ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: მილანის "ინტერი", "ალკმაარი", "გენტი"...

AutoSharing Option
დღეს, 15 მარტს, თბილისის "დინამოს" აკადემიაში კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ და აკადემიის დირექტორმა არჩილ კეკელიამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენცია ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს მიეძღვნა. როგორც ითქვა, წელს ტურნირი 20-დან 25 აპრილის ჩათვლით გაიმართება და მასში "დინამოს" გარდა, 7 კლუბი მიიღებს მონაწილეობას: მილანის "ინტერი", "გაბალა", "გენტი", "ალკმაარი", ზაგრების "დინამო", "ტრაბზონსფორი" და კიევის "დინამო".

"ყველამ კარგად იცით, რომ "დინამოში" აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე კეთდება, რომლებიც აქ უნდა აღიზარდონ და შემდეგ დიდი ფეხბურთი ითამაშონ. სწორედ ამიტომ, რომან ფიფიას ძალისხმევით, ტარდება ეს
ტურნირი.

პირველად ის გასულ წელს ჩატარდა და ვერ ვიტყვით, რომ ცუდი გუნდები იყვნენ. ტურნირი სისტემურ სახეს იღებს და ეტაპობრივად, შესაძლოა, კლუბების რაოდენობაც გაიზარდოს.

- ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: დასანანი მარცხი ფინალში [VIDEO+PHOTO]

ტურნირში მონაწილეობას "დინამოს" 16-წლამდელები მიიღებენ. ფარული კენჭისყრა გაიმართა და გუნდები ორ ჯგუფად დავყავით. ჩვენთან ერთად ჯგუფში მოხვდა "გაბალა". აქ არის მილანის "ინტერი". ეს კლუბი გრანდია და ჩვენთან ისტორიაც აკავშირებს. იქნება ბელგიის ჩემპიონი "გენტიც". სხვათა შორის, "გენტმა" "ალკმაარისგან" ვიდეოები ითხოვა წინა წლის ტურნირის, ნახა, მოეწონა და გვთხოვა, იქნებ დაგვპატიჟოთო. რა აქვს "გენტს" ჩვენი დასაწუნი?!

მეორე ჯგუფში "ალკმაარი", "ტრაბზონსფორი", ზაგრების "დინამო" და კიევის "დინამო" იქნებიან. ზაგრების "დინამო" ფეხბურთელებს რომ ძალიან კარგად ზრდის და შემდეგ მინიმუმ 20 მილიონად ყიდის, კარგად იცით და მათგან ბევრი გვაქვს სასწავლი. მათ ჩვენი კარგი მეგობარი ივო შუშაკი უხელმძღვანელებს. კიევის "დინამოც" რომ დიდი ძალაა ამ ასაკში, ეს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ჩანს.

როგორც აღვნიშნე, ტურნირი რომან ფიფიას ძალისხმევით ტარდება. ნახევარფინალები და ფინალი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში იქნება. ისინი "დინამო არენაზე" ჩატარდება. ტურნირი საკმაო ხარჯთან არის დაკავშირებული, მაგრამ მისგან სპორტული მოგების ხილვა გვსურს. გვინდა, ბევრმა გაიგოს ტურნირის შესახებ, მოვიდეს გულშემატკივარი, ნახოს ეს ფეხბურთელები. ამიტომ ჟურნალისტებს ვთხოვ, დაგვეხმარეთ მის გაშუქებაში.

ბავშვები არიან და მოტივაცია ისედაც არ აკლიათ, თანაც, ამ კლუბებს სკაუტებიც ჩამოჰყვებიან. მილანის "ინტერთან" ჩატარებული ერთი მატჩი, შესაძლოა, ჩემპიონატის ათს უდრიდეს", - თქვა ლევან სალუქვაძემ.

"როგორც ლევანმა თქვა, ტურნირი სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, დაახლოებით 100 000 ლარი მარტო სასტუმროსა და გზაზე დაიხარჯება, მაგრამ ყველა ხარჯს კლუბი საკუთარ თავზე იღებს.

სასტუმროების საკითხი უკვე მოგვარებულია. ვეცადეთ, ეს საკითხი კომპაქტურად გადაწყვეტილიყო და სასტუმროები აკადემიასთან ახლოს ყოფილიყო. ორი გუნდი აკადემიაში იცხოვრებს, გვაქვს აქ საკმარისი ოთახები.

გვექნება ექსკურსიები, გვეყოლებიან სტუმრები და ა.შ. იქნებიან მოხალისეებიც, რომლებიც გუნდებთან იმუშავებენ.

ზაგრების "დინამოს" ვესაუბრეთ და მომავალში მსგავს ტურნირზე თავად მიგვიწვევენ", - განაცხადა არჩილ კეკელიამ.

აქვე გთავაზობთ თბილისის "დინამოს" განრიგს ტურნირზე:

20.04. "დინამო"-"გენტი" (12:00);
21.04. "დინამო"-"გაბალა" (16:00);
22.04. "დინამო"-"ინტერი" (14:00).
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვა ქართულმა გუნდებმა რა დააშავეს? ამბობენ რომ სამონაწილეოდ დიდი თანხა მოთხოვა დინამომ და იქნებ ვინმემ უპასუხოს ამ კითხვას ბ-ნო ედო(ავტორს მივმართავ)თან ამ ასაკში ნაკრები არც თუ კარგი შედეგით დაიკვეხნის და წაადგებოდათ სხვა გუნდებსაც და საინტერესოა რა მიზეზია? ფედერაციას ნუთუ არ აინტერესებს ეს საკითხი?
Baxva
18:18 15-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული