რა თქმა უნდა, კარგია, ჩემპიონატის ყველა მატჩი რომ შუქდება. ცუდი და მიუღებელი კი ჯერაც ბევრი რამაა და მთავარი, ალბათ, მაინც ინფრასტრუქტურაა. ზოგიერთ გუნდს ჯერაც არ აქვს სტადიონი, მაგრამ ამ თემაზე უკვე საკმარისად დავწერეთ და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.
ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი მაინც ის არის, რომ ცოტა უკეთესი ფეხბურთი მაინც
როგორ გავხადოთ ჩვენი პირველობა თუნდაც ცოტათი უკეთესი იმაზე, ვიდრე დღეს არის?
ცოტა შორიდან დავიწყოთ და ჯერ ერთ რამეზე შევთანხმდეთ: დღეს ჩვენი ფეხბურთის ზოგადი მდგომარეობა ისეთია, რომ თუნდაც საშუალო ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს სამშობლოში ვერ დავაბრუნებთ. ეს ფეხბურთელები მართებულად თვლიან, რომ თავის დროზე, როცა ამ გუნდებში წავიდნენ, ეს მათ კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და ახლა უკან დაბრუნება აღარ უნდათ, რადგან, თავისთავად, ეს უკვე რეგრესი (მათ წარმოდგენაში) იქნება.
ისე, სადღაც მართლებიც არიან ეს ბიჭები. და მაინც, არსებობს გამოსავალი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ჩემპიონატს შეიძლება არაერთი კვალიფიციური ფეხბურთელი შეემატოს, ისეთები, ეროვნულ ლიგას უკეთესს რომ გახდიან. ჩვენი არაერთი ფეხბურთელი თამაშობს ისეთ გუნდებში, საიდანაც საქართველოში დაბრუნება წარმოუდგენელი სულაც არ ჩანს.
ორი დღის წინ აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩს ვუყურე. მართალია, ტაშკენტის "ლოკომოტივი" გასვლაზე 0:2 დამარცხდა ირანულ "ესტეღლალთან", მაგრამ უზბეკური გუნდის შემადგენლობაში მართლა კარგად ითამაშა კახა მახარაძემ. ასე მგონია: არც ერთი ქართული გუნდი უარს არ იტყოდა მის დამატებაზე.
რა თქმა უნდა, ასეთ დროს საქმეში ფინანსები ერევა, მაგრამ ამის გარეშე პროგრესზე ფიქრი წარმოუდგენელია. დღეს ქართულ კლუბებს სახელმწიფოს დახმარება აძლევთ იმის საშუალებას, რომ ასეთი ტრანსფერები განახორციელონ. და თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ზედმეტი ფუფუნებაა, მაშინ ნუღარ ვედრებით სხვებს, თუნდაც საშუალოზე საშუალოებს და გამოვიკეტოთ საკუთარ ნაჭუჭში.
უზბეკეთი ვახსენეთ და, პირადად ჩემთვის გასაკვირი იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შოთა გრიგალაშვილმა კარიერის გაგრძელება უზბეკურ "ოლმალიკში" გადაწყვიტა. რომელ გუნდს აწყენდა დღეს გრიგალაშვილის დამატება? ასე მგონია: დღეს ჩვენს ჩემპიონატში ბევრი არაა მისი დარი ფეხბურთელი და საკითხავია, საერთოდ არის თუ არა. ვერავინ დამაჯერებს, რომ შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში გრიგალაშვილი უცხოეთში გატარებული არაერთი წლის შემდეგ არ დაფიქრდებოდა საქართველოში დაბრუნებაზე.
რამდენი ჩვენი ფეხბურთელი თამაშობს ლატვიაში, ლიტვაში, უკრაინისა თუ რუსეთის დაბალ ლიგებში? რამდენიმე დღის წინ ჩემი ერთი მეგობარი მიყვებოდა "ლოკომოტივის" ახალწვეულ ნოდარ ქავთარაძეზე. ძალიან კარგი ბიჭიაო, ამბობდა ის, კარგად იხსნებაო, ჩვენ რომ ვეღარ თუ აღარ ვთამაშობთ, ისეთ სწორ ფეხბურთს თამაშობსო, თან მაგრადაც დარბისო...
წამყვანი რუსული გუნდების სკოლაგამოვლილი ფეხბურთელები, რომლებიც საფეხბურთო ფორტუნამ ქვედა ლიგებში ჩააგდო და რომელთაც ჯერ კიდევ არ განელებიათ კარგი ფეხბურთის თამაშის სურვილი, ზედმეტნი რატომ უნდა იყვნენ ჩვენი გუნდებისთვის?
ყველაფერ ამას ფინანსები სჭირდება. რომ დათვალო და შეაჯამო, დღეს ჩვენს კლუბებს ფინანსურად არ უნდა უჭირდეთ. გასაგებია, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდს თუნდაც სიტყვიერად ბევრი უჩივის, მაგრამ ფული ადრე თუ გვიან მაინც მიდის დანიშნულების ადგილზე.
ჩვენი აზრით, პრობლემა ამ შემთხვევაში უფრო სხვა რამეშია. ჩვენი გუნდების მოზრდილი ნაწილი ყოველი ახალი სეზონის სტარტს ძველი დავალიანებით ხვდება. გასაგებია, რომ დავალიანებას გადახდა უნდა, მაგრამ არც ისე შეიძლება, რომ ეს პროცესი გაუთავებლად გაგრძელდეს.
ძალიან მიხარია, ჩვენს კლუბებში ამდენი დასაქმებული რომ არის, მაგრამ ამ დროს ერთი ძველი ქართული ანდაზაც მახსენდება, რომელიც გვასწავლის - საბანი იქამდე უნდა დაიფარო, სადამდეც გაგწვდებაო. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ფეხბურთში უნდა მორჩეს საქმისადმი ისეთი მიდგომა, რომელიც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრებას გულისხმობს - "ეს ექვსი თვე გადავაგოროთ და მომავალ ექვს თვეში რაღაც იქნება" - ასეთი მიდგომით შორს რომ ვერ წავალთ, ამას ყველა ხვდება. არადა, ბევრი (და არა - ყველა) ჩვენი კლუბის ხელმძღვანელი ნამდვილად ასე ფიქრობს.
საქართველოს ჩემპიონატი ერთ და ორ დღეში ვერ გახდება თუნდაც საშუალო ევროპული დონის პირველობა, მაგრამ ფაქტია, საამისოდ ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ყველა თამაშის "ლაივში" გაშუქებით და თუნდაც კარგი შეფუთვით ფონს ვერ გავალთ.
ეს უკვე ის შემთხვევაა, როცა კენჭი ფეხბურთის ფედერაციის კი არა, ჩვენი კლუბების ხელმძღვანელთა ბოსტანში უნდა ვისროლოთ. გონივრულ სატრანსფერო პოლიტიკას, თუნდაც არცთუ განსაკუთრებული ფინანსური მდგომარეობის ფონზე, შეუძლია წარმატება მოიტანოს. ამის მაგალითი თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში არაერთია. ასეთი გუნდების მოძიება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც შეიძლება.
ამის მკაფიო მაგალითი გახლავთ ფოთის "კოლხეთი". მე მისი ხელმძღვანელობიდან მხოლოდ ლაშა ჯაკობიას ვიცნობ. ფაქტია, ისინი ახერხებენ ისეთი გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც თვითმყოფად ფეხბურთელებს აჩენს და გელა სანაიას ხელმძღვანელობით ასეთივე თვითმყოფად ფეხბურთს თამაშობს.
ფაქტია, ამ გუნდში ჩნდებიან ნორმალური ლეგიონერები, რომლებიც "ოქროს კოშკებს" სულაც არ ითხოვენ. ეს ჩვენი ჩემპიონატის გამოცოცხლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად მიგვაჩნია. უკრაინელი კოვტალიუკი, სენეგალელი დაფი და კენიელი ოტიენო ნორმალური ფეხბურთელები არიან და სულაც არ ჰგვანან "საგასტროლოდ" ჩამოსულ ლეგიონერებს, აქამდე არაერთი რომ გვინახავს.
ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის კენიის ნაკრების ფეხბურთელი ზედმეტია. სხვა თუ არაფერი, ის ხშირად ვარჯიშობს და თამაშობს ვიქტორ ვანიამასა და მაკდონალდ მარიგასთან ერთად. ეს კი უმნიშვნელო ფაქტორი სულაც არ არის...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კოლხეთი კიდევ გამოაჩენს კბილებს და ეშვებს!