოვებინა, ოღონდ ვისთან - ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ორმაგად მახარებს, რომ ეს "სამტრედიასთან" მოვახერხეთ. ჩემპიონთან მოგება გუნდის ფსიქოლოგიაზე უთუოდ დადებითად იმოქმედებს.

- როგორ გგონიათ, წლეულს "ჩიხურას" საჩემპიონო პოტენციალი აქვს?
- ვნახოთ... წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია.

- ორი ტურის შემდეგ ფავორიტებზე ლაპარაკიც ნაადრევია, მაგრამ, თქვენი აზრით, ჩემპიონობისთვის რომელი გუნდები იბრძოლებენ?
- ყველა გუნდი არ მინახავს და ახლა ამომწურავი პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ ნანახი გუნდებიდან "დინამო" მომეწონა - თურქულ შეკრებაზე "ვოლინსა" და ბატე-სთან მატჩებს დავესწარი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - მოძრავი, აგრესიული გუნდია.

მართალია, ქუთაისის "ტორპედომ" ჯერ ვერ მოიგო, მაგრამ ამ გუნდსაც დიდი პოტენციალი აქვს, თან ნიჭიერი მწვრთნელიც ჰყავს.

საჩემპიონო კანდიდატებში არ არის, მაგრამ "შუქურამაც" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, შედეგზეა ორიენტირებული და გამოსდის კიდეც. ჩემპიონთან და თასის მფლობელთან ქულების მოპოვება პატარა საქმე არ არის. ძალიან სახიფათო გუნდია და კიდევ ბევრს გაამწარებს. "კოლხეთიც" ამ კატეგორიაშია. შარშან ფოთელებმა მაგრად იომეს, სანაიამ კი ყველას აჩვენა, რომ მისი სახით საქართველოს ნიჭიერი სპეციალისტი ეზრდება. არ არის გამორიცხული, "კოლხეთი" წელსაც ასეთი უსიამოვნო მეტოქე იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომანდრო,ფეხბურთი გეტყობა არ გითამაშია.ფეხბურთელი დარტყმის დროს ბურთს უყურებს და არა კარებს,ბურთმაც ის ტრაექტორია მოხაზა ტერფის რა ნაწილითაც იყო შესრულებული.
საჩხერელი
09:44 16-03-2017
0
internetis sashvalebit vuyre amtamashs da es absurdia ro chixuram damajereblad moigo,ki batono mtavari shedegia,da es dado chixuram,magram upiratesobas ro samtredia flobda es udavoa,da im golshi qarma ro didi daxmareba gauwia chixuras esec udavoa,gameorebazec kargad chans ro dartymis momentshi fexburtels karisken arc gauxedavs da ucnauri traektorit wavida karis mimartulebit.
romandro
15:04 15-03-2017
0

სიახლეები პოპულარული