ჩიხურა-შუქურა 3:1 - როცა ფეხბურთში მთავარი თავია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საჩხერის "ჩიხურამ" ბოლო დროს საშინაო ასპარეზად ქცეულ "დავით აბაშიძეზე" "შუქურა" დაამარცხა და სათავეში ჩაუდგა ეროვნულ ლიგას. არავინ იცის, რა იქნება მომავალში, ახლა კი ისე ჩანს, რომ საჩხერული კლუბი ჩვენი პირველობის მთავარი ფავორიტია.

ძალიან, ძალიან უცნაური თამაში გამოვიდა. განა, ხშირად გვინახავს, თამაშში 4 გოლი გასულიყოს და... ყველა - თავურით?! ფეხბურთში, ფეხებთან ერთად, მთავარი თავია. ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ გუშინ მთავარი მართლაც თავი იყო.

შეხვედრამ, რომელშიც ორივე გუნდმა იდენტური, 4-5-1 სათამაშო განლაგება აირჩია, რამდენიმე საინტერესო რამ გვიჩვენა. პირველი ის,
რომ დღევანდელ ფეხბურთში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეტევაში მცველების ჩართვას. ეს ფაქტორი განსაკუთრებით კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ორივე გუნდის მწვრთნელს. ამის შედეგი იყო ირაკლი ჭეჟიასა და ლევან კაკუბავას გოლები. არადა, საქართველოში ზოგიერთი მწვრთნელი ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევს.

ცალკე უნდა ვთქვათ სოსო ფრუიძის მიგნებაზეც. მან მარჯვენა ნახევარმცველად დააყენა გიორგი კორიფაძე და ისიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. მთელი თამაშის განმავლობაში მან ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და საგოლე პასებიც მიითვალა. აღსანიშნავია მისი უმწვავესი ჩაწოდებები.

სტრატეგია, რომელმაც გაამართლა - "ჩიხურა" მთელი მატჩის განმავლობაში ელოდა და მაქსიმალურად იყენებდა მეტოქის შეცდომებს. "შუქურამ" კი პირველი ტაიმი კარგად ითამაშა და მეორეში "დადგა". ფიზიკურ მომზადებაში ქობულეთელები აშკარად ჩამორჩნენ მოწინააღმდეგეს.

საბოლოოდ, ზესტაფონში ლოგიკამ იზეიმა. მოიგო უკეთესი შემსრულებლებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა, რომელსაც თითო პოზიციაზე ორი თანაბარი ძალის შემსრულებელი ჰყავს.

თამაშს დიდწილად ინდივიდუალისტები იგებენ. გუშინდელი მატჩი შესანიშნავად ჩაატარა გიორგი გაბედავამ და დუბლიც მიითვალა. ფაქტია, თავისი გაქანებით საქართველოს ჩემპიონატში მას ბევრი ვერ დაეტოლება.

ზოგადად, მისი კარგი თამაში მხოლოდ გოლებით არ შემოიფარგლებოდა - უამრავი თავსატეხი შეუქმნა მოწინააღმდეგის დაცვას.

აქვე ვთქვათ დინო ჰამზიჩზეც. მან მთელი მატჩის განმავლობაში ზედამაჯერებლად ითამაშა, ხშირად ნამდვილი ლიბეროსავით ირჯებოდა. ჩვენს პირველობაზე მისი დონის კიპერი რომ სანთლით საძებარია, ეს ფაქტია.

მატჩის სტენოგრამა
5' - ივანიშვილის დარტყმულს ჯიოევი ადგილზე ხვდება.
10' - გურულის სახიფათო დარტყმა და ჰამზიჩი ბურთს კუთხურზე იგერიებს.
12' - 1:0! კორიფაძის ჩაწოდება და გაბედავას შედეგიანი თავური.
19' - 1:1! გურულის ჩაწოდება და ჭეჟიას თავური - ჰამზიჩი უძლური აღმოჩნდა.
26' - კუტალიას წაქცევისთვის "შუქურა" უშედეგოდ ითხოვს 11-მეტრიანს.
40' - გელაშვილის თავური ოდნავ არაზუსტია.
43' - ართმელაძის პასით კუტალია მეკარესთან პირისპირ გადის. ჰამზიჩი დიდებულად თამაშობს.
52' - გაბედავა მცველს ართმევს ბურთს და მეკარესთან პირისპირ გადის. ჯიოევმა თავგანწირული ვარდნით იხსნა გუნდი.
54' - 2:1! კუთხურის შემდეგ ლევან კაკუბავა ასწრებს ყველას და თავით გააქვს გოლი.
65' - 3:1! კორიფაძის მორიგი პასი და გაბედავას ზუსტი თავური.
78' - ჰამზიჩმა ჭანუყვაძეს არ გაატანინა.
85' - გორგიაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ სცდება "შუქურას" კარს.

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. III ტური
19.03. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
ჩიხურა-შუქურა 3:1
გოლები: 1:0 გაბედავა (12), 1:1 ჭეჟია (19), 2:1 კაკუბავა (54), 3:1 გაბედავა (65)
ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - შ. კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ზ. ჭელიძე - კორიფაძე, ივანიშვილი (60. განუგრავა), დობროვოლსკი, გორგიაშვილი, გაბედავა (89. სარდალიშვილი) - გელაშვილი (46. ტატანაშვილი).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, მირცხულავა, დეკანოიძე, ლეკვთაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
შუქურა (4-5-1): ჯიოევი - ბ. მახარაძე, ჭეჟია, ჩაჩუა, კლიმიაშვილი - საბაძე (61. ჭანუყვაძე), გურული (76. არქანია), ჯეფერსონი (74. დაგარგულია), კუტალია, ართმელაძე - მამულაშვილი.
სათადარიგოები: მოწყობილი, ცეცხლაძე, ჯინჭარაძე
მწვრთნელი: გია გურული
გაფრთხილება: ჩიკვაიძე (76)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

მომდევნო ტური
1 აპრილი
შუქურა-კოლხეთი
ლოკომოტივი-ტორპედო
დილა-საბურთალო

2 აპრილი
სამტრედია-დინამო (თბ)
ჩიხურა-დინამო (ბთ).

ეროვნული ლიგა 2. III ტური
ვიტ ჯორჯია-გაგრა 0:4
სიონი-ცხინვალი 2:1
მერანი-მეშახტე 5:0
გურია-სამგურალი 1:0
რუსთავი-ზუგდიდი 1:1

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სიონი 3 3 0 0 5-1 9
2. მერანი 3 2 1 0 8-1 7
3. ვიტ ჯორჯია 3 2 0 1 6-4 6
4. გაგრა 3 1 1 1 4-2 4
5. რუსთავი 3 1 1 1 6-6 4
6. მეშახტე 3 1 1 1 4-8 4
7. გურია 3 1 0 2 3-5 3
8. სამგურალი 3 1 0 2 4-6 3
9. ცხინვალი 3 0 1 2 4-7 1
10. ზუგდიდი 3 0 1 2 1-5 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაბედავა ნაკრებში, მაგრა ითამაშა ეს თამაში, იმსახურებს ნაკრებს......
ირაკლი
17:55 20-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული