კახა ჩხეტიანი: კმაყოფილი ვერ ვიქნები, ასე გუნდს ვერ ააშენებ

AutoSharing Option
არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" ფერზე მოვიდა, ქულები დააგროვა და ლიდერებს მიუახლოვდა. აღსანიშნავია პრინციპული გამარჯვებები "სამტრედიასა" და "ჩიხურასთან". დღეს კი ქუთაისელები ქობულეთში ბათუმის "დინამოს" ესტუმრებიან და მორიგი 3 ქულის აღებას შეეცდებიან.

გუნდი რომ ამბიციასა და სახეს იბრუნებს, ეს კახა ჩხეტიანის დამსახურებაა - ნიჭიერი ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი საქმით ამტკიცებს, რომ მისი დანიშვნა გამართლებული იყო. ჩხეტიანის ხელში ქუთაისელები წინ მიიწევენ და ტურიდან ტურამდე ემსგავსებიან იმ "ტორპედოს", რომელზეც მათი გულშემატკივრები ოცნებობენ.

თამაშამდე ორი დღით ადრე "ლელომ" ქუთაისელთა დამრიგებელთან ინტერვიუ ჩაწერა...

- "ტორპედო" მე-4
ადგილზეა და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებს. მაგრამ საინტერესოა, გუნდის თამაშის ხარისხს თავად როგორ აფასებთ?

- თამაშის ხარისხზე რა გითხრათ... მაგრამ კარგია, რომ წინ მივიწევთ. ისიც თვალში საცემია, რომ მესამე ტურიდან მოვუმატეთ და პროგრესი გვაქვს, მაგრამ კმაყოფილი არ და ვერც ვიქნები, რადგან ასეთი დამოკიდებულებით გუნდს ვერავინ ააშენებს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გუნდში არსებული ხარვეზები დავინახოთ და გამოვასწოროთ.

- "ტორპედოს" ყველაზე დიდ ნაკლად რას მიიჩნევთ?
- დაუფიქრებლად ვიტყვი: მომენტების რეალიზაციას. ეს ჩვენი დიდი პრობლემაა. განვლილ თამაშებს ვეღარაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ მეორე ტურიდან შექმნილი მომენტები რომ გავიხსენოთ, მათი ნახევარიც რომ გამოგვეყენებინა, ახლა გაცილებით მეტი ქულა გვექნებოდა და უკეთეს პოზიციაშიც ვიქნებოდით. შანსები სუპერთასზეც გვქონდა, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ.

- რეალიზაციის გარდა, კიდევ რა გაქვთ გამოსასწორებელი?
- აშკარაა, რომ გარკვეულ რგოლებში პრობლემები გვაქვს, მაგრამ დამაიმედებელი მომენტებიც დავინახე და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შემადგენლობით "ტორპედოს" ბევრად უკეთესი და უფრო ლამაზი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია, თუკი დაიხვეწება, შეთამაშდება და მოუმატებს.

- ჩემპიონატი ისეთია, წინასწარ ვერაფერს იტყვი, მაგრამ ბათუმის "დინამოსთან" იოლი დაპირისპირება რომ არ გექნებათ, ეს ისედაც ცხადია...
- ბათუმის "დინამო" საკმაოდ ძლიერი და ბრძოლისუნარიანი გუნდია და ისეთი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, თამაშის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლიათ. ამავე დროს, დაცვითი და შეტევითი ფაზებიც კარგად აქვთ აწყობილი. მოკლედ, მძიმე მეტოქეა და შანსებს 50/50-ზე ვაფასებ.

- თამაშისთვის როგორ ემზადებით?
- განსაკუთრებულად, ისევე, როგორც ყველა გუნდთან მატჩისთვის. დარწმუნებული ვარ, საინტერესო და დაძაბული თამაში გველის. ერთადერთი ხელისშემშლელი გარემოება იქნება მოედნის საფარი, რომელიც, ყველამ ვიცით, კატასტროფულ მდგომარეობაშია. მე არ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიშლის ხელს, ბათუმის "დინამოსაც" იგივე პრობლემა ექნება. მაგრამ ჩვენთვის ეს დამატებითი სირთულეა იმ მხრივ, რომ "ტორპედო" ბალახის საფარზე თამაშობს და ვარჯიშობს. ამის მერე, ქობულეთის ხალიჩა საშიშიც არის და არასასიამოვნოც. ბათუმის "დინამოს" ეს უპირატესობას აძლევს. მაგრამ ყურადღებას მხოლოდ ამას რომ ვაქცევდეთ, არ ივარგებს. მე ჩემი გუნდისა და ფეხბურთელების დიდი იმედი მაქვს და ამ თამაშშიც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

- უცხოური კლუბების მწვრთნელებისგან, რომლებიც ქართველ ლეგიონერებს ავარჯიშებენ, ხშირად გვესმის, რომ ჩვენი მოთამაშეები შესვენების შემდეგ წონამომატებულები ბრუნდებიან მწვრთნელის განკარგულებაში. მართალია, ახლა ხანმოკლე სააღდგომო პაუზა იყო, მაგრამ საინტერესოა, "ტორპედოში" ფეხბურთელები რა მდგომარეობაში დაბრუნდნენ?
- ასეთი რამ ჩვენთან გამორიცხულია. პროფესიონალი ფეხბურთელები გვყავს და მათ ვენდობი, რადგან ყველამ იცის, როგორ უნდა მოემზადოს და დაისვენოს - წონაში მომატებისა და რეჟიმის დარღვევის უფლებას თავს არავინ აძლევს. ახლაც ჩვეულებრივ რეჟიმში ვემზადებით, რადგან ყველა ნორმალურ მდგომარეობაში დაგვიბრუნდა.

- ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ კლუბები IN-STAT პროგრამით მოამარაგა. ეს მუშაობაში მართლა გეხმარებათ?
- IN-STAT პროგრამა მწვრთნელებს საშუალებას გვაძლევს, ჩვენი და მოწინააღმდეგე გუნდებისა და მოთამაშეების მდგომარეობა, წინსვლა, დადებითი და უარყოფითი მხარეები რეალურად შევაფასოთ.

მოგვეწოდება დეტალური სტატისტიკური ინფორმაციები გუნდზე, ფეხბურთელებზე, ტექნიკურ-ტაქტიკურ მონაცემებზე, ვინ რამდენჯერ დაარტყა კარში და რა სიზუსტით, გადაცემებს რა რაოდენობით აკეთებს... მოკლედ, უამრავი საჭირო ინფორმაციაა და ამით შესაძლებელია მეტოქესთან მატჩისთვის კარგად მოემზადო.

მოკლედ რომ ვთქვათ, IN-STAT პროგრამა ჩვენც და ყველა კლუბს დიდ სამსახურს გვიწევს. თანამედროვე ფეხბურთში ამის გარეშე მუშაობა შეუძლებელია, რადგან ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური მიდგომა და დატვირთვა სჭირდება, ამ ყველაფრის გათვალისწინება და გამოყენება კი იმის საფუძველი იქნება, რომ გუნდმა და თითოეულმა მოთამაშემ სეზონი მაქსიმალურად კარგად ჩაატაროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოედნის საფარის გარდა, ხელისშემშლელი ამინდიც იქნება, საშინელი ქარია...
ჯიმი
13:45 22-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული