გია ჭიაბრიშვილი: ეროვნულ ნაკრებს უკვე მეოთხე მოთამაშე მივეცით!

AutoSharing Option
"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებშიც მუშაობს გია გეგუჩაძის თანაშემწედ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან მიმდინარე სანაკრებო და საკლუბო თემებზე ილაპარაკა...

"ისეთმა პატარა კლუბმა, როგორიც "საბურთალოა", ეროვნულ ნაკრებს უკვე 4 ფეხბურთელი მისცა - ვაკო ყაზაიშვილის, გიორგი ჭანტურიასა და ლაშა დვალის შემდეგ ნაკრების განაცხადში ჯიმი ტაბიძეც მოხვდა. ის კარგ ფეხბურთელად ყალიბდება და კიდევ უფრო მოუმატებს. მთავარია, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და თავის კლუბში სტაბილურად ითამაშოს.

4 ფეხბურთელის მიწვევა კი პატარა ამბავი არაა და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი მალე გაიზრდება, რადგან "საბურთალოს" ფეხბურთელები
ასაკობრივ ნაკრებებში მრავლად არიან.

21-წლამდელთა ნაკრებში ისლანდიასთან ჩვენი 8 ფეხბურთელი გამოიძახეს, ხოლო 19-წლამდელებში - 5. სასიამოვნოა, რომ ამ შეხვედრებშიც გამოიჩინეს თავი საბურთალოელებმა, თუმცა მათ მეტი შეუძლიათ. ახალგაზრდულიდან ეროვნულ ნაკრებამდე კი ერთი ნაბიჯია დარჩენილი, მაგრამ ქვეყნის მთავარ ნაკრებში მოხვედრა უნდა დაიმსახურო", - ამბობს გია ჭიაბრიშვილი.

მან კომენტარი საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა მატჩზეც გააკეთა:

"ჩვენებმა პირველი ნახევარი მაღალ დონეზე ითამაშეს და მეტოქეს მრავალი პრობლემა შეუქმნეს. ანგარიშის გაზრდაც შეგვეძლო, მაგრამ რეალური მომენტები ვერ გამოვიყენეთ. არადა, მეტოქის საბოლოოდ გასატეხად მსგავსი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

მერე მეორე ნახევარი ჩავაგდეთ, სერბეთი კი გამოცდილი ნაკრებია და არ გვაპატია. თუმცა, დავრწმუნდით, რომ საქართველოს ნაკრებს ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლია".

ჭიაბრიშვილმა მიმდინარე სეზონში "საბურთალოს" გამოსვლაზე საინტერესო რამ თქვა:

"კოლხეთთან" დიდი ანგარიშით დავმარცხდით - მიზეზი საკადრო პრობლემები იყო, ტაიმის მიწურულს კი 10 კაცით დავრჩით და სასურველი თამაშის ჩვენება ვერ მოვახერხეთ. ბოლო ტურში "ლოკომოტივთან" მნიშვნელოვანი გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა გავაუმჯობესეთ.

ძლიერ და ანგარიშგასაწევ კლუბს ვაყალიბებთ და ეტაპობრივად ვიზრდებით. "საბურთალოს" კი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. ამისთვის მე, სამწვრთნელო შტაბი და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს ვაკეთებთ".

თბილისელთა მწვრთნელი ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით, პროგრესი ჩანს:

"საბურთალო" უკეთეს ფეხბურთს თამაშობს და ფეხბურთელებში ძალიან დიდ პროგრესს ვხედავ. "ლოკომოტივთან" გამოჩნდა, რომ ბრძოლა ბოლომდე შეგვიძლია, ფეხბურთელები იხარჯებიან და თავს არ ზოგავენ.

თამაშის ხარისხს ეტაპობრივად გავაუმჯობესებთ და "საბურთალო" აჩვენებს იმ თამაშს, რაც ჩვენ გვახასიათებს - ბურთის კონტროლი, სწრაფი შეტევა და სანახაობრივი ფეხბურთი. ჯამში, საწყისი მატჩები დადებითად შეიძლება შევაფასოთ, მაგრამ მთავარია, 36 ტურის შემდეგ როგორი შედეგი გვექნება.

ეროვნულ ლიგაში დადებითია ის, რომ ძალები მეტ-ნაკლებად თანაბარია და ყველგან დაძაბული ორთაბრძოლებია. თითოეულ გამარჯვებასა და ქულას ოქროს ფასი დაედო. ისიც კარგია, რომ ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ხორციელდება. ვფიქრობ, ეს ფაქტორები საბოლოოდ ჩემპიონატის ზრდასა და წინსვლაში ხელს შეუწყობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოჭოლავაც, რომ საბურთალოს აღზრდილია ეგ გამორჩა ჯიგარს :)))))))))))))))))))))
barcamania
15:28 29-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული