4 მაისს დაწყებული ტური დღეს 4 მატჩით დასრულდება და საინტერესოა, რამდენი გადაადგილება მოხდება სატურნირო ცხრილში. მით უფრო, რომ გუშინდელი მოგების შემდეგ მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" მესამე ადგილამდე აღზევდა, რითიც სატურნირო სიტუაცია ძალიან დაიძაბა...
დღეს, 5 მაისს გასამართი მატჩები, როგორც ტრადიციად იქცა, სხვადასხვა დროს დაიწყება. ოთხივე დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს...
კოლხეთი-დინამო (თბ)
ყველაზე ადრეული მატჩი ფოთში გაიმართება, სადაც ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი და პირველი წრის გამარჯვებული. ანუ არავის უნდა გაუკვირდეს ჩვენი ვარაუდი იმის თანაც, ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ სატურნირო ცხრილში არ არის: უკანასკნელ პერიოდში "კოლხეთი" წარუმატებლად ასპარეზობს და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ფოთელთა გუნდს უკვე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
ეგ კი არა, ბოლო ხუთ მატჩში "კოლხეთმა" მხოლოდ ერთი ქულა მოაგროვა და უახლოესი მატჩების კალენდრის გათვალისწინებით, ძალიან გვეეჭვება, რომ უახლოეს პერიოდში სიტუაცია სასიკეთოდ გამოსწორდეს: გელა სანაიას გუნდს ხომ, დღევანდელის ჩათვლით, ერთმანეთზე რთული ზედიზედ სამი მატჩი ელოდება.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, თუ რა საკადრო პრობლემები აქვს "კოლხეთს": საწყისი ორი-სამი ტურის გარდა, "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას ხომ, ფაქტობრივად, არც ერთხელ არ მისცემია იმის საშუალება, რომ მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობა გამოეყვანა.
გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩი იქნება იმ გუნდის წინააღმდეგ, პირველი წრის გამარჯვებული სრულიად დამსახურებულად რომ გახდა: თბილისის "დინამომ" ბოლო ერთი თვის განმავლობაში 7 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და შვიდივე მოიგო (თანაც, საკუთარ კარში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა).
აი, ასეთი, მართლაც შთამბეჭდავი და წარმატებული სერიით ხვდება მეორე წრის დაწყებას კახა კაჭარავას დამოძღვრილი "დინამო"; რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქაც "დინამოს" აქვს აშკარა უპირატესობა: ჩემპიონატში თუ თასზე, ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ რომ ითამაშა ფრედ "კოლხეთთან", დანარჩენი კი - მოიგო!..
დილა-ჩიხურა
ჯერჯერობით, მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი მოულოდნელობა "დილას" და "ჩიხურას" აშკარად არასტაბილური ასპარეზობაა. განსაკუთრებით, ეს გორელთა გუნდზე ითქმის: პირველ წრეში "დილამ" მხოლოდ ერთი მატჩი (ისიც, თბილისის "დინამოსთან" სტუმრად!) მოიგო და ამიტომაც არის, ეროვნული ლიგის ყველაზე ინტერნაციონალური გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში რომ იმყოფება... ისიც უნდა ვთქვათ, რომ "დილას" თავკაცი ზივ არიე, ფაქტობრივად, ყველა მატჩში ცვლის ძირითად შემადგენლობას და ასეთ ხშირ როტაციას, როგორც ჩანს, სასურველი შედეგი არ მოაქვს. სხვათა შორის, ამ სეზონის დაწყების წინ "დილას" ეროვნული ლიგის ფავორიტთა შორის არც განიხილავდნენ...
...რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით "ჩიხურაზე". ეს კი არა, სოსო ფრუიძის გუნდს, ჩვენი აზრით, პრეტენზია ჩემპიონობაზეც უნდა ჰქონოდა, მაგრამ ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა ქართულმა გუნდმა პირველ წრეში მხოლოდ ერთხელ შეძლო ზედიზედ 2 მატჩის მოგება და ისიც - სეზონის დასაწყისში.
შესაბამისად, ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ამბიციური გუნდი 9 მატჩში... 4-ჯერ დამარცხდებოდა! აღარაფერს ვამბობთ ბოლო ფიასკოზე - როცა წინა ტურში 0:5 წააგო "ლოკომოტივთან" და, სხვათა შორის, ისეთი შთაბეჭდილებაც დარჩა, საჩხერელთა გუნდში დისციპლინასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს გარკვეული პრობლემები.
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ სათამაშო დისციპლინას არ ვგულისხმობთ...
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ამ ტურის ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად, რა თქმა უნდა, ბათუმის "დინამოს"... თავის ქალაქში დაბრუნება უნდა მივიჩნიოთ! ვნახოთ, რამდენად წაადგება ეს ფაქტორი ლევან ხომერიკის გუნდს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის წინააღმდეგ, თუმცა, საკუთარ ქალაქში ასპარეზობა მასპინძელთა მწვრთნელ-ფეხბურთელებს დამატებით სტიმულს რომ მისცემს, ფაქტია.აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბათუმის სარაგბო სტადიონის მოედნის საფარი ბევრად უკეთესია, ვიდრე ქობულეთის სტადიონი (სადაც აქამდე ატარებდა საშინაო მატჩებს ბათუმის "დინამო").
წინა ტურში მოგებით ბათუმის "დინამო" პლეი აუტის ზონასაც დაშორდა და, რაც მთავარია, მესამე ადგილს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. გამოდის, რომ სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე, ყოველ ტურში შეიძლება მოხდეს გარკვეული გადაადგილებები.
არადა, დღეს ბათუმელებს ურთულესი მატჩი ელოდებათ მართლაც შესაშურ ფორმაში მყოფ "ლოკომოტივთან": გიორგი დევდარიანის გუნდი ეროვნულ ლიგაში ყველაზე შედეგიანად ასპარეზობს და დღემდე მხოლოდ ერთადერთი მატჩი აქვს წაგებული (III ტურში, თანაქალაქელ "საბურთალოსთან").
მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ბათუმში 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩადის, თუმცა ამ წყვილში ფავორიტის სტატუსს ვერც ერთ გუნდს ვერ მივანიჭებთ...
ტორპედო-საბურთალო
მეორე წრის საწყის ტურს კი მართლაც საინტრიგო მატჩი დაასრულებს: "ტორპედოც" და "საბურთალოც" მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოდიან და პირველი წრის საბოლოო ცხრილიც ამის დასტურია (ორივე გუნდი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფდა ამ ტურამდე). არადა, იმავე "ტორპედომ" სეზონი მძიმედ დაიწყო: კახა ჩხეტიანის გუნდს საწყის ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა. თუმცა, ამის შემდეგ ქუთათურთა გუნდმა ჩინებული სერია შესთავაზა თავის ერთგულ ქომაგებს და იმის ალბათობაც არსებობდა, რომ "ტორპედო" სულაც პირველი წრის გამარჯვებული გამხდარიყო!
საბოლოოდ რა და როგორ მოხდა, ყველას კარგად მოეხსენება: ამ სეზონის პირველ "ქართულ კლასიკოში" "ტორპედო" შინ დამარცხდა თბილისის "დინამოსთან" და ქუთაისელთა საყვარელ გუნდს დღეს კიდევ ერთ დედაქალაქურ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება - გუნდთან, რომელსაც ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს ეროვნულ ლიგაში და ყველაზე მეტი საკადრო პრობლემა რომ ჰქონდა (და აქვს კიდეც) პირველი წრის განმავლობაში.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ჭიაბრიშვილის "საბურთალომ" მაინც მოახერხა პირველი წრის წარმატებულად ჩამთავრება და სავსებით დამსახურებულად იმყოფება ლიდერთა შორის.
მოკლედ, საინტერესო უნდა გამოდგეს X ტურის ბოლო მატჩი, სადაც ასევე ძალიან გაგვიძნელდება რომელიმე გუნდისთვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება...
ეროვნული ლიგა. X ტური
4 მაისი
ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-სამტრედია 0:2
გოლები: 0:1 ჯიქია (10. ჩაგელიშვილის პასით), 0:2 ჩაგელიშვილი (45+1. ბერიაშვილის პასით).
5 მაისი
ქობულეთი. "ჩელე არენა". 15:00
კოლხეთი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
56: +7 =11 -38, 40:124
პირველი წრე 0:1
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 17:00
დილა-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
13: +6 =4 -3, 22:12
დისკვალიფიკაცია
გიორგი ფოფხაძე (დილა) - ნიკოლოზ გელაშვილი (ჩიხურა)
პირველი წრე 0:0
ბათუმი. სარაგბო სტადიონი. 19:00
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
28: +7 =7 -15, 29:40
დისკვალიფიკაცია
ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი)
პირველი წრე 1:2
ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 21:00
ტორპედო-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =1 -1, 9:5
პირველი წრე 0:1
ბომბარდირები
ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) 10
მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბაჩანა არაბული (დინამო თბ) 6.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"