თორნიკე თარხნიშვილი: გინდათ ფეხბურთი? დაგვიგეთ მოედნები!

AutoSharing Option
1 და 2 აპრილს ეროვნულ ლიგაში IV ტურის შეხვედრები გაიმართება. ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" საჩხერის "ჩიხურა" ბათუმის "დინამოს" მიიღებს. სამი ტურის შემდეგ საჩხერელები ჩემპიონატის ლიდერები არიან, ბათუმელები კი ჯერჯერობით მე-9 ადგილზე არიან.

3 ტურის შემდეგ შეფასებები ნაადრევია, გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონისა და ბრინჯაოს მედალოსნის დაპირისპირება კი ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.

"ლელო" ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველ თორნიკე თარხნიშვილს ესაუბრა.

- სამი ტურის შემდეგ ჯერ მე-9 ადგილზე ხართ, რაც შარშანდელი ჩემპიონატის მესამეადგილოსნებისგან მოულოდნელი დასაწყისია...
- არაფერი არ გვჭირს. რა თქმა უნდა, არც "ლოკომოტივთან" გაგვიმართლა, არც
"სამტრედიასთან" და დასანანი ქულები დავკარგეთ. არადა, თამაშით არც ერთი არაფერს ვუთმობდით. ამიტომაც მგონია, რომ ყველაფერი კარგად არის და დარწმუნებული ვარ, რომ მდგომარეობას აუცილებლად გამოვასწორებთ.

- ამის შანსი საჩხერის "ჩიხურასთან" გექნებათ...
- ძალიან კარგ გუნდს ვხვდებით, რაც წინა სეზონშიც გამოჩნდა. ახლა გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა და მიმაჩნია, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია. მაგრამ ამ სეზონში თამაშები ისეთი არაპროგნოზირებადი შედეგებით მთავრდება, არა მგონია, რომელიმე დაუმარცხებელი გუნდი იყოს. მოწინააღმდეგის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს. მაგრამ ამის მიუხედავად, მისი ძალების გადამეტებაც არ ღირს და ჩვენ აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ.

- "ჩიხურა" ივანწმინდის ნაცვლად ზესტაფონში რომ თამაშობს, ეს საჩხერელთა შანსებს ამცირებს?
- ბუნებრივია, საკუთარ ქალაქში ყველა გუნდი უკეთ თამაშობს. ივანწმინდაში კი კარგი საფეხბურთო ვითარებაა. მაგრამ წლეულს საჩხერელები ზესტაფონში თამაშობენ და იქაურ გარემოსა და ატმოსფეროს უფრო შეჩვეულები არიან.

- სტადიონების პრობლემის გამო პარადოქსული ქვეყანა ვართ: ზესტაფონში მასპინძელი საჩხერელები არიან. რამდენიმე წლის წინ კი იმავე როლში "დავით აბაშიძეზე" ბათუმის "დინამოც" იყო...
- ეს 2016 წელს იყო, როდესაც გუნდი ევროპის ლიგაზე კვიპროსულ "ომონიას" ხვდებოდა. მანამდეც იყო შემთხვევა, თბილისის "დინამოს" რომ შეხვდა. სამწუხაროდ, საქართველოში მოედნების სერიოზული პრობლემაა, რაც ყველას ხელს გვიშლის. არადა, სულ სხვა სიხარული და სტიმულია, როდესაც ფეხბურთს კარგ საფარზე, ხელოვნურ განათებაზე და თუნდაც სანახევროდ შევსებულ სტადიონზე ვთამაშობთ. ესაა ფეხბურთი.

სულ იმაზე ლაპარაკობენ, რომ ქართველ ფეხბურთელებს ერთი შეხებით თამაში უჭირთ. ამაში მთავარი დამნაშავე ცუდი მოედნებია. ქობულეთში ერთი კი არა, სამი შეხება გვჭირდება, ბურთი რომ დავამუშაოთ, ბურთი ნელა მოძრაობს და მაღალ ტემპში თამაში შეუძლებელია. სხვათა შორის, ეს ფიზიკურადაც ცუდად მოქმედებს, რადგან ცუდი მოედანი გაცილებით დამღლელია.

- თქვენი აზრით, სტადიონებზე მოედნების შეცვლა ჩემპიონატის დონეს გაზრდის?
- ეს ორჯერ ორივით არის. არადა, კარგ საფარზე ერთი შეხებაც გამოგვდის და სწრაფი ფეხბურთიც. მაგრამ მასობრივად ცუდი მოედნები რომ არის, საერთო ფონი ცუდად ჩანს.

იცით, თამაშის დროს რაზე მიფიქრია? ბურთის მიღების დროს შეტევის გაგრძელების ნაცვლად იმაზე ვფიქრობ, ფეხი ცუდად არ დავადგა და არ გადამიბრუნდეს. ფეხბურთელი ამაზე უნდა ფიქრობდეს? არ გახსოვთ, ავლაბარში, "თბილისის" სტადიონზე რა კარგი თამაშები ტარდებოდა, ან იმავე ზესტაფონში. თავად კარგად ვხედავ, როგორ ვთამაშობთ მოსამზადებელ ეტაპზე უცხოეთის კარგ მოედნებზე, ერთი შეხებაც გამოგვდის და სწრაფი შეტევებიც.

ანთალია ერთი ხელის გაწვდენაზეა და მის ახლოს ათასობით მოედანია და ჩვენ ასეთი რა გვჭირს, რომ 10 გუნდის საფარი ვერ მოვაწესრიგეთ? შეკრების შემდეგ საქართველოში ვბრუნდებით და აქ ისევ ვწვალობ. ამ ყველაფრის შემდეგ ვბრაზდები, როცა ამბობენ, დაბალი დონეაო. ჩვენ დააახლოებით ისე ვართ, ქუთაისში დარბაზში ცურვას უწყლოდ რომ ასწავლიდნენ. იმედია, მათ წყალს ჩაუსხამენ, ჩვენ კი მოედნებს დაგვიგებენ.

ბათუმის "დინამოს" კიდევ სხვა პრობლემებიც აქვს და ამაზე ლაპარაკი უკვე დამღლელია: ერთი სტადიონის აშენება რა პრობლემა გახდა?

საერთოდაც, მიკვირს, ქართული ფეხბურთი კიდევ როგორ არსებობს. იქმნებოდა ძალიან პერსპექტიული გუნდები და მალე იკარგებოდა. არადა, წარმოგიდგენიათ, ახლა "მრეტები", "თბილისი", "ამერი" და "ზესტაფონი" რომ იყვნენ, ჩვენს ჩემპიონატს რა ინტერესს შემატებდნენ?

სამწუხაროდ, ბევრი რამ იყო ჩვენს საწინააღმდეგოდ. არადა, აქ ფეხბურთელები კიდევ იბადებიან და სასურველ გარემოში ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნება. ახლა საამისოდ ნაბიჯები გადაიდგა და ეს მაინც მაიმედებს - იქნებ, ხალხი ჩემპიონატისკენ 4-5 წელიწადში მაინც შემოტრიალდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბათუმში ინტელიგენცია აღარ არის,საზოგადოება დეგრადირებულია,აღარ უნდათ ფეხბურთი და ზოგადად სპორტი და სტადიონი ვისღა სჭირდება. ერთი კაცი არ აღმოჩნდა ქალაქში ხმა,რომ ამოიღოს და ხალხი გამოაფხიზლოს და სტადიონის აშენება მოსთხოვოს ამ არაფრის მაქნის მთავრობას
vax-vax
03 აპრილი 2017 08:35
0
სამწუხაროდ ჩემთვის პირველ რიგში,მიწევს კრიტიკული შენიშვნების წერა მაგრამ როგორ ვერ ვეგუები აბსურდულ გამონათქვამებს თუ არგუმენტებს,კითხეთ ფსიგოლოგს ან ვისაც კი ფეხბურთი ეზოში მაინც უთამაშია ბურთის მიღების დროს გამორიცხულია იმაზე ფიქრი ფეხს სად დავდგამ.. ვუყურე დღეს ამ თამაშს ბათუმი ჯობდა პირველ ტაიმში მაგრამ საშინელი ხარისხი შემოგვთავაზეს გუნდებმა და მეორე ტაიმს ვეღარ ვუყურე კომენტატორებს კი ძალიან მოსწონდათ ხარისხი და შესრულება გამორიცხულია ამ გუნდებმა მეორე ეტაპი გადალახონ სამწუხაროდ
კახა
02 აპრილი 2017 22:44
0
მეზიზღება ყველა ის ფეხბურთელი რომელიც მინდორს აბრალებს ფეხბურთის დაღმასვლას! "მოცეკვავემ ცეკვა არ იცოდა და,რავქნა კვერცხები მაქვს დიდიო"! პელე,გარინჩა,დი სტეფანო,აქეთ ძველი ქართველი ფეხბურთელები,იქით გადამწვარ-გადაბუგული და მშიერ-მწყურვალი უსტადიონო აფრიკა რომელიც სუპერ-ფეხბურთელებს უგზავნის მსოფლიოს!აქეთ დანაღმულმინდვრიანი აზია,სადაც ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან. რა ჯანდაბა ეტაკა ქვეყანას? ეს ჯანდაბა არაა,ეს ფულის მონობაა იოლად რომ იშოვება.საქართველოში ავკრძალავდი ფეხბურთს და ყველა პროფესიონალ ფეხბურთელს ნათამაშევი წლების მიხედვით ყოველთვიურად სამმაგ გადასახადს დავაწერდი!ამის მერე ფანატიკურად შეყვარებული ფეხბურთელები დაიწყებდნენ თამაშს.
ავოიეეე
02 აპრილი 2017 17:26
0
რა გახდა მოედნები პომელიც გვაქ იმას მაინც მიხედონ და დააგონ ბუნებრივი საფარი. მთავარი ესაა და არა ტრიბუნები.
kaxa
02 აპრილი 2017 15:58
0
ბათუმნ იმხელა ბიუჯეტი რომ აქვს, ადგეს შეეწილოს ქობულეთს და დააგონ ბოლო თაობის ხელოვნური საფარი,რაშია პრობლემა?
Jango
02 აპრილი 2017 13:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული