ტორპედო-კოლხეთი 2:1 - მახარობლიძე, გამარჯვების გოლის მახარობელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საწყის ორ ტურში მოპოვებული ერთადერთი ქულა "ტორპედოს" ამბიციებისთვის შეუფერებელი შედეგი იყო და, რა გასაკვირია, რომ კახა ჩხეტიანის გუნდი პირველ საშინაო შეხვედრაში გამარჯვებას გეგმავდა.

თავისი მიზნები ჰქონდა ფოთის "კოლხეთსაც". გელა სანაიას შეგირდებმა წინა ტურში "საბურთალოსთან" გაილაღეს და უქულოდ წასვლას ქუთაისიდანაც არ აპირებდნენ. შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდა, საინტერესო, დაძაბული და კარგი საცქერი გამოდგა.

ქუთაისელებმა თავიდანვე კონტროლი დააწესეს ბურთზე და სახიფათოდაც უტევდნენ, მაგრამ საწყის წუთებში რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. ზღვისპირელები თავს კარგად იცავდნენ, მეტოქეს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ,
თავად კი კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

ტაიმის შუაწელიდან "ტორპედომ" მეტოქეზე "დაწოლა" კიდევ უფრო გააძლიერა. ფლანგებზე აქტიურები იყვნენ გრიგოლ დოლიძე და გიორგი ქიმაძე. ქუთაისელები მთელი ძალებით უტევდნენ, გოლი მწიფდებოდა და მოვლენებიც ლოგიკურად განვითარდა - რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ "ტორპედო" გიორგი გურულმა დააწინაურა.

რაც შეეხებათ ფოთელებს, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, პირველ ტაიმში მათ მასპინძელთა კარში არც დაურტყამთ.

მეორე ტაიმი გაცილებით დაძაბული გამოდგა. სანაიას გუნდი შესვენების შემდეგ მოედანზე მობილიზებული გავიდა, ფოთელებს დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ და გაცილებით თამამად თამაშობდნენ. მათ შეტევებს კარგად წარმართავდა გიორგი ჯანელიძე. ძალზე აქტიური იყო არფანგ დაფიც, რომელმაც რამდენჯერმე გაამწვავა ვითარება, თუმცა, სტუმრები ძირითადად მიკოლა კოვტალიუკის მისამართით მაღალ გადაცემებზე აკეთებდნენ აქცენტს და უკრაინელიც ერთხელ ახლოს იყო გოლის გატანასთან...

მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. სტუმრების მონდომება, წესით, ლაშა გოგონაიას გაძევებას (5-წუთიანი ინტერვალით ორი ყვითელი ბარათი მიიღო) უნდა ჩაეცხრო, თუმცა... ფოთელებმა სწორედ ამის შემდეგ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

ჯანელიძის გოლმა მასპინძლებს გეგმები აურია და დაძაბულობამ პიკს მიაღწია. "ტორპედო" მთელი ძალებით უტევდა, "კოლხეთი" კი თავს იცავდა და სწრაფ კონტრშეტევებზე აკეთებდა აქცენტს.

ქუთაისელებს გაუმართლათ და მალევე შეძლეს სტატუს-კვოს აღდგენა. ბიძინა მახარობლიძემ, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში აქტიური იყო, მოხდენილი თავურით შეაგდო და ქუთაისელები პირველი გამარჯვებით გაახარა.

მატჩის სტენოგრამა
7' - მერაბ გიგაურის გადაცემის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან ნიკოლოზ საბანაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი გაბრიელ თებიძის ნადავლი აღმოჩნდა.
29' - გრიგოლ დოლიძემ მეტოქის საჯარიმოში საბანაძესთან გაითამაშა "კედელი" და ახლო მანძილიდან ძალზედ სახიფათოდ დაარტყა. ფოთელები გოლისგან მეკარე თებიძემ იხსნა.
31' - დოლიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ვლადიმირ კორობკამ კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
32' - გოლი! ქიმაძის კუთხურის შემდეგ თებიძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და იქვე გიორგი გურულმა ანგარიში გახსნა -1:0.
53' - ბიძინა მახარობლიძის სახიფათო დარტყმა თებიძემ მოიგერია, დამატებაზე კი საბანაძეს მცველებმა შეუშალეს ხელი.
62' - მახარობლიძე საჯარიმოს შიგნიდან მეკარისგან შორეულ კუთხეში ძალიან სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით გადასცდა ხარიხას.
65' - დაფმა მარჯვენა ფლანგიდან მიკოლა კოვტალიუკს დაასვა ბურთი თავზე, მაგრამ უკრაინელმა ფორვარდმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
76' - ჯანელიძემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა -1:1.
78' - ქიმაძის ჩაწოდებას მახარობლიძემ სახიფათო თავური მიაყოლა, თუმცა ბურთი მეკარემ მოიგერია.
84' - მარჯვენა ფლანგიდან ტაბატაძის ჩაწოდების შემდეგ მახარობლიძემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

მატჩის შემდეგ
გელა სანაია, "კოლხეთის" მწვრთნელი:
"ქუთაისში თამაში ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა. მასპინძლების მიერ გატანილი პირველი გოლი ჩვენს შეცდომას მოჰყვა. მეორე ტაიმში კაცნაკლულნი დავრჩით. მიუხედავად ამისა, ქულის მოპოვების შანსი მაინც გვქონდა, მაგრამ ისევ შეცდომა დავუშვით და მეორე ბურთი მივიღეთ. შუა კვირაში მძიმე სათასო პაექრობა გადავიტანეთ, ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრამ დიდი ძალები წაიღო და ეს დღევანდელ შეხვედრასაც დაეტყო".

კახა ჩხეტიანი, "ტორპედოს" მწვრთნელი:
"საინტერესო თამაში გამოვიდა. უპირატესობას ვფლობდით, არაერთი საგოლე მომენტი გვქონდა და რომ გამოგვეყენებინა, მდგომარეობას არ გავირთულებდით. მეორე ტაიმში 7-წუთიანი ჩავარდნა გვქონდა. თამაშის ამ მონაკვეთში გოლიც მივიღეთ, მაგრამ, საბედნიეროდ, მალევე მოვახერხეთ დაწინაურება. მადლობა ბიჭებს მონდომებისთვის! მათმა შემართებამ შედეგი გამოიღო. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად გვქომაგობდნენ".

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. III ტური
19.03. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-კოლხეთი 2:1
გოლები: 1:0 გურული (32), 1:1 ჯანელიძე (76), 2:1 მახარობლიძე (84. ტაბატაძის პასით)
ტორპედო (4-1-4-1): რ. კვასხვაძე - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - გიგაური (79. კაპანაძე) - დოლიძე (70. ტუღუში), კუხიანიძე, ბაბუნაშვილი (62. მამასახლისი), მახარობლიძე - საბანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, მამასახლისი, საღრიშვილი, ნ. კვასხვაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
კოლხეთი (4-2-3-1): თებიძე - ჟიშკარიანი (87. ლუკავა), გ. კილასონია, გოგონაია, უმა ოტიენო - კერძევაძე, ბოლქვაძე (63. ქებურია) - კორობკა, ჯანელიძე, დაფი - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: შერმადინი, კაკულია, კოკაია, ენდელაძე, ბუხაიძე
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ბოლქვაძე (49), გიგაური (59), კორობკა (65), გოგონაია (65)
გაძევება: გოგონაია (69. კოლხეთი)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

მომდევნო ტური
1-ლი აპრილი

შუქურა-კოლხეთი
ლოკომოტივი-ტორპედო
დილა-საბურთალო

2 აპრილი
სამტრედია-დინამო (თბ)
ჩიხურა-დინამო (ბთ).

ეროვნული ლიგა 2. III ტური
ვიტ ჯორჯია-გაგრა 0:4
სიონი-ცხინვალი 2:1
მერანი-მეშახტე 5:0
გურია-სამგურალი 1:0
რუსთავი-ზუგდიდი 1:1

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სიონი 3 3 0 0 5-1 9
2. მერანი 3 2 1 0 8-1 7
3. ვიტ ჯორჯია 3 2 0 1 6-4 6
4. გაგრა 3 1 1 1 4-2 4
5. რუსთავი 3 1 1 1 6-6 4
6. მეშახტე 3 1 1 1 4-8 4
7. გურია 3 1 0 2 3-5 3
8. სამგურალი 3 1 0 2 4-6 3
9. ცხინვალი 3 0 1 2 4-7 1
10. ზუგდიდი 3 0 1 2 1-5 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
klonost

იყო 3550 მაყურებელი
სამეულში მოხვედრის შანსი ექნება ტორპედოს მხოლოდ მაშინ როცა სრულ კონდიციებში შევა.
მთავარია ახლა ევროპალიგაზე წესიერად გამოვიდეს.
QWERTY
19:44 20-03-2017
0
KLONOსტ 100 პროცენტიანი ხარ!
გივი
15:26 20-03-2017
0

სიახლეები პოპულარული