"არ ვართ ისეთი პროფესიონალები, საკუთარ თავს მაქსიმუმი რომ მოვთხოვოთ"

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში ლამის ყველა გუნდი იბრძვის და მატჩები იმდენად არაპროგნოზირებადია, ვერ გაიგებ, ვინ ვის მოუგებს. პირველი დიდი სენსაციის ავტორი ქობულეთის "შუქურა" იყო, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე "სამტრედიასთან" ქულა მოიპოვა, მერე ქუთაისის "ტორპედოსაც" არაფერი დაუთმო და კვლავ კარგი ფეხბურთი აჩვენა.

ბევრმა ჩათვალა, რომ გია გურულის გაწვრთნილები ლიგაში "კერკეტი კაკლის" როლს მოირგებდნენ...

მაგრამ ეს იმედები, ჯერჯერობით, არ მართლდება. ქობულეთელებმა მხოლოდ 2 ქულა დააგროვეს და ყველაზე მეტი (16) გოლი გაუშვეს. დღესაც ქობულეთელებს თბილისის "დინამოსთან" ურთულესი მატჩი ელით.

გია გურული "შუქურას" სადღეისო მდგომარეობაზე გველაპარაკა:

"სეზონი
მართლაც კარგად და დამაიმედებლად დავიწყეთ. ეს იმიტომ, რომ თითქმის ყველა ფეხბურთელი მწყობრში იყო და საკადრო არჩევანიც მეტ-ნაკლებად გვქონდა. მაგრამ დაიწყო თამაშები და პრობლემებმა იმატა. ყველაფრის თავი და თავი ჩავარდნილი მოსამზადებელი ეტაპია. ასეთ დროს, ფეხბურთელები დატვირთვებს ვერ უძლებენ და ტრავმების რისკიც იზრდება.

ამას ემატება ქობულეთის სტადიონის ცუდი საფარი. ის იმდენად მძიმე და სახიფათო მოედანია, ყველა შესვლაზე ვშიშობ, ვინმე არ დაშავდეს. მაგრამ, გვინდა თუ არა, ეს გარდაუვალია - ბოლო ტურში 6 მოთამაშე დაგვაკლდა...

თუ აკვირდებით, პირველ ტაიმს თითქმის ყველასთან კარგად ვთამაშობთ, მაგრამ მეორე ნახევარში ამას ვეღარ ვახერხებთ. ეს იმიტომ, რომ "შუქურას" სათადაროგოთა სკამი ძალიან მოკლეა. გამოუცდელ ახალგაზრდებს ვათამაშებთ და რაც შეუძლიათ, აკეთებენ.

როგორც იტყვიან, თავს ზემოთ ძალა არ არის. სხვათა შორის, ყველა შეხვედრაში გვაქვს საგოლე მომენტები, მაგრამ ვერ ვიყენებთ. რა დავარქვა ამას - უიღბლობა? უკლასობა?" - სწუხს გურული.

"ლოკომოტივთან" წინა ტურის მატჩში პირველად ითამაშა უზბეკეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა, 31 წლის ალექსეი კლეცკოვმა (10 მატჩი და 3 გოლი ეროვნულ გუნდში). გურულის თქმით, მისი მოყვანა სწორედ საკადრო პრობლემებმა განაპირობა:

"კლეცკოვი გამოცდილი მოთამაშეა და როცა მისი დამატების შანსი გამოჩნდა, უარს როგორ ვიტყოდი?! "ლოკომოტივთან" ისე ვათამაშე, სულ სამი დღის ჩამოსული იყო. სხვა გზა არ გვქონდა.

დღეს კლუბს ნამდვილად არ აქვს ისეთი ბიუჯეტი, ყველა პოზიციაზე თანაბარი ძალის ორი მოთამაშე ჰყავდეს. არადა, ჯანსაღი კონკურენციისთვის აუცილებელია, რომ არავინ არ მოდუნდეს. ჩვენ ისეთი პროფესიონალები არ ვართ, რომ ასეთ პირობებში საკუთარ თავს მაქსიმალური მონდომება მოვთხოვოთ".

გურულის თქმით, უახლოეს პერიოდში ორ უკრაინელ ლეგიონერს ელიან: ერთი თავდამსხმელია, მეორე - ნახევარმცველი. ამ და კიდევ სხვა ფაქტორების გამო "შუქურას" თავკაცი წარმატების იმედს არ კარგავს:

"ერთი შეხედვით, ჩვენს მდგომარეობაში იმედიანად ყოფნა სასაცილოა, მაგრამ არის ლაპარაკი, რომ სპონსორი მოვა. ეს კი მეტ სატრანსფერო შესაძლებლობას მოგვცემს.

მეორეცაა - მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ხელმძღვანელობა გვერდში გვიდგას, რაც ბევრს ნიშნავს. ამას გარდა, იმედი გვაქვს, რომ ლაზარეთიდან ხალხი მალე დაგვიბრუნდება. მაგალითად, შალამბერიძეს ტერფის ძვალი ჰქონდა მოტეხილი, მაგრამ მკურნალობს და, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაგვიბრუნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გია
აი ამ თქვენს გაუმართავ და სოციალისტურ აზროვნებაშია თქვენი წარუმატებლობის და მუდმივი პრობლემების მიზეზი.
თქვენ ეძებთ "ბიძიკოს საჩუქრებით' ვინც დაგასპონსორებთ და არა "პატრონს" ვინც იყიდის დ რეალურ ფულს ჩადებს კლუბში. თქვეგან არავის უნდა მაგ საბიუჯეტო ფულსახერხი საამქროდან წასვლა, ამიტომაც დიდი მოთავებული იდიოტი უნდა იყოს ვინმე "სპონსორი" რომ ანგარების გარეშე ფული ჩადოს არაკერძო კლუბში, თუკი ასეთი გამოჩნდება, მას ნაღდად არ ექნება კეთილი ზრახვები, რადგან თქვენ მინიმუმ 500 000 ლარი გინდათ ახლა სასწრაფოდ, ამ 500 000 კი სინდისიანი და გაუსვრელი კაცი სხვა კეთილს საქმეს მოახმარს და არა საბიუჯეტო,უძირო კასრს დამსაგვსებულ სოციალისტურ კლუბს.
აი ახალი მფლობელი რომ მოვა და ყველას უკლებლივ დაითხოვს კლუბიდან დიდიან-პატარიანად,ახალ კადრებს მოიყვანს, მაშინ უკევ სულ სხვა შედეგი იქნება. ახლა კი თქვენ იქნებით მხოლოდ ქულების გამჩუქებლების როლში. ეგაა და ეგ
M.S.
17:35 13-04-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული