"თუ ზივ არიე თავად არ მოისურვებს "დილადან" წასვლას, მას არავინ გაუშვებს"

AutoSharing Option
გორის "დილამ" ეროვნული ლიგის IX ტურის საშინაო შეხვედრა "სამტრედიასთან" 1:2 დათმო. ამ მარცხიდან გამომდინარე, ქართულ საფეხბურთო კულუარებში ითქვა - შესაძლოა, კლუბმა მალე ებრაელი დამრიგებელი ზივ არიე დაითხოვოსო...

გარდა ამისა, გორული კლუბი პასუხს ელის უეფადან. უნდა გაირკვეს, შეძლებს თუ არა "დილა" ევროტურნირებზე ასპარეზობას...

ამ და სხვა საკითხებზე "ლელო" გორული კლუბის მმართველ დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს ესაუბრა...

- "დილას" ქომაგებს "სამტრედიასთან" მატჩში გამარჯვების იმედი ჰქონდათ, მაგრამ გუნდმა დადებითი შედეგის მიღწევა მაინც ვერ მოახერხა...
- ტრავმების ეპიდემია არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ დავმარცხდით.
თავადაც ნახეთ, თენგიზ წიქარიძე მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში. ის კარგა ხნის განმავლობაში უვარჯიშებელი იყო. ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა ჟეან დერეტმა სულ ორი დღეა, რაც ვარჯიში დაიწყო და თამაშის მიწურულსაც ამიტომ გამოჩნდა მინდორზე. კვლავ დაშავებულია ირაკლი მოდებაძე. მცველმა გივი ქარქუზაშვილმა კი სამი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვა ეს შეხვედრა.

ამასთან, ჩვენ ვხედავთ იმ ნაკლსაც, რომლებიც არის ჩვენს თამაშში და ვმუშაობთ მათ გამოსასწორებლად.

უნდა გავითვალისწინოთ მსაჯობის თემაც. ჩვენი აზრით, არბიტრი შეცდა, როცა "სამტრედიას" გოლი ჩაუთვალა. იქ იყო თამაშგარე მდგომარეობა... იყო კიდევ ერთი სადავო ეპიზოდი... გასაგებია, რომ არბიტრმა არ ჩათვალა საჭიროდ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა, მაგრამ, ჩვენი აზრით, "დილას" კარში გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა და თუ ნახავთ იმ ეპიზოდს, თქვენც დამეთანხმებით.

ოღონდ აქვე უნდა ვთქვა - ნეგატიურ შედეგს არამც და არამც არ ვამართლებ მსაჯის შეცდომით. ჩვენ იმას არ ვფიქრობთ, რომ განზრახ შეცდა. მსაჯი ადამიანია და ისიც ცდება, როგორც ყველა ჩვენგანი... მაგრამ ჩვენ მაინც გავასაჩივრებთ იმ ეპიზოდს და ობიექტურმა კომისიამ გადაწყვიტოს, იყო თუ არა შეცდომა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ "კოლხეთთან" და "საბურთალოსთან" შეხვედრებშიც დაუშვეს არბიტრებმა ჩვენ წინააღმდეგ შეცდომები. მაშინ დუმილი ვარჩიეთ, ახლა კი მივმართავთ შესაბამის სტრუქტურას. შედეგს არაფერი ეშველება, მაგრამ გვსურს, ვიცოდეთ - მართლები ვართ თუ არა.

- ითქვა, რომ შეიძლება მალე "დილასა" და ზივ არიეს გზები გაიყაროს...
- დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ "დილას" მთავარი მწვრთნელი თავად არ მოისურვებს წასვლას, მას არავინ გაუშვებს. ის დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით აგრძელებს მუშაობას. შეიძლება გულშემატკივრებში არის გარკვეული უკმაყოფილება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ბოლომდე ენდობა ზივ ავრაჰამ არიეს.

ისიც უნდა ითქვას, რომ გუნდის დღევანდელი კონტინგენტი ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს მწვრთნელის მოთხოვნებს. აქ ლაპარაკია საქართველოს ჩემპიონატის დონეზე და არა, ვთქვათ, ესპანური პრიმერა დივიზიონის მასშტაბებზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს გუნდი არიეს არ დაუკომპლექტებია. ზაფხულში ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ რამდენიმე პრობლემატურ პოზიციას.

ამასთან, ჩვენ მაქსიმალურად გახსნილები ვართ მასმედიისა და გულშემატკივრების მიმართ. მაგალითად, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სამწვრთნელო შტაბის შეხვედრას ქომაგებთან. მოგეხსენებათ, ბოლო მატჩებში მწვრთნელმა რამდენიმე ფეხბურთელს პოზიცია შეუცვალა. ეს იყო აუცილებლობით გამოწვეული მოვლენა და არა - მწვრთნელების ახირება. ყველაფერი ობიექტურად უნდა აიხსნას, რადგან ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ქომაგების მხარდაჭერა.

ერთიცაა: ინვესტორთა ჯგუფი "დილაში" მოვიდა ხანგრძლივი გეგმებით და ჩვენთვის ერთჯერადი წარმატება არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. გვინდა, ახლავე ჩავუყაროთ საფუძველი იმ ფეხბურთს, რომლითაც წარვდგებით ევროპულ არენაზე. ეს არის პასზე ორიენტირებული, შემოქმედებითი ფეხბურთი. ჩვენ რომ სხვანაირი, მარტივი ფეხბურთი ავირჩიოთ განვითარების ვექტორად, მაშინ გავალთ ევროთასებზე და არაფრით გამორჩეული გუნდი ვიქნებით, არავის დავამახსოვრდებით, ეს კი ნამდვილად არ გვინდა.

- გამოდის, რომ ზაფხულში სერიოზული ცვლილებები იქნება...
- ცვლილებები აუცილებლად იქნება. ზაფხულამდე კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება. გვირჩევნია, წარმატება იყოს სტაბილური და არა - ერთჯერადი, მოკლე ხანში საპნის ბუშტივით რომ გასკდება.

- უეფადან ხომ არ ისმის რამე ახალი?
- შუალედური პასუხი მოვიდა. გვთხოვეს, დაგვეზუსტებინა რამდენიმე ასპექტი. არის კითხვარი, რომელზეც მარტივია პასუხების გაცემა და ჩვენ მალე ამ პასუხებს გავუგზავნით უეფას. მათი მხრიდან საქმისადმი ასეთი მიდგომა გვაიმედებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება და "დილა" შეძლებს ევროასპარეზზე თამაშს მაშინვე, როგორც კი ამის უფლებას მოიპოვებს. ამ საკითხს დიდი ყურადღებით რომ არ ეპყრობოდნენ, ამდენს არც იმსჯელებდნენ, იქნებოდა უარი და მორჩა!

საერთოდ, "დილას" ორიენტირია ევროთასებზე წარმატებით თამაში. გვესმის, რომ იქამდე დიდი მოცულობის სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ეს აუცილებელია, სხვა გზა არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ აზრზე არ იყოთ და ფეხბურთელებს აბრალეთ ეხლა! ვაი თქვენს პატრონს რა გეშველებათ?
Dragonfly
12:06 04-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული