კოლხეთი-ლოკომოტივი 0:5 - ძნელად წარმოსადგენი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანმა ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "ლოკომოტივს" ქობულეთში უმასპინძლა.

მეტოქეებმა საწყის ორ ტურში ორ-ორი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ თბილისელები ფოთელებს ქულით უსწრებდნენ და გელა სანაიას გაწვრთნილებს მათი უკან ჩამოტოვების შანსი ჰქონდათ. ეს თამაშს დამატებით ინტრიგას სძენდა.

მაგრამ თამაში მოულოდნელი შედეგით დასრულდა. არა იმიტომ, რომ რომელიმეს მოგება გასაკვირი იქნებოდა. უბრალოდ, მეტოქეთა ძალებიდან გამომდინარე, ასეთი შედეგი ძნელი წარმოსადგენელი იყო.

თამაში საკმაოდ სწრაფ ტემპში დაიწყო. ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა. სახიფათო მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, მაგრამ ერიკ უმა ოტიენო დაშავდა, მოედნის
ნაადრევად დატოვება მოუხდა, რაც კოლხებს ძალიან დაეტყოთ. არადა, სანამ კენიელი ჯანზე იყო, შეტევებს ამწვავებდა და საგოლე მომენტიც შექმნა. მერე კი ფოთელებს ძალიან გაუჭირდათ და შეტევებში სიმწვავე აშკარად მოაკლდათ.

ლოკომოტიველები უფრო აქტიურად და სახიფათოდ თამაშობდნენ. მათ პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ და მხოლოდ ერთით ისარგებლეს.

მეორე ტაიმი ფოთელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ დაცვაში ყურადღება მოადუნეს და ჯერ მეორე გაუშვეს, მერე კი ნომინალური მასპინძლების უკანა ხაზი საერთოდ ჩავარდა.

გიორგი დევდარიანის გაწვრთნილებმა ამით მშვენივრად ისარგებლეს და "ლოკომოტივმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება დააფიქსირა.

გაიბრწყინა მამია გავაშელიშვილმა და, როგორც იქნა, ეროვნულ ლიგაშიც აჩვენა ის თამაში, რითიც თავის დროზე პირველ ლიგაში ყველა გააოცა. 22 წლის თავდამსხმელმა მთავარ ქართულ ლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

აღსანიშნავია ირაკლი სიხარულიძის შედეგიანობაც. მან დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

მშვენიერი მატჩი ჩაატარა მარჯვენა მცველმა თემურ ღონღაძემაც, რომელიც ორი საგოლე შეტევის უშუალო მონაწილე გახლდათ.

ამ მოგებით, "ლოკომოტივი", მინიმუმ ერთი დღით, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

მატჩის სტენოგრამა
1' - მარცხენა ფლანგიდან უბილავამ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, კარიდან სახიფათო მანძილზე მყოფმა სიხარულიძემ კი ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
3' - ბოლქვაძემ შეტევაში ჩართო ოტიენო, რომელიც მცველს იოლად გასცდა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ქურდაძემ კარი დროულად დატოვა და თბილისელები გადაარჩინა.
16' - 0:1! სამურკასოვმა მოედნის ცენტრიდან შეტევა მარჯვენა ფლანგზე კიკნაძეს გაუგრძელა. კარის წინ კი გავაშელიშვილმა მეკარე შერმადინს დაასწრო და ანგარიში გახსნა.
20' - "კოლხეთი" მეორე გოლს გადაურჩა: მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმა რეხვიაშვილმა შეასრულა, ბურთს თავით სიხარულიძე შესწვდა და კარის წინ გავაშელიშვილი მოძებნა, რომელსაც ვლადიმირ კორობკამ შეუშალა ხელი.
24' - სამურკასოვმა ოტიენოს ორთაბრძოლისას მუხლში ფეხი მიარტყა. რამდენიმე წუთში კენიის ნაკრების მცველი შესაცვლელი გახდა.
31' - მარჯვენა ფლანგიდან ქავთარაძემ ბურთი კარის წინ ფეხზე დაასვა სიხარულიძეს, რომელმაც 5 მეტრიდან კარს ააცილა.
55' - ლუკავას ჯარიმის შემდეგ ქურდაძე ბურთს კუთხურზე იგერიებს.
60' - 0:2! მოედნის ცენტრთან ლუკავას ბურთი ღონღაძემ აართვა და მარჯვენა ფლანგზე ქავთარაძე მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში გავაშელიშვილს უპასა და "ლოკომოტივი" ორი ბურთით დაწინაურდა.
64' - 0:3! "ლოკომოტივმა" გაილაღა. ღონღაძემ მარჯვენა ფლანგზე გავაშელიშვილი მოძებნა, ამან კი წინ სიხარულიძეს მშვენიერი საგოლე გადაცემა გაუკეთა.
70' - კოლხებმა შორი მანძილიდან სამჯერ სცადეს კარის აღება, მაგრამ ჯანელიძის, დაფესა და კერძევაძის მცდელობები უშედეგო გამოდგა.
81' - 0:4! სიხარულიძის დუბლი. მარცხენა ფლანგიდან შეტევა გავაშელიშვილმა ქავთარაძეს საჯარიმოსთან გაუგრძელა გადაცემა, რომელმაც მარჯვნივ სიხარულიძე მოძებნა და ასე გავიდა მეოთხე გოლი.
86' - ქავთარაძის შეურაცხყოფისთვის, არბიტრმა ბუხაიძეს წითელი ბარათი აჩვენა, ხოლო თბილისელთა მეკარეს - ყვითელი.
88' - 0:5! გავაშელიშვილის პირველი ჰეთ-თრიკი ეროვნულ ლიგაში! შეტევაში მარცხენა ფრთიდან ჩაერთო უბილავა, ცენტრში გადაიწია და მცველებში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც თბილისელთა თავდამსხმელმა წამიერი შანსით ისარგებლა.

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. V ტური
04.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"
კოლხეთი-ლოკომოტივი 0:5
გოლები: 0:1 გავაშელიშვილი (16. კიკნაძის პასით), 0:2 გავაშელიშვილი (60. ქავთარაძის პასით), 0:3 სიხარულიძე (64. გავაშელიშვილის პასით), 0:4 სიხარულიძე (81. ქავთარაძის პასით), 0:5 გავაშელიშვილი (88. უბილავას პასით)
კოლხეთი (4-2-3-1): შერმადინი - ჟიშკარიანი, გ. კილასონია, გოგონაია, ოტიენო (33. ლუკავა) - ბოლქვაძე (67. ბუხაიძე), შ. კერძევაძე -კორობკა, ჯანელიძე, დაფე - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: ხოფერია, ლ. კაკულია, ა. ენდელაძე, ვ. კილასონია
მწვრთნელი: გელა სანაია
ლოკომოტივი (4-1-4-1): ქურდაძე - თ. ღონღაძე, ნ. ჭანტურია, რეხვიაშვილი, უბილავა - სამურკასოვი (72. გაბაძე) - ნ. ქავთარაძე, არდაზიშვილი (65. არველაძე), მ. გავაშელიშვილი, კიკნაძე (75. ჩიტეიშვილი) - სიხარულიძე.
სათადარიგოები: თევდორაძე, ბუღრიძე, თომაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილებები: სამურკასოვი (44), ქურდაძე (86)
გაძევება: ბუხაიძე (86)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

სხვა მატჩები
4 აპრილი
ტორპედო-დილა 1:1

5 აპრილი

ქობულეთი. "ჩელე არენა". 16:00
დინამო (ბთ)-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =2 -1, 10-5
დისკვალიფიკაცია
რომან ჩაჩუა (შუქურა)

თბილისი. "დინამო არენა". 18:00
დინამო (თბ)-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
14: +9 =3 -2, 37-10
დისკვალიფიკაცია
გიორგი გველესიანი (დინამო)

თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00
საბურთალო-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 7-15.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კეკე მართალი ხართ. ან ფრეს აკეთებდეს. ტოტამ მოაგებინა პორტუგალის ფრანგებთან ევროპა.
გივი
13:14 05-04-2017
0
jurnalistebs mouuwodeb daakvirditt yvela turi titqmis oriani anu stemrebi igeben... anu tamashis gacvlebi midis... rac saqartvelos totalizatorebshi sheitanes saqartvelos chempionati... es axali sqema ari garigebuli tamashebis da amashi totalizzatoric chartulia.. sad ginaxiat yvela turshi maspindzeli gundi agebdess..
keke
12:54 05-04-2017
0

სიახლეები პოპულარული