ლევან გეგეჭკორი: საჩხერის "ჩიხურაც" ერთ-ერთი ფავორიტია

AutoSharing Option
1 და 2 აპრილს ეროვნულ ლიგაში IV ტურის შეხვედრები გაიმართება. ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" საჩხერის "ჩიხურა" ბათუმის "დინამოს" მიიღებს. სამი ტურის შემდეგ საჩხერელები ჩემპიონატის ლიდერები არიან, ბათუმელები კი ჯერჯერობით მე-9 ადგილზე არიან.

3 ტურის შემდეგ შეფასებები ნაადრევია, გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონისა და ბრინჯაოს მედალოსნის დაპირისპირება კი ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.

გარდამავალ ჩემპიონატში ლევან გეგეჭკორი ბათუმის "დინამოში" თამაშობდა. ახლა კი 22 წლის უნივერსალი საჩხერის "ჩიხურაში" გადავიდა და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში მოუწევს.

- საწყის სამ ტურში ტრავმის გამო ვერ ითამაშე. ახლა თუ მომჯობინდი?

- საკმაოდ უსიამოვნო დაზიანება იყო - საჩხერის ხელოვნურსაფარიანი მოედანი კარგ მდგომარეობაში არ არის და იქ ვარჯიშის დროს საზარდული დამეჭიმა. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგად არის და ვარჯიში დავიწყე. სანაკრებო პაუზის დაწყებამდე ტკივილებმა გამიარა და ახლა უკვე კარგად ვარ. ისე, ჩემი ბრალიც არის, რომ დრო გამიცდა.

- ასეთი რა გააკეთე?
- ჩემპიონატი იწყებოდა და თამაში მინდოდა. ტკივილი გასაქანს არ მაძლევდა. მაგრამ ვიფიქრე, ვარჯიშები არაფერს მიზამდა და გუნდთან მომზადების პარალელურად - ვმკურნალობდი. მაგრამ ეს ერთდროულად შეუძლებელი აღმოჩნდა.

10 დღით დასვენება მომიხდა. პროცედურები ჩავიტარე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. სანაკრებო პაუზაზე "სამტრედიასთან" საკონტროლო შეხვედრაც ვითამაშე, პენალტი "ავიკიდე" და გავიტანე, რამაც თავდაჯერებულობა დამიბრუნა. არ ვიცი, ბათუმის "დინამოსთან" ვითამაშებ თუ არა, მაგრამ ტკივილები აღარ მაწუხებს.

- სხვათა შორის, მოულოდნელი იყო, "ორენბურგის" შემდეგ ბათუმის "დინამოს" ნაცვლად "ჩიხურაში" რომ აღმოჩნდით...
- სანამ რუსებს ანთალიურ შეკრებაზე გავყვებოდი, მანამდე ჩვენი ჩემპიონატის ლამის ყველა ფავორიტი გუნდიდან დამიკავშირდნენ. მაგრამ როდესაც დავბრუნდი, ყველაზე რეალური და კონკრეტული საჩხერელების წინადადება იყო, მეტი ყურადღებაც გამოიჩინეს და დავთანხმდი.

- ბათუმელებთან თამაშის შანსებს როგორ შეაფასებდით?
- თანაბრად, 50/50-ზე. მიუხედავად იმისა, რომ "დინამომ" ჯერ მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და საშინაო შეხვედრას ვატარებთ, ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ამ გუნდის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მოუმატებენ. შემადგენლობა და კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავთ და პოტენციალი აშკარად აქვთ. ასე რომ, საკმაოდ რთული თამაში გველის. ჩემი აზრით, ის მოიგებს, ვინც მეტი მონდომებითა და ჟინით ითამაშებს.

- ზესტაფონში უკვე ითამაშეთ და საინტერესოა, მოედნის საფარი როგორ მდგომარეობაშია?
- იქ თამაში სიამოვნებაა. ნეტავ, სულ ასეთ მოედნებზე ვთამაშობდეთ და არა - ხელოვნურ საფარზე. ხალიჩაზე უკვე ალერგია გამოჩნდა.

- თქვენი აზრით, "ჩიხურას" წლევანდელი შემადგენლობით ჩემპიონობის შანსი გააჩნია?
- გადაჭრით ჯერ ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ მინიმუმ იმ გუნდებს შორის მაინც ვართ, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ჩვენი დიდი პლუსი სტაბილურობაა. შემადგენლობა ყოველ წელს ძლიერდება, სამწვრთნელო შტაბში გამოცდილი ხალხია და აქედან გამომდინარე, "ჩიხურაც" ერთ-ერთი ფავორიტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული