თუმცა, ისეთი შემთხვევებიც კარგად გვახსოვს, როცა საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით ჩამოყვანილი ესა თუ ის უცხოელი მეკარე აქაურებსაც ვერაფრით სჯობდა და საერთოდაც, მათი ჩამოყვანა დღემდე გამოცანად რჩება. თანაც, ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ბოლო წლებში გახშირდა...
მაგრამ, სასიამოვნო გამონაკლისიც გამოერია და, ეს, უპირველეს ყოვლისა, დინო ჰამზიჩს ეხება! 29 წლის ბოსნიელი მეკარე შარშან იანვარში ჩაირიცხა საქართველოს, უდავოდ, ყველაზე სტაბილურ კლუბ "ჩიხურაში" და აი, უკვე
ბოსნიის ახალგაზრდული ნაკრებისა და ამ ქვეყნის წამყვანი გუნდის, "სარაევოს" ყოფილ მეკარეს არ გასჭირვებია ახალ გარემოსთან ადაპტაციის გავლა და დროის სულ მოკლე მონაკვეთში გახდა "ჩიხურას" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი.
ჰამზიჩს რეაქციაც ჩინებული აქვს, ფეხითაც კარგად თამაშობს და არც გამოსვლებზე დაეწუნება არაფერი. მოკლედ, ასეთი დონის მეკარის გამოჩენა საჩხერელთა გუნდსაც მოუხდა და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატსაც!
ამიტომაც არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი ჩვენი არჩევანი, როცა გაზეთ "ლელოსა" და კომპანია "ლიდერბეთის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო მეკარედ სწორედ დინო ჰამზიჩი მივიჩნიეთ...
...საქართველოში უკვე მშვენივრად ადაპტირებული და აქაურობასთან ასევე მშვენივრად შეგუებული დინო ჰამზიჩი ამ ცოტა ხნის წინათ "ლელოს" რედაქციაში გვესტუმრა და თავისი "კუთვნილი" პრიზიც გადავეცით.
აქვე, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს, რომლის დახმარებითაც მოვახერხეთ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის (და, საერთოდ, ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერის) ახლოს გაცნობა...
- დინო, ადრე თუ მიგიღიათ ინდივიდუალური პრიზები?
- მადლობა ყურადღებისა და დაფასებისათვის. ბოსნიაში თამაშის დროს რამდენიმე პრიზი კი მიმიღია, მაგრამ ასეთი არასოდეს. არაერთხელ ყოფილა ჩემს კარიერაში, როცა გაზეთებს აღუნიშნავთ ჩემი თამაში, მაგრამ ასეთი გამორჩევა არ მახსენდება.
- როგორც ვიცით, ბოსნიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდით...
- 18 წლის ვიყავი, როცა ბოსნიის ახალგაზრდულ ნაკრებში დამიძახეს. ოთხი წლის განმავლობაში ვიცავდი ამ ნაკრების ღირსებას. მაშინ "სარაევოში" ვთამაშობდი, ბოსნიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში.
- ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი თუ გქონდათ?
- სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე იყო საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ჯერჯერობით ეროვნულ გუნდში არ მითამაშია. ბოსნიის ნაკრებში პირველი ნომერი "ჩელსის" მეკარე ასმირ ბეგოვიჩია. მეორეა შეჰიჩი, რომელიც, უკვე წლებია, წარმატებით გამოდის აზერბაიჯანულ "ყარაბაღში" . მესამე მეკარე კი ახალგაზრდულიდან ირჩევა. ძირითადად ისაა, ვინც ახალგაზრდულ ნაკრებში კარიერას დაასრულებს. ასევე ვიტყვი, რომ თავის დროზე შემეძლო კარიერის გაგრძელება თურქულ "ტრაბზონში", მაგრამ მაშინ ეს ვარიანტი არ გამოვიდა. საბოლოოდ აღმოვჩნდი პოლონეთში, სადაც ლოძის "ვიძევის" ღირსებას ვიცავდი.
- ბავშვობიდან მეკარე იყავით?
- არა, თავიდან დაცვაში ვთამაშობდი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გერმანიაში ვცხოვრობდი. იქ ბიძა მყავდა. ჩემი უფროსი ძმაც ფეხბურთელია, ოღონდ, მოყვარულთა დონეზე თამაშობს. როცა დავბრუნდი ბოსნიაში, კარში დამაყენა და ყოველდღე მავარჯიშებდა... მერე დედამ მიმიყვანა ერთ-ერთ კლუბში. ჩავდექი კარში და ისე მოხდა, რომ ვარჯიშზე ერთი გოლიც კი არ გამიშვია.
- გაიხსენეთ პოლონეთში გატარებული პერიოდი...
- ვთამაშობდი ლოძის "ვიძევში", დიდი ტრადიციების მქონე გუნდში, რომელსაც მშვენიერი ინფრასტრუქტურა ჰქონდა. ეგ იყო, მაშინ კლუბის ხელმძღვანელობა გაახალგაზრდავების გზას დაადგა და გუნდის მიზანიც, მხოლოდ და მხოლოდ, პოლონეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო. ჩემით ყველა კმაყოფილი იყო. კლუბის პრეზიდენტი, გულშემატკივრები... მეც კარგად ვიცოდი, რომ ლეგიონერი ვიყავი და ყველა მატჩში საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი.
- პოლონეთის ჩემპიონატში არსებულ ატმოსფეროზე რას იტყვით?
- საუკეთესო მინდვრები, სავსე ტრიბუნები... ამ მხრივ კარგის გარდა ვერაფერს ვიტყვი.
- საქართველოზე თქვენი პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო?
- ძალიან დადებითი. მე აქ ვნახე მეგობრული ხალხი, საკუთარი საქმის პროფესიონალი მწვრთნელები და ფეხბურთელები, რომლებსაც ძალიან დავუახლოვდი. ადაპტაციის პერიოდი უკვე ჩავლილია. ახლა უკვე ვიცი, რას ელიან ჩემგან მწვრთნელები და პარტნიორები.
- როგორ შეადარებთ საქართველოსა და ბოსნიის ჩემპიონატებს?
- მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში უფრო მაღალი ტემპია, ვიდრე ბოსნიის პირველობაზე. საკმარისია, ერთი წუთით მოდუნდე, ან კონცენტრაცია დაკარგო და იმწამსვე შეიძლება გოლი მიიღო საკუთარ კარში.
- ქართული მოედნების მდარე ხარისხი თამაშში ხელს ხომ არ გიშლით?
- რა თქმა უნდა, მოედნის საფარის ხარისხსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თან, მოგეხსენებათ, რომ "ჩიხურას" თამაში ხომ სისწრაფეებზეა აგებული. გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე, რომლის ძალიან მადლიერიც ვარ, სულ მთხოვს, რომ ბურთი სწრაფად შევიყვანო თამაშში.
- "ჩიხურა", თავის დროზე, ალბათ შემთხვევით არ აგირჩევიათ...
- პოლონეთში ვთამაშობდი გუნდში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა. შეიძლება, კარგად მეთამაშა და შედეგი მაინც არ ყოფილიყო მისაღები. წაგება კი არც ერთ ფეხბურთელს არ სიამოვნებს.
ჩემი მიზანი იყო, რომ მეთამაშა ისეთ გუნდში, რომელიც მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებდა, ასეთია სწორედ "ჩიხურა" და თანაც, მუდმივად ვპროგრესირებთ. ბოსნიაშიც ისეთ გუნდში ვთამაშობდი, რომელიც მუდამ ჩემპიონობისა და თასის მოსაპოვებლად იყო მომართული. არ მინდა ისეთ გუნდში თამაში, რომლისთვისაც პრიორიტეტი მეექვსე-მეშვიდე ადგილზე ყოფნაა და მეტზე არ ფიქრობს. არ მინდა, დავკმაყოფილდე ცხრილის შუა ნაწილში ყოფნით.
- ბოსნიური გაზეთები თუ აშუქებენ თქვენს თამაშს?
- კი, სხვათა შორის ძალიან ხშირად აშუქებენ და მირეკავენ კიდეც, ინტერესდებიან ჩემი მდგომარეობით. ოთხი-ხუთი ძალიან პოპულარული სპორტული გაზეთია ბოსნიაში.
- ბოსნიის ჩემპიონატის მატჩები გვინახავს და, იქაური ატმოსფეროს შედარება საქართველოსთან შეუძლებელია...
- საერთოდ, საქართველოში რასაც დავაკვირდი, ევროტურნირზე როცა გუნდი თამაშობს, მას ყველა უჭერს მხარს და ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება გულშემატკივარს, მას სანახაობა სჭირდება, რათა სტადიონზე მოვიდეს და, იმედია, ჩვენ შევძლებთ, რომ ბევრი მაყურებელი მოვიყვანოთ.
- გასული წინა სეზონის საჩემპიონო პლეი ოფის მატჩებიც გავიხსენოთ, როცა "სამტრედიასთან" დამარცხდით...
- ძალიან მონდომებული ვიყავი. ეს იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი როგორც პირადად ჩემთვის, ისე ზოგადად "ჩიხურასთვის". თუმცა, მიმაჩნია, რომ არც ვერცხლის მედლების მოპოვება იყო ურიგო შედეგი. რამდენადაც ვიცი, საჩხერელთა გუნდი ხომ პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი.
ისე, "სამტრედიასთან" იმ ორრაუნდიან დაპირისპირებას დავუბრუნდები და ასე ვიტყოდი: ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ ომი არ წაგვიგია...
- საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რომელ ფორვარდს გამოყოფდით?
- ბუდუ ზივზივაძეს, ბაჩანა არაბულს... მანამდე გიორგი ქვილითაიას, რომელიც ახლა კარიერას ვენის "რაპიდში" აგრძელებს...
- ალბათ, მომავალ ევროტურნირებზ უკეთეს შედეგს გეგმავთ, ვიდრე წინა ევროპალიგაზე, სადაც ყველასათვის მოულოდნელად წააგეთ "ზიმბრუსთან"...
- ეს ძალიან მტკივნეული მარცხი იყო. შეიძლება, ასეთი რამ ათ წელიწადში ერთხელაც კი არ მოხდეს. რა თქმა უნდა, მომავალ ევროტურნირებზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ.
გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"