გია ჭიაბრიშვილი: სიმულაცია ჩემი ფეხბურთელებისგანაც მაღიზიანებს...

AutoSharing Option
"საბურთალომ" "შუქურას" 5:0 მოუგო და პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებს. "საბურთალოს" დამრიგებელმა პირველი წრე შეაჯამა...

"რა თქმა უნდა, სასურველია, რაც უფრო მაღალ საფეხურზე ვიქნებით. საკადრო პრობლემების მიუხედავად, პირველ წრეში 15 ქულის მოპოვება დადებითად შეიძლება შეფასდეს. ეს იმის ფონზე, რომ ოპტიმალური შემადგენლობით მხოლოდ საწყისი ორი ტური ვითამაშეთ, შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზის გამო 7 ფეხბურთელი დაგვაკლდა, რაც დიდი დანაკლისია.

რეალობიდან გამომდინარე, შედეგი შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო, მაგრამ 15 ქულის მოპოვება მონდომებით, შრომითა და ერთმანეთის გვერდში დგომით
შევძელით. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, იყო მატჩები, სადაც დასანანი ქულები დავკარგეთ. ასევე იყო შეხვედრები, სადაც მთელი მეორე ტაიმები კაცნაკლულებმა ვითამაშეთ. რომ არა ხსენებული პრობლემები, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა...

ვიცოდით, რომ მარათონული პირველობა გველოდა, აქედან გამომდინარე, საფუძვლიანად მოვემზადეთ. თუ ყველა თამაშში ბოლომდე არ დაიხარჯე და მაქსიმუმი არ გაიღე, შედეგს ვერ მიაღწევ. ყველა თამაში რთულია, როგორც ცხრილის ზედა, ასევე ქვედა პოზიციებზე მყოფ გუნდებთან. 10-გუნდიანი ჩემპიონატი იმედის მომცემია და ვფიქრობ, წინ კიდევ უფრო რთული და საინტერესო მატჩები გველის.

როგორი იქნება მეორე წრე? პროგნოზისგან თავს შევიკავებ, მაგრამ იოლი არავისთვის იქნება. ცხრილში სიმჭიდროვეა და ერთი ფეხის დაცდენა ძვირად დაგიჯდება. მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის შანსი კი ბევრ კლუბს აქვს. პირველი წრე ისე ილეოდა, რომ დიდი ანგარიშით არ მოგვეგო. "შუქურასთან" წარმატება კი ფსიქოლოგიურად ძალიან წაგვადგება. გამარჯვების დიდი სურვილი გვქონდა, მაგრამ ამხელა სხვაობით მოგებას არ ველოდით", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

ჭიაბრიშვილის თქმით, კლუბის და მოთამაშეთა ზრდა თვალში საცემია. მან "საბურთალოში" ლეგიონერებზე, კენიელ ელვინ ტერასა და ბრაზილიელ ვაგნერ გონსალვეშზეც ილაპარაკა:

"გამოცდილებაც მატულობს და ფეხბურთელებიც სხვა დონეზე თამაშობენ. მინდა, მეკარე ლაზარე კუპატაძე გამოვყო, რომელიც დამაჯერებლად და საიმედოდ დგას. წლეულს დაცვის რგოლიც უფრო ორგანიზებულად თამაშობს, ამავდროულად, კარს გუნდურად ვიცავთ.

"საბურთალოს" მოთამაშეთა საშუალო ასაკი 20 წელია და ეროვნულ ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული კლუბია. თუმცა, პირველ წრეში ფარმკლუბიდან თავის გამოჩენის შესაძლებლობა ბევრს მიეცა. არ მქონია იმის განცდა, რომ ისინი დებიუტანტები არიან. "საბურთალო 2", აკადემია და სკოლაც კარგად მუშაობს. სატურნირო ცხრილში ის ადგილი, რომელზეც ახლა ჩვენ ვართ, სწორედ იმ მწვრთნელების დამსახურებაა, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში მუშაობენ.

რაც შეეხება ლეგიონერებს: "საბურთალოს" თავისი სათამაშო სტილი და ხელწერა აქვს. ჩვენ შევსებას ძირითადად საკუთარი აღზრდილებით ვიღებთ. და თუ ტრანსფერი განვახორციელეთ, ფეხბურთელის სათამაშო სტილს საფუძვლიანად ვსწავლობთ. ჩვენთვის არ არის გასაკვირი, ელვინი და ვაგნერი "საბურთალოს" სქემაში რომ ჩაჯდნენ. ძალიან კარგი ლეგიონერები არიან და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო მოუმატებენ".

"საბურთალო"-"შუქურას" შეხვედრისას ინციდენტი მოხდა: ქობულეთელთა ფეხბურთელი გაზონზე იწვა, საბურთალოელებმა კი თამაში გააგრძელეს, რის შემდეგაც მხარეებს შორის შელაპარაკება მოხდა. თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ამაზეც გააკეთა:

"წლევანდელი პირველობა ბევრად უკეთესია, მაგრამ თამაშებზე სასურველი სისწრაფეები არ არის. არ შეიძლებ, ფეხბურთელის მცირე ტრავმის შემთხვევაშიც, ყოველ წუთს მატჩი შეჩერდეს. მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირია, რაც კიდევ უფრო აგდებს სათამაშო ტემპს.

ანალოგიურს ვიტყვი ჩემს ფეხბურთელებზე - ძალიან მაღიზიანებს, როდესაც რომელიმე ჩვენი ფეხბურთელი მოედანზე წევს და თამაში ჩერდება. რა თქმა უნდა, თუ გამოუვალი მდგომარეობაა და სპორტსმენს დახმარება მართლა სჭირდება, თამაში უნდა გაჩერდეს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სიმულაციას აქვს ადგილი.

"საბურთალოში" დაწესებულია სანქციები ბურთის ტყუილად გადაგდებაზე. აქედან გამომდინარეა, რომ ფეხბურთელებს ყოველთვის ბოლომდე თამაშისკენ მოვუწოდებ. გაჩერდება თუ არა თამაში, არბიტრმა უნდა გადაწყვიტოს.

იმედია, მეტოქე გუნდებისგან მსგავსი გაღიზიანება და გაუგებრობა მომავალში აღარ განმეორდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აღიზიანებს, მაგრამ როცა დაჭირდათ:))
1,2,3,5,8...
04 მაისი 2017 11:44
0
რაც შენმა ფეხბურთელებმა გორში იგორავეეს მთელი სეზონი ეყოფათ იმისთვის რო საერთოდ ძირს როარ წამოწვნენ...
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო
03 მაისი 2017 18:25
0
ბ.ნო გია თუ შეგიძლიათ განმეორებით უყურეთ გორა საბურთალოს მეორე ნახევარს.თქვენი ფეხბურთელები 30 წუთი მინდვრიდან არ ამდგარან.აი ის იყო სიმულიანტობის დონე.კარგით რა.
nikala
03 მაისი 2017 17:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული