ხუმრობა იქით იყოს და, თბილისის "ლოკომოტივი" შეუჩერებელი გამოდგა ქობულეთის "შუქურასთვისაც". თბილისურმა კლუბმა ბოლო ორ შეხვედრაში 10 გოლი (ზედიზედ ორი 5:0!) გაიტანა და შესანიშნავი შედეგიანობის გარდა, აზრიანი და ლამაზი ფეხბურთითაც ასიამოვნა გულშემატკივარი.
დევდარიანს საქმის კეთების საშუალება ისევ რომ მიეცა, მისმა დღევანდელმა "ლოკომოტივმა" 13 წლის წინანდელი "თბილისი" გაგვახსენა. კარგი იქნება, თუ ასეც გაგრძელდება, რადგან ქართულ ფეხბურთს რაც შეიძლება მეტი ძლიერი გუნდი სჭირდება. "ლოკომოტივის" მაგალითზე ასეთი კონტურები აშკარად გამოიკვეთა...
დისკვალიფიკაციის გამო თამაშს ქობულეთელთა ორი მოთამაშე ტოვებდა - ბორის მახარაძე და შერმადინ ართმელაძე. მასპინძელთა შორის პირველად ითამაშა უზბეკეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა, 31 წლის ალექსეი კლეცკოვმა (10 მატჩი, 3 გოლი).
უდანაკარგოდ არც სტუმრები იყვნენ - დისკვალიფიცირებული დავით სამურკასოვის გარდა, არ უთამაშია ტრავმირებულ გეგა დიასამიძესაც.
უფრო მეტი, ვიდრე 8 გუნდმა...
მათ არყოფნაში კი ირაკლი სიხარულიძემ სეზონში მესამე დუბლი შეასრულა (სულ 6 გოლი). მას არც მამია გავაშელიშვილი ჩამორჩა, რომელმაც წინა ტურის ჰეთ-თრიკს ახლა დუბლიც მოაყოლა და ბომბარდირთა დავაში 5 გოლით მეორე ადგილზეა. ამ ორმა შემტევმა ერთად უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე 8 გუნდმა. ერთი გოლი გაიტანა ნოდარ ქავთარაძემ და თან დაახლოებით ისეთი, მარკო ვან ბასტენმა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საბჭოთა კავშირს რომ შეუგდო.
რატი და ვატო
აღსანიშნავია რატი არდაზიშვილის თამაშიც. ამ 19 წლის ბიჭმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ის მხოლოდ ორი საგოლე გადაცემის გამო დაგვამახსოვრდა. კარგი ტექნიკა, სწრაფი აზროვნება, თამაშის ხედვა და მომენტის შექმნის ნიჭიც გამოარჩევს. ორი სიტყვით ვატო არველაძეზეც (რევაზ არველაძის ვაჟი). შეცვლაზე შესულმა 19 წლის ტექნიკურმა ფეხბურთელმა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ცხადია, ის ჯერ "ჭყინტია", ძალისმიერ ორთაბრძოლებში ჯერაც მოიკოჭლებს, მაგრამ ბოლო ერთ წელიწადში აშკარად გაიზარდა და ასე თუ გააგრძელა, ქართული ფეხბურთი კარგ ცენტრალურ ნახევარმცველს შეიძენს.
საერთოდ, ამ "ლოკომოტივს" ნახევარდაცვის სწრაფი და აზრიანი თამაში გამოარჩევს და ამაში თავისი წვლილი საყრდენად გადაკვალიფიცირებულ ნიკა ჭანტურიას მიუძღვის, ბოლოს და ბოლოს, მომჯობინდა და ნიჭს გასაქანს აძლევს.
წაგების მიუხედავად, ქობულეთელებსაც ჰყავდათ ფეხბურთელი, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა - ირაკლი კლიმიაშვილი, ვინც მეკარე რამდენჯერმე სერიოზულად შეაწუხა. მაგრამ ხომ გაგიგონიათ - მარტო კაცი ჭამაშიც ბრალიაო...
მატჩის სტენოგრამა
8' - კუტალიამ გადაცემა ჩაჭრა, კარისკენ მთელი სისწრაფით დაიძრა, შორეულ კუთხეში დაარტყა და მიზანს მცირედით ააცილა.
12' - გოლი! რეხვიაშვილმა გადაცემა ჩაჭრა, სამ მცველს ეფექტურად გასცდა და მეკარესთან პირისპირ დატოვა სიხარულიძე, რომელმაც შანსი გოლად აქცია - 0:1.
14' - არდაზიშვილმა შორეული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა გავაშელიშვილი, რომელმაც "მოჭრილი" დარტყმით მიზანს ოდნავ ააცილა.
20' - კლიმიაშვილმა ჯარიმა კარში "ჩაახვია" და ქურდაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
23' - ისევ კლიმიაშვილი! შორიდან მის უძლიერეს დარტყმას ისევ ქურდაძე იგერიებს.
30' - გოლი! ქავთარაძის კუთხური. სიხარულიძე თავით კარის წინ გავაშელიშვილს უგდებს ბურთს და 0:2!
38' - კლიმიაშვილის კუთხური. კარისკენ წასული ბურთი ძელს ხვდება. "ლოკომოტივი" გადარჩა.
42' - უსწრაფეს შეტევას სიხარულიძე აგვირგვინებდა, მაგრამ მეკარე ჯიოევს ვერ აჯობა, ხოლო დამატებაზე ქავთარაძემ ხელსაყრელი შანსი დაკარგა.
52' - სიხარულიძემ მცველს აართვა ბურთი და მეკარესთან პირისპირ დატოვა გავაშელიშვილი, რომლის დარტყმულზე ჯიოევმა საოცარი რეაქცია გამოავლინა.
55' - გოლი! მეორე ტაიმში შანსი გამოიყენა ქავთარაძემაც, ვინც ჭანტურიასგან მიიღო უგრძესი პასი და ულამაზესი დარტყმით ქობულეთელები კიდევ ერთხელ დაამწუხრა - 0:3!
63' - არდაზიშვილი მეკარესთან პირისპირ ტოვებს სიხარულიძეს, რომელიც შანსით ვერ სარგებლობს.
83' - გოლი! არდაზიშვილმა კიდევ ერთხელ დატოვა მეკარესთან პირისპირ სიხარულიძე, რომელმაც დუბლი მიითვალა - 0:4!
87' - ისევ არდაზიშვილი! მისი გამჭოლი გადაცემა საჯარიმოში და კიდევ ერთი დუბლი - ამჯერად, გავაშელიშვილისგან - 0:5!
ეროვნული ლიგა. VI ტური
08.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-ლოკომოტივი 0:5
გოლები: 0:1 სიხარულიძე (12. რეხვიაშვილის პასით), 0:2 გავაშელიშვილი (30. სიხარულიძის პასით), 0:3 ქავთარაძე (55), 0:4 სიხარულიძე (83. არდაზიშვილის პასით), 0:5 გავაშელიშვილი (87. არდაზიშვილის პასით)
შუქურა: ჯიოევი - ჩაჩუა, გოგიტიძე (65. მალაზონია), კალანდაძე, მამულაშვილი (69. ცეცხლაძე) - ჟეფინიო, გურული (82. ჭანუყვაძე) - კლეცკოვი, კლიმიაშვილი, საბაძე - კუტალია.
სათადარიგოები: ი. სტურუა, არქანია, ჭეჭელაშვილი
მწვრთნელი: გია გურული
ლოკომოტივი: ქურდაძე - თ. ღონღაძე (60. ჩიტეიშვილი), ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა - ნ. ჭანტურია - ნ. ქავთარაძე (71. გაბაძე), გავაშელიშვილი, არდაზიშვილი, კიკნაძე (58. არველაძე) - სიხარულიძე.
სათადარიგოები: თევდორაძე, ბუღრიძე, არველაძე, თომაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილებები: ღონღაძე (50), არდაზიშვილი (59), გოგიტიძე (61), რეხვიაშვილი (65)
არბიტრი: ჯ. ხორავა.
მომდევნო ტური
12 აპრილი
ლოკომოტივი-დილა
13 აპრილი
კოლხეთი-სამტრედია
დინამო (თბ)-შუქურა
საბურთალო-დინამო (ბთ)
ტორპედო-ჩიხურა.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 6
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 5
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 4
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
ნ. საბანაძე (ტორპედო) 3.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"