დილა-სამტრედია 1:2 - ამას შინაური თუ გაგიკეთებს... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - "დილამ", რომელიც ამ სეზონში შინ წარუმატებლად თამაშობს, ისევ წააგო, ხოლო "სამტრედიამ", რომელსაც სტუმრად გაცილებით მეტი ქულა აქვს დაგროვილი, კვლავ იმარჯვა. ნიშანდობლივია, რომ სამტრედიელებმა შარშან გორში გამართული ორივე კალენდარული მატჩი 2:1 მოიგეს...

გორელი გულშემატკივარი შეწუხებულია იმის გამო, რომ მათი გუნდი არასახარბიელოდ თამაშობს და სატურნირო ცხრილში სულ უფრო ქვემოთკენ მიიწევს. სწორედ ამიტომ ნებისმიერი დამატებითი ფაქტორი, რაც "დილას" დამარცხებას იწვევს, ადგილობრივი ქომაგისთვის ორმაგად გამაღიზიანებელია. ახლა ბევრი მათგანი იკამათებს ეპიზოდებზე, როცა ნუბიო ფლავიოს წაქცევის ან მატჩის
მიწურულს სტუმართა მცველის მიერ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა და ასეთ შემთხვევაში, იქნებ გორელები არ დამარცხებულიყვნენ.

მაგრამ ამის გამო უკანა პლანზე გადაიწევს მთავარი პრობლემა - გუნდი ვერ თამაშობს ისე, რომ მოგება შეძლოს, მეტიც - გოლის გატანაც უჭირს. ერთი კინკილა მოგების გარდა, "დილას" 9-დან 5 მატჩი ფრედ აქვს ნათამაშები, საიდანაც ორი - ნულოვანი იყო, დანარჩენ შემთხვევაში კი მხოლოდ ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ გადაარჩინეს ქულა.

"სამტრედიასთანაც" ვერ გაისარჯნენ მასპინძლები სახარბიელოდ, თუმცა პირველ ტაიმში არც სტუმრები იყვნენ რაიმეთი გამორჩეულები. სახიფათო მომენტები, რომლებიც შესვენებამდე ორივე კართან შეიქმნა, მცირე რაოდენობითაც იყო და თან ისეთი, მეკარეებს, ფაქტობრივად, არც უწევდათ თამაშში ჩართვა, რადგან კარისკენ ყველა დარტყმას გვარიანად აკლდა სიზუსტე.

მეორე ტაიმი უფრო უხვად იყო დახუნძლული ისეთი მომენტებით, რაც გოლების და, შესაბამისად, სანახაობისთვის თვალის დევნების შანსს მოგვცემდა. "დილა" ჯერ შესვენების შემდეგ შემოსულმა წიქარიძემ გაააქტიურა, შემდეგ - ტარავალიემ, მაგრამ, ვიდრე მასპინძლების მოქმედება შედეგს მოიტანდა, "სამტრედიაში" მოთამაშე გორელმა ფეხბურთელმა დავით რაჟამაშვილმა მშობლიური ქალაქის გუნდის კარი აიღო.

ეს გოლი, ისევე, როგორც სტუმართა მეორე წარმატება, სწრაფ კონტრიერიშს მოჰყვა. ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ გია ცეცაძის შეგირდები ამ კომპონენტში შესანიშნავად მოქმედებდნენ.

გოლების როგორმე გამოდნობა მასპინძელთა იერიშებიდანაც უნდა მოხერხებულიყო, მაგრამ ლეანდრო რიბეიროს, რომელიც თავის გუნდში კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, სათანადოდ ვერავინ დაუფასა ბოლო პასი. რიბეირომ ტარავალიეს კი გაატანინა მშვენიერი გადაცემით, მაგრამ იქამდე, დაახლოებით იმავე პოზიციაში მყოფმა ფლავიომ, ვერ შეირგო მისი გამოზომილი პასი. ერთხელაც მის მიერ ძლიერ დარტყმულს ვერ მიუსწრო იმავე ფლავიომ.

ტარავალიეს გოლით გორელებმა ფოთის "კოლხეთთან" ქულა მოიპოვეს, ამჯერად კი მისი გარჯა არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რადგან ამ მატჩს სიერალეონელი (ტარავალიე იქაურია) კი არა, თურმე გორელი გმირი უნდა ჰყოლიდა...

მატჩის გმირი
დავით რაჟამაშვილი გორის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ტანმორჩილი და ტექნიკური ნახევარმცველი 5 წლის წინათ წავიდა გორიდან და ზესტაფონსა და სამტრედიაში რამდენიმე კარგი სეზონი ჩაატარა. ბოლო ხანს "რაჟამა" თავისი ყოფილი გუნდის კარში გადამწყვეტი გოლების გატანას მიეჩვია. "სამტრედიამ" ზუსტად 1 წლის წინათ მოგებულ შეხვედრაში სწორედ რაჟამაშვილის მიერ გატანილი მეორე გოლით იმარჯვა.

იგი ამ მატჩშიც საკმაოდ აქტიური იყო. თავისი გუნდის ბევრი კომბინაცია სწორედ მისი გავლით ხვდებოდა მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან, მაგრამ, სულაც რომ არაფერი გაეკეთებინა, გადამწყვეტი დუბლის გამო, რასაკვირველია, სწორედ ის უნდა მივიჩნიოთ მატჩის გმირად.

ალბათ, ხშირად გაგიგონიათ ცალკეული შემთხვევებისას - ამას შინაური თუ გაგიკეთებსო. ჰოდა, ასეა ამ შემთხვევაშიც. ისე, სახუმაროდ კი ნამდვილად არა აქვს "დილას" საქმე.

მატჩის სტენოგრამა
7' - გაგოშიძემ კარგი პოზიციიდან ვერ შეძლო ზუსტად დაერტყა.
17' - რაჟამაშვილმა შეაღწია საჯარიმოში და კარისკენაც დაარტყა, თუმცა სიზუსტე დააკლო.
25' - დათუნაიშვილის მიერ ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს გოგიაშვილმა თავი დაუხვედრა, მაგრამ კარში რიგიანად ვერ გაუშვა.
51' - თენგიზ წიქარიძის დარტყმული საჯარიმოს მისადგომებიდან მიგინეიშვილმა ხელში ვერ შეიმაგრა, თუმცა სიტუაცია კი განმუხტა.
53' - გოლი! სამტრედიელთა სწრაფი კონტრშეტევისას დავით ჩაგელიშვილმა საჯარიმოში შეჭრილ რაჟამაშვილს ჩაუწოდა, რომელმაც თავურით ბურთი ბადეში გაახვია - 0:1.
65' - ჯიქია ახლო მანძილიდან გზავნიდა ბურთს კარის მიმართულებით, რომელსაც მცველი გადაეფარა, ბერიაშვილის დამატებულზე "დილა" მუჯრიშვილმა გადაარჩინა.
69' - სწრაფი კონტრშეტევისას ჯიქიამ რაჟამაშვილი მოძებნა, ამან კი - უკეთეს პოზიციაში მყოფი ჩაგელიშვილი, თუმცა მასპინძელთა მეკარემ კარიდან გამოსვლა და ეპიზოდის განმუხტვა მოასწრო.
71' - გოლი! კირკიტაძემ გრძელი პასით თამაში მარცხენა ფრთაზე გადაიყვანა, საიდანაც რიბეირომ ჩინებული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ტარავალიე და ტაბლოზე 1:1 აინთო.
81' - ჯიქიას ახლოდან გატანა მუჯრიშვილმა არ დაანება.
82' - კირკიტაძის პასი დერეტიმ ვერ შეირგო და სახეირო პოზიციიდან ცუდად დაარტყა.
85' - რიბეირომ საჯარიმოში შეაგდო ბურთი, რომელიც სამტრედიელთა მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარად განსაჯა - პენალტი არ დანიშნა.
86' - სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა და რაჟამაშვილს გააქვს გამარჯვების გოლი - 1:2.

ეროვნული ლიგა. IX ტური
30.04. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-სამტრედია 1:2
გოლები: 0:1 რაჟამაშვილი (52. ჩაგელიშვილის პასით), 1:1 ტარავალიე (72. რიბეიროს პასით), 1:2 რაჟამაშვილი (85. სამუშიას პასით)
დილა (4-3-3): მუჯრიშვილი - გაგოშიძე (46. წიქარიძე), კვახაძე, მაჩაიძე, ფოფხაძე - პაპავა, ძარია (73. დერეტი), კირკიტაძე - რიბეირო, მათიაშვილი, ფლავიო (66. ტარავალიე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, აბუბაქარი, რომარიკი, რაზმაძე
მწვრთნელი: ზივ არიე
სამტრედია (4-4-1-1): მიგინეიშვილი - სუხომლინოვი (72. მჭედლიშვილი), გოგიაშვილი, კასრაძე, ახალაძე - რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, დათუნაიშვილი, ჯიქია (90+5. მთივლიშვილი) - ჩაგელიშვილი (81. სამუშია) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ბურკაძე, დოლიძე, მანჯგალაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ახალაძე (55), ჯიქია (90+1), მიგინეიშვილი (90+3), რაჟამაშვილი (90+3), ფოფხაძე (90+3), სამუშია (90+5)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) 10
მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბაჩანა არაბული (დინამო თბ) 6

მომდევნო ტური
4 მაისი, ხუთშაბათი
შუქურა-სამტრედია

5 მაისი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (თბ)
დილა-ჩიხურა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ტორპედო-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ ამ გაზეთს ვინმე კითხულობს ფედერაციის ხელმძღვანელობიდან.თქვენEვის მომინდვია მსაჯის მოქმედებების შეფასება.არ დანიშნულ ორ პენალტზე,რომ საუბრობს სიუჟეტის ავტორი,კარგად დააკვირდით,მეორე გოლის შემთხვევაში,უშლიდა ხელს თუ არა მეკარეს თამაშგარეში მყოფი სამტრედიელი ფეხბურთელი...
nikala
13:53 01-05-2017
0
მაგარი ...... და ...... იდიოტური სათაურია.ასე უწყობთ თქვენ ხელს სპორტს და კლუბებს შორის,ადამიანებს შორის ურთოერთობებს?
Guadua
13:57 01-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული