ჩიხურა-კოლხეთი 3:1 - გუნდურად, დამაჯერებლად... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სწრაფი, ცოცხალი და სანახაობრივი მატჩი იხილა "დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა. გავიდა 4 გოლი და შეიქმნა უამრავი საგოლე მომენტი. ფეხბურთელებს გვარიანად შეეშველა შესანიშნავ მდგომარეობაში მყოფი გაზონი...

"ჩიხურამ" მატჩი სამი ლიდერის: ლევან კაკუბავას, გიორგი გაბედავასა და თორნიკე გორგიაშვილის გარეშე ჩაატარა. ლიდერები "კოლხეთსაც" აკლდა - კენიის ნაკრების მცველი უმა ოტიენო და უკრაინელი შემტევი - მიკოლა კოვტალიუკი.

თამაშის ხარისხით ფოთელები ბევრად უარესნი არ ჩანდნენ მეტოქეზე, მაგრამ მატჩის ბედი მნიშვნელოვანმა მსხვილმანმა გადაწყვიტა. პირობითმა მასპინძელმა სტუმარზე უკეთ გამოიყენა საგოლე შანსები. თუნდაც, ფოთელთა მიერ გაფუჭებული 11-მეტრიანი ავიღოთ,
გამოცდილმა დავით ბოლქვაძემ კარს ზემოდან რომ გადააცილა. მართალია, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ცივსისხლიანად ვერც საჩხერელმა დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა, მაგრამ იმერლებმა დამატებაზე იმარჯვეს.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა ფოთელთა უკანა ხაზის თამაში. თუნდაც ის რად ღირს, რომ ტატანაშვილის პენალტის შემდეგ სტეპან სიკაჩის მოგერიებულ ბურთზე ფოთელ მცველთაგან ვერავინ ივარგა და ირაკლი ლეკვთაძემ მშვიდად გაიტანა დამატებაზე.

გამორჩეულები
როგორც ყოველთვის, "ჩიხურამ" გუნდურად ითამაშა და ამის ხარჯზე მოიგო, მაგრამ საჩხერელთა შორის აშკარად გამოირჩა მიხეილ სარდალიშვილი. ამ სტადიონზე მას არაერთი წუთი გაუტარებია "ზესტაფონის" ფეხბურთელის რანგში. მან პარასკევსაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - გოლიც გაიტანა და 11-მეტრიანიც მოუპოვა თავის გუნდს.

არ შეიძლება, არ აღინიშნოს გიორგი განუგრავას კარგი თამაშიც. მან ძველი დრო გაგვახსენა, როცა ყველა ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდით მასზე... გიორგი არც ახლაა იმ ასაკში, მისი პროგრესის იმედი და მოლოდინი რომ არ გვქონდეს. როგორც იტყვიან, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული...

და დაფე...
ვინ თქვა, რომ წაგებული გუნდის შემადგენლობაში ფეხბურთელის გამორჩევა არ შეიძლება? "კოლხეთის" სენეგალელმა ლეგიონერმა ბუბაქარ არფანგ დაფემ ძალიან მოგვაწონა თავი. სწრაფმა და მეტად ტექნიკურმა სენეგალელმა ფლანგელმა დაგვარწმუნა, რომ ერთ დროს ტყუილად არ თამაშობდა მადრიდის "ატლეტიკოს"... თუნდაც მეორე გუნდში.

მატჩის სტენოგრამა
8' - 1:0! გიორგი ივანიშვილის პასის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილი თამაშობს დასწრებაზე და "ჩიხურა" წინ გაჰყავს.
11' - გიორგი ბუხაიძე ხელსაყრელი სიტუაციიდან აგვიანებს დარტყმას.
13' - მიხეილ სარდალიშვილის პასი და ზაზა ჭელიძის დარტყმა: კოლხები სიკაჩმა გადაარჩინა.
20' - დაფე გაიჭრა ფლანგზე და ფოთელთა შეტევა იმით დასრულდა, რომ დინო ჰამზიჩმა თამაზ შალიკაშვილი საჯარიმოში წააქცია. 11-მეტრიანი დავით ბოლქვაძემ შეასრულა და კარს ზემოდან გადააცილა.
30' - ტატანაშვილის პასის შემდეგ სარდალიშვილი ხელსაყრელ სიტუაციაში თითქოს დაიბნა, მაგრამ მაინც მოიპოვა ბურთი და საჯარიმოში წააქციეს...
31' - 2:0! 11-მეტრიანი ტატანაშვილმა დაარტყა, სიკაჩმა ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ლეკვთაძემ დაასწრო და საჩხერელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
38' - გიორგი კორიფაძემ მახვილი კუთხიდან ფოთელთა კარის ბადეს გარედან გაარტყა ბურთი.
47' - 3:0! სარდალიშვილი შესანიშნავად გაიხსნა და უზუსტესად დაარტყა.
48' - ლეკვთაძის პასის შემდეგ ჭელიძეს თავური ოდნავ აუცდა.
54' - სიკაჩმა ტატანაშვილის ურთულესი დარტყმული მოიგერია.
56' - კორობკამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
65' - 3:1! დაფეს ფლანგურ გარღვევას პასი მოჰყვა. მცირე რიკოშეტის შემდეგ ბურთი კაკულიას მიუვიდა და ასე გავიდა მესამე გოლი "კოლხეთის" კარში.
70' - ტატანაშვილის დარტყმულს ოდნავ დააკლდა სიზუსტე.

ეროვნული ლიგა. VIII ტური
21.04. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
ჩიხურა-კოლხეთი 3:1
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (8), 2:0 ლეკვთაძე (31), 3:0 სარდალიშვილი (47), 3:1 ლ. კაკულია (65)
გამოუყენებელი პენალტები: ბოლქვაძე (21), ტატანაშვილი (31)
ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - ჩიკვაიძე, მირცხულავა, შ. კაშია, კორიფაძე - სარდალიშვილი, ზ. ჭელიძე, განუგრავა, ივანიშვილი (89. დობროვოლსკი), ლეკვთაძე (66. გეგეჭკორი) - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, დეკანოიძე, გელაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
კოლხეთი (4-5-1): სიკაჩი - გ. კილასონია, ვ. კილასონია, გოგონაია, ქებურია (64. ჟიშკარიანი) - კორობკა, ბოლქვაძე, შალიკაშვილი (59. ენდელაძე), ჯანელიძე (46. ლ. კაკულია), დაფე - ბუხაიძე.
სათადარიგოები: შერმადინი, ლუკავა, კვარაცხელია
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ჰამზიჩი (20), გ. კილასონია (30), ვ. კილასონია (50), ბოლქვაძე (75), ჟიშკარიანი (90)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
ბ. არაბული (დინამო თბ) 5
ნ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5

მომდევნო ტური
29 აპრილი, შაბათი
ლოკომოტივი-ჩიხურა
საბურთალო-შუქურა

30 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (ბთ)
დილა-სამტრედია
ტორპედო-დინამო (თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაწკობილი თამაში იყო აშკარად 30 წუთზე 3.5 მეტ გოლდს 1.3 ქონდა და 1 ნს 1.3
ki aba
15:38 26-04-2017
0
ამ სეზონში პირველად მომეწონა ჩიხურას თამაში.... სწრაფი, გააზრებული და კომბინაციური.... ბრავო ბიჭებო, ბრავო ბ-ნო სოსო....
elgvisa
06:55 25-04-2017
0

სიახლეები პოპულარული