ეროვნული ლიგა. IX ტურის წინ: "ქართული კლასიკო"

AutoSharing Option
დღეს, 30 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XI ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება.

ამ ტურს "ჩვეულებრივს" ნამდვილად ვერ ვუწოდებთ - დასკვნითი მატჩი ხომ ქუთაისში უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კარგ ფორმაში მყოფი ძველი და პრინციპული მეტოქეები - "ტორპედო" და თბილისის "დინამო"!

ვერაფერს ვიტყვით: მართლაც დიდი ინტრიგა გველოდება მორიგი "ქართული კლასიკოს" წინ, მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში, სატურნირო სიტუაციაც ხომ გასათვალისწინებელია?

თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ ტურის მატჩებით XXIX ჩემპიონატის I წრე დასრულდება და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მიმდინარე სეზონის
პირველი "საშუალედო ფინიშის" გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ქუთაისურ მატჩში გაირკვეს.

კოლხეთი-დინამო (ბთ)
არავინ იცის, როგორი იქნებოდა ამ გუნდების შედეგები მიმდინარე სეზონში, საშინაო მატჩების ჩატარება საკუთარ ქალაქში და საკუთარ სტადიონზე რომ უწევდეთ! ჰო, უკვე მერამდენე წელიწადია, რაც "კოლხეთიც" და ბათუმის "დინამოც" სხვაგან "მასპინძლობენ" მეტოქეებს და მიმდინარე სეზონში ამ გუნდების არასტაბილური ასპარეზობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეს ფაქტიც უნდა მივიჩნიოთ.

თუმცა სხვა ფაქტორებიც უნდა ვახსენოთ და იმავე "კოლხეთის" შემთხვევაში არანაკლებ აქტუალურად მიგვაჩნია ის საკითხიც, რომ გელა სანაიას გუნდს, ფაქტობრივად, ყოველ ტურში უწევს არაოპტიმალური შემადგენლობით თამაში. მიზეზი კი, წამყვანი ფეხბურთელების აშკარად "ნორმაზე მეტი" დისკვალიფიკაციებია და გამონაკლისი არც ძველი მეტოქეების ეს დაპირისპირება იქნება.

ისე, საინტერესოა, თუ რომელი გუნდი შეწყვეტს უსიამოვნო სერიას: "კოლხეთს" ზედიზედ 4 მატჩია არ მოუგია, ლევან ხომერიკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბათუმის "დინამომ" კი ზედიზედ 3 მატჩი წააგო...

დილა-სამტრედია
არცთუ შორეულ წარსულში ჩვენი ჩემპიონატის "მარადიულ ფავორიტს", თბილისის "დინამოს" დროდადრო გამოუჩნდებოდა ხოლმე სერიოზული კონკურენტი, თუმცა, დღესდღეობით ისეთი რეალობაა, რომ "ვიტ ჯორჯია" და "სიონი" რანგით ქვედა ლიგაში ასპარეზობენ, "ზესტაფონი" და რუსთავის "ოლიმპი" ("მეტალურგი") კი, საერთოდ, აღარც არსებობენ.

სამაგიეროდ, ბოლო წლებში სწორედ "დილამ" და "სამტრედიამ" მოახერხეს "დინამოს" ჰეგემონიის დამხობა: უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილმა გორელთა გუნდმა 2015 წელს მოიპოვა თავის ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტული, ხოლო გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მოასპაზრეზე "სამტრედია" დღეს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გამოდის.

სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში ამ გუნდების თამაშში "საჩემპიონო ამბიცია" ჯერჯერობით არ იგრძნობა და "სამტრედიაც" და "დილაც" სატურნირო ცხრილში ქვედა ექვსეულში იმყოფებიან. ყველაზე დიდი "უცნაურობა" კი ის არის, რომ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ვერც "დილამ" და ვერც "სამტრედიამ" ჯერჯერობით ვერ მოახერხეს... საშინაო მატჩის მოგება.

ვნახოთ, როდემდე გაგრძელდება ასეთი სიტუაცია, მანამდე კი იმას ვიტყვით, რომ პირველი წრის ბოლო ტურს მეტოქეები განსხვავებულ ხასიათზე ხვდებიან: "დილამ" თასის მერვედფინალში წარმატებით ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

აი, "სამტრედიას" კი ყველაზე რთული მეტოქე ("ტორპედო") ჰყავდა და, როგორც იცით, მეოთხედფინალში ქუთათურთა გუნდი გავიდა...

ტორპედო-დინამო (თბ)
ამ ტურის და საერთოდ, პირველი წრის, უდავოდ, ყველაზე საინტრიგო მატჩი: ძველი და პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაში ხომ პირველი წრის გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს! სტუმრებს ამ მიზნის მისაღწევად ქულაც ჰყოფნით, მასპინძლები კი გამარჯვების შემთხვევაში გადაუსწრებენ თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ორივე გუნდს 18-18 ქულა ექნება, მაგრამ "ტორპედოს" უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგით გამოიხატება.

იმედია, "ქართულ კლასიკო" უექსცესოდ ჩაივლის! სამწუხაროდ, უკვე მართლაც ტრადიციად იქცა, რომ საქართველოს ყველაზე წარმატებული ორი გუნდის პაექრობებს (განსაკუთრებით - ბოლო წლებში), იშვიათი გამონაკლისის გარდა, მუდამ სკანდალები ახლავს ხოლმე. არადა, უშუალოდ მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შორის გასაყოფი არაფერია, რასაც ვერ ვიტყვით ორივე გუნდის ქომაგთა გარკვეულ ნაწილზე...

...ტერმინი "ქართული კლასიკო" აქტუალური 90-იანი წლების დასასრულიდან გახდა, ანუ, იმ დროიდან, ქუთაისში ამბიციური გუნდის ჩამოყალიბებას რომ ჩაეყარა საფუძველი და სწორედ "ტორპედო" იყო პირველი გუნდი, საქართველოს ჩემპიონატში თბილისის "დინამოს" ათწლიანი ჰეგემონია რომ დაამხო!

ჰოდა, ამიტომაც არის, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში თბილისის "დინამოს" ყველაზე მეტი მატჩი სწორედ "ტორპედოსთან" რომ აქვს წაგებული; თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქუთათურთა საყვარელ გუნდს თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე საკუთარ მოედანზე უკვე 6 წელიწადია არ დაუმარცხებია!

წარუმატებელი აღმოჩნდა "ტორპედოსათვის" ბოლო საშინაო მატჩიც: გარდამავალი ჩემპიონატის ბოლო ტურში, თბილისის "დინამომ" გიორგი ზარიას ერთადერთი გოლის წყალობით სტუმრად მოუგო უპრინციპულეს მეტოქეს.

თუმცა, ასევე შარშან შემოდგომაზე მოხდა, როცა კახა ჩხეტიანის დამოძღვრილმა "ტორპედომ" საქართველოს თასის ნახევარფინალში "დინამო არენაზე" მართლაც ლამაზ სტილში (თანაც, დამსახურებულად!) მოუგო "დინამოს", ფინალის საგზურიც მოიპოვა და მერე, თასიც დაისაკუთრა!

ეს ყველაფერი უკვე ისტორიაა, დღევანდელი რეალობა კი ისეთია, რომ ერთმანეთს უპირისპირდებიან ჩინებულ ფორმაში მყოფი გუნდები: სათასო პაექრობების ჩათვლით, "ტორპედოს" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ნორმაზე მეტად" ახალგაზრდული "დინამო" კი მორიგ "ქართულ კლასიკოს" ზედიზედ 6 მოგებით (სათასო მატჩების ჩათვლით) ხვდება!

ეროვნული ლიგა. IX ტური
30 აპრილი
ქობულეთი. ჩელე არენა. 13:30
კოლხეთი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
49: +17 =12 -20, 51:69
დისკვალიფიკაცია: დავით ბოლქვაძე, თამაზ ჟიშკარიანი (ორივე კოლხეთი) - გელა გოგიტიძე (დინამო ბთ)

გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 15:30
დილა-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
31: +15 =2 -14, 43:40
დისკვალიფიკაცია: გივი ქარქუზაშვილი (დილა) - ნიკა სანდოხაძე (სამტრედია).

ქუთაისი. რამაზ შენგელია. 17:30 LIVE I არხზე
ტორპედო-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
63: +15 =16 -32, 60:108
დისკვალიფიკაცია: გურამ ადამაძე (ტორპედო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია, თამაშს მაყურებელი არ დააკლდება და ფრიად საინტერესოც იქნება...
tngh
13:04 30-04-2017
0
ჩვენ ვართ ტორპედოოო
შავ-თეთრებო არ დავნებდეთ
და ვიბრძოლოთ
ქუთაისის სიამაყემ უნდა მოიგოს
ღირსეული გამარჯვება
ბრძოლას მოითხოვს.....
ტორპედოსგან ჩვენ ველით გოლს გოლს
ქუთაის გაუმარ ჯოს ჯოს
torpedoooo
12:30 30-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული