ქუთაისის "ტორპედო": უეფას ლიცენზია და აუქციონზე ინფრასტრუქტურის გარეშე

AutoSharing Option
"უსანქციოდ და ყოველგვარი შენიშვნის გარეშე ჩვენს კლუბს უეფას ლიცენზია მიენიჭა", - ეს ინფორმაცია ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურმა გაავრცელა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, ამ ლიცენზიით კლუბმა 2017/18 წლების სეზონში უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად დაიმტკიცა...

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი არ არის ისეთი კლუბი, ლიცენზირების საერთაშორისო მოთხოვნებს რომ პასუხობდეს. უმრავლესობას ისიც კი აკმაყოფილებს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას რომ იღებს. არადა, სწორედ მინიმალისტური დამოკიდებულება არის ერთ-ერთი მიზეზი იმისი, რის გამოც ჩვენი კლუბები ვერ ვითარდებიან.

ქუთაისის "ტორპედო" კი ის გამონაკლისია, რომელიც მეორეობასა და
ადგილობრივ მასშტაბს არ კმაყოფილდება და მუდამ ევროპისკენ აქვს მზერა.

"ტორპედო" საქართველოს თასის მოქმედი მფლობელია და წლევანდელ სეზონში დიდი ამბიციები აქვს. ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გუნდი ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე" გამართავს. თუმცა მანამდე რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი. თუნდაც, მოედნის საფარი, რომელიც აუცილებლად გასაუმჯობესებელია.

"ლელო" ამ საკითხით დაინტერესდა, რადგან ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თქვა, რომ მოედნის საფარი მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი გამოსწორება მოითხოვა.

როგორც შევიტყვეთ, იყო ჩანაფიქრი, გაზონი იანვარში შეეცვალათ, რათა 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ახალი მოედანი ყოფილიყო. ვიდრე "ტორპედო" თურქულ შეკრებაზე იყო, საფარს აგრონომებმა უმკურნალეს და მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მის მთლიანად შეცვლას კი დიდი დრო სჭირდება. ამ შემთხვევაში, "ტორპედოს" საშინაო მატჩების ჩატარება სხვა ქალაქში მოუწევდა.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში კლუბი აუქციონზე უნდა გაიყიდოს, ხოლო სტადიონი ქუთაისის მერიას გადაეცეს, რომელიც საფარის შეცვლას სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს.

ტენდერზე ცალკე უნდა ვთქვათ: ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის "ტორპედოს" აქტივები შეაფასა - გავრცელებული ცნობით, აუქციონზე მის საწყის ფასად 600 ათასი ლარი გამოცხადდა. ზუსტი ციფრი ოდნავ ნაკლებია - 584 ათასი ლარი. ახლა ქუთაისის მერიამ აუქციონის დღე უნდა დანიშნოს. როგორც შევიტყვეთ, შესაძლოა, ეს შემდეგ კვირაშიც მოხდეს.

დავაზუსტოთ, რომ აუქციონზე გაიყიდება ქუთაისის "ტორპედოს" სახელი და არა კლუბის მიერ გამოყენებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა - რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და საღორიის ბაზა ცალკე თემაა.

"ტორპედოს" სტადიონი, საღორიის ბაზა და ადმინისტრაციის შენობა კლუბის ყოფილმა მეპატრონემ, კომპანია "ვისოლმა", 7 მილიონ ლარად შეაფასა. თუმცა, საკითხი ექსპერტებმა თავიდან შეისწავლეს და უძრავ-მოძრავი ქონებით "ტორპედოს" ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ლარით განისაზღვრა.

რეალურად, კლუბის შესყიდვის მსურველ ზაალ ჩაჩავას ეს ზედმეტ ხარჯადაც დააწვება. ბევრად უფრო მდიდარ ევროპულ ქვეყნებში სტადიონებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ინახავენ და ჩვენს შემთხვევაშიც ეს უფრო ლოგიკური იქნება, რადგან დიდი არენების შენახვა დიდი ხარჯია. სხვა თემაა, ინფრასტრუქტურა კერძო ბიზნესს სიმბოლურ ფასში თუ გადაეცემა, მაგრამ ახლა ასე არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" შეძენას ბიზნესმენი ჩაჩავა აპირებს, რომელიც 2016 წლის 23 ივნისს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელად დაინიშნა, მაგრამ იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო, დეკემბერში "ტორპედო" დროებით დატოვა. ქუთაისის მერიამ კლუბის აუქციონზე გატანა სწორედ ამის მერე გადაწყვიტა.

საინტერესოა, რომ ჩაჩავა დღემდე პრეზიდენტად რჩება და "ტორპედოს" ფინასურად ეხმარება.

ახალგაზრდა ბიზნესმენს ქუთაისში უფასო აკადემიის აშენება და ყოველწლიურად "ტორპედოს" საკმაოდ სოლიდური თანხით დაფინანსება სურს. თუ კლუბი კერძო საკუთრებაში გადავა, ქუთაისის მერიას 2 მილიონი ლარი გამოუთავისუფლდება, რაც სახელმწიფო სტრუქტურას ხელს უნდა აძლევდეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
investorebis rigi dgas stadionis hihkartan xo???
0
იმდენად უინტერესო ჩემპიონატი გვაქვს არც ვიცი რა ვთქვა
koka
13:14 06-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული