"ქობულეთის საფარის დანახვაზე, კვასოვი მთელი შეხვედრა იძახდა - "კატასტროფა! კატასტროფა!"

AutoSharing Option
19 მარტს, ეროვნულ ლიგის III ტურის მთავარი შეხვედრა ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართება. გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ბათუმის "დინამო" ქვეყნის ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლებს...

თურქული შეკრების შემდეგ დინამოელები აჭარის მთავარი ქალაქის სარაგბო მოედანზე ვარჯიშობდნენ და იმედოვნებდნენ, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ითამაშებდნენ. მაგრამ მოულოდნელად გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა - მორაგბეთა სპორტული კომპლექსის მთავარ სარბიელზე ბალახის საფარი ახალი დაგებულია, ჯერ არ "შეხორცებულა" და თამაშებისთვის მზად არ არის.

რაც შეეხება კომპლექსის მეორე მოედანს, იქ ხელოვნური ხალიჩაა და ერთი შეხედვით, წვრილმანი დაბრკოლებაა - მოედანი საფეხბურთო პარამეტრებითაა
დასახაზი და ფეხბურთის კარია დასამონტაჟებელი. მაგრამ ამას დრო სჭირდება. საქმე ისაა, რომ რაგბის ხალიჩაზე საფეხბურთო ნახაზების გაკეთება მორაგბეებს პრობლემას შეუქმნის და ახლა ამის მოგვარებაზე მუშაობენ.

ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ საკითხი მალე მოგვარდება. პრობლემებში ჩვენს გარკვევას გუნდის კაპიტანი თემურ შონია შეეცადა:

"კუნთი დაჭიმული მაქვს და ტკივილები სულ მაწუხებს. მიზეზი ისაა, რომ ბოლო ერთ კვირაში სამ მოედანზე ვითამაშე და ვივარჯიშე - ქობულეთში, გორში და ბათუმის სარაგბო მოედანზე. საფარის ასეთ ცვლაზე ორგანიზმი ცუდად რეაგირებს და კუნთებზეც საშინლად მოქმედებს.

მე გამონაკლისი არ ვარ, დიდი ხანია, ჩვენი გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ თამაშობს, რადგან უხარისხო საფარზე ტრავმიანობის რისკი დიდია, ხან ვინ ისვენებს და ხან ვინ. მორაგბეთა სტადიონზე კი უკეთესი საფარია, ვიდრე - "ჩელე არენაზე". ისიც შეღავათი იქნება, ერთ მოედანზე რომ ვივარჯიშოთ და ვითამაშოთ, ამით ტრავმებს ავირიდებთ. კარგ საფარზე თამაში მეტოქისთვისაც სასიამოვნო იქნება და მაყურებელიც უკეთესი ფეხბურთს იხილავს.

ველოდებით, რომ რაგბის სტადიონზე თამაშის უფლებას დაგვრთავენ, თორემ გუნდის ასეთი ყოფა უკვე აუტანელია", - ამბობს შონია.

"ლელო" გიორგი ქავთარაძესაც ელაპარაკა:

"გვეგონა, რომ მესამე ტურში "სამტრედიას" ბათუმში მივიღებდით, მაგრამ იმედი გადაგვეწურა. ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს.

მესამე წელია, რაც გუნდში ვარ, უსტადიონო და უბაზო გუნდმა ევროპის ლიგის საგზური მეორედ მოვიპოვეთ და თანადგომის იმედი გვქონდა. ბათუმში ფეხბურთი ყველას უყვარს, მაგრამ საქმით ეს არ ჩანს. სადაა დაპირებული სტადიონი და ბაზა?

ახლა თქვეს, რომ ანგისას ბაზაზე მორიგი ტენდერი გაიმართა და გამარჯვებულიც გამოვლინდაო. მაგრამ სანამ საქმე არ გაკეთდება, მანამდე დაჯერება გამიჭირდება.

ისევ ჩვენი მეგობრების, მორაგბეების თანადგომის იმედად ვართ. მათთან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ჩვენი სატკივარი გულთან ახლოს მიიტანეს, გაჭირვებაში გვერდში დაგვიდგნენ და თავის ბაზაზე ვარჯიშის საშუალება მოგვცეს. იცით, ამით რამდენი პრობლემა ავიცილეთ? ყოველდღე ქობულეთში სიარული და უკან გამობრუნება მეტისმეტად დამღლელია.

იმედია, ბათუმელი მორაგბეები ოფიციალური თამაშის გამართვისა და საკუთარ ქალაქში თამაშის საშუალებასაც მოგვცემენ".

ბათუმელთა შემტევი ნახევარმცველი "სამტრედიასთან" შეხვედრაზეც გველაპარაკა:

"ეს ისეთი მატჩია, რომელსაც გუნდში დიდი იმედით ველოდებით. ჩემპიონთან თამაში დიდი სტიმულია და მასთან უნდა დავამტკიცოთ, თუ რამე შეგვიძლია. ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ დადებითი შედეგის ჩვენება შეგვიძლია.

ერთი პრობლემა ისევ და ისევ ქობულეთის სტადიონის საფარია - უკვე იქ გასვლაც კი მძაბავს. სხვათა შორის, ჩვენმა ლეგიონერმა კვასოვმა გორში კარგად ითამაშა, მაგრამ თასზე "კოლხეთთან" ქობულეთში მოძრაობა გაუჭირდა. იქ პირველად თამაშობდა და საფარის დანახვაზე გაოცებული დარჩა, მთელი შეხვედრა იძახდა - "კატასტროფა! კატასტროფა!".

მაგრამ ამ დაბრკოლებასაც უნდა მოვუაროთ და იმედია, 3 ქულას მოვიპოვებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა გავიდეს გუნდი სათამაშოდ... არ შეიძლება გუნდის და ქალაქის ასე უყურადღებოდ დატოვება.. ამხელა ქალაქია და საკმაოდ კარგი გუნდიც ყავს.. ბიჭებმაც დაამტკიცეს თავისი საქმით რომ სტადიონის ღირსები არიან
reziko
14:57 20-03-2017
0
თუ ქობულეთში თამაში არ შეიძლება,სად არის ფედერაცია,რას უყურებს,საკონცენტრაციო ბანაკი,ხომ არ არის,მისჯილი ხომ არა აქვთ ფეხბურთელებს,რომელი საუკუნეა.ორივე გუნდმა უარი განაცხადოს ქობულეთში თამაშზე და ვნახოთ რას მოიმოქმედებენ.ათივე გუნდმა უნდა გამოთქვას პროტესტი,მათაც მოუწევთ იქ თამაში.აზრზე დროულად მოდით ვისაც ეხება,თორემ ფეხბურთელებისაგან დაიწყება საყოველთაო პროტესტი ქვეყანაში
vax-vax
17:32 18-03-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული