დინამო(ბთ)-ლოკომოტივი 1:2 - წარუმატებელი დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ დღეს ბათუმელები დიდხანს ელოდნენ, ოღონდ სხვაგვარად - ბულვარში დანგრეული, მშვენიერი სტადიონის ნაცვლად მათთვის სტადიონი უნდა აეშენებინათ. ახლა კი მორაგბეები რომ არა, არავინ უწყის, საკუთარ ქალაქში როდის ითამაშებდნენ. ასეა თუ ისე, ფეხბურთელები საკუთარ ქალაქში მაინც ხიზნების როლში დაბრუნდნენ.

რადგან ტრიბუნები ცოტა მაყურებელს იტევს (სულ 500 ადგილია), რკინის ღობის მთელი პერიმეტრი ხალხით იყო გარშემორტყმული, ხოლო ვინც ადგილი იქაც ვერ ნახა, გვერდით მდებარე კიდევ ერთი სარაგბო სტადიონის ტრიბუნიდან, მიმდებარე შენობების სახურავებიდან და აივნებიდან ადევნებდნენ თამაშს თვალს.

ასე რომ, მოედნის ირგვლივ მონატრებული საფეხბურთო
გარემო იყო შექმნილი. გულშემატკივარი საყვარელ გუნდს ემოციურად და მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდა. შეუძლებელია, ამ ყველაფერს ფეხბურთელებზე არ ემოქმედა. მაყურებელი "დინამოსთვის" მე-12 მოთამაშედ იქცა.

პლუს ამას, თამაში ხელოვნური განათების თანხლებით წარიმართა, რაც ფეხბურთს დამატებით ხიბლს მატებს. შეიძლება ვინმესთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ის დეტალებია, რაც ფეხბურთს აკლია.

მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა "ლოკომოტივის" ფორვარდ ირაკლი სიხარულიძეს პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა და თამაშიც დაიწყო - თამაში, რომელიც ჩვენი ჩემპიონატის რეკლამად გამოდგებოდა.

გიორგი დევდარიანმა დროული რეაგირება შეძლო განვითარებულ მოვლენებზე და განლაგება პირველივე ტაიმში შეცვალა - მოედანზე მამია გავაშელიშვილი შეუშვა, ბოლოს კი ვატო არველაძესაც უხმო და მიზანსაც მიაღწია.

გაიბრწყინა შეცვლაზე შესულმა ვატო არველაძემ, რომელმაც ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა და ამ შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. ეს ნიჭიერი ახალგაზრდა დიდ ფეხბურთში ადგილს იმკვიდრებს და სულ უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.

მატჩის სტენოგრამა
11' - ვაკო თევდორაძემ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი კვასოვი შენიშნა, მაგრამ მან ახლო მანძილიდან კარს ააცილა.
13' - პენალტი! საჯარიმოში თემურ შონია შევარდა, დავით სამურკასოვმა ფეხი გამოსდო და წააქცია. არბიტრმა დანიშნა პენალტი, რომელიც თევდორაძემ ზუსტად შეასრულა - 1:0.
16' - ირაკლი კომახიძემ საჯარიმოში ჩააწოდა, გიორგი კიკნაძემ მეორე "სართულზე" იბრძოლა, მოიგო და მეკარესთან პირისპირ დატოვა ირაკლი სიხარულიძე, მაგრამ ხუთიოდე მეტრიდან დარტყმულზე რომან ტაკიძემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ბათუმელები გადაარჩინა!
40' - მასპინძლებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ. ნიკა კვანტალიანის მიერ შესრულებული საჯარიმოდან კარის წინ ბურთი კვასოვმა მიიღო, მაგრამ სტუმრები რევაზ თევდორაძის ნახტომმა გადაარჩინა.
45' - გეგა დიასამიძემ მამია გავაშელიშვილი მშვენიერ პოზიციაზე შენიშნა, მაგრამ უკანასკნელმა კარში დარტყმა დააგვიანა და რეალური საგოლე მომენტი გაანიავა.
46' - შონიას მიერ შორიდან დარტყმული თევდორაძის იოლ ნადავლად იქცა.
51' - ყოჩაღ ტაკიძე! ქავთარაძემ მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა და გავაშელიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა. ტაკიძის წყალობით, "დინამო" აშკარა გოლს გადაურჩა.
55' - კიდევ ერთი რეალური მომენტი! რეხვიაშვილმა შორეული გადაცემით ბათუმელთა საჯარიმოში აბსოლუტურად მარტო დარჩენილი ქავთარაძე მოძებნა. მას დარტყმა შეეძლო, მაგრამ სიხარულიძისთვის გადაცემა ამჯობინა, ამ უკანასკნელს კი მეკარემ დაასწრო.
56' - გოლი! გიორგი ხიდეშელის ჩაწოდებული ბურთი კიკნაძემ კარისკენ დაძრულ სიხარულიძეს გადააწოდა, რომელმაც კვირკველიას გაასწრო, მეკარესთან პირისპირ დარჩა და წონასწორობა აღადგინა - 1:1!
61' - კვასოვმა საჯარიმოდან უძლიერესად დაარტყა და "ლოკომოტივი" ძელმა იხსნა!
62' - კიდევ ერთი მომენტი! პაპუნა ფონიავას კუთხურისას ნიკა მგელაძემ მცველებს დაასწრო, მაგრამ ახლოდან თავით დარტყმული ბურთი თევდორაძემ მოიგერია და სტუმრები გადაარჩინა!
73' - ნიკა კვანტალიანი საჯარიმოში ეფექტურად შეიჭრა და გადაცემის ნაცვლად, მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა - თევდორაძემ გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
81' - თბილისელები კიდევ ერთხელ გადარჩნენ! ფონიავამ კარის წინ ბურთი კვანტალიანს დაუგდო, რომელსაც რეხვიაშვილი კი გადაეფარა, მაგრამ მაინც დაარტყა და თევდორაძემ აუღო, დამატებაზე კი შონიას კარის ხაზზე თომაშვილი გადაეფარა და გუნდი გადაარჩინა.
85' - ჯარიმა ფონიავამ შეასრულა. საჯარიმოში მარტო დარჩენილმა კვასოვმა კარში კი დაარტყა, მაგრამ ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა.
88' - გოლი! ვატო არველაძე საჯარიმოსთან მეტოქეს გასცდა და ძლიერი დარტყმით სტუმრები დააწინაურა 1:2.

ეროვნული ლიგა. X ტური
05.05. ბათუმი. რაგბი არენა
დინამო(ბთ)-ლოკომოტივი 1:2
გოლები: 1:0 თევდორაძე (14), 1:1 სიხარულიძე (56. კიკნაძის პასით), 1:2 არველაძე (88)
დინამო (4-2-3-1): რ. ტაკიძე - ტვილდიანი, ფარტენაძე, მგელაძე, სუხიაშვილი - შონია, თარხნიშვილი - ფლამარიონი (29. კვანტალიანი), ვ. თევდორაძე (56. ფონიავა), კენედი (46. კვირკველია) - კვასოვი.
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, გოგიტიძე, კეკუა, კვანტალიანი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - თომაშვილი, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, უბილავა - ქავთარაძე, სამურკასოვი (35. გავაშელიშვილი), კომახიძე - კიკნაძე (61. არველაძე), დიასამიძე (81. არდაზიშვილი), სიხარულიძე.
სათადარიგოები: ქურდაძე, ჩიტეიშვილი, ბუღრიძე, გაბაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილებები: თარხნიშვილი (30), ქავთარაძე (50), თევდორაძე (66), კომახიძე (80), არველაძე (88)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბ. არაბული (დინამო თბ) 6
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5.

მომდევნო ტური
9 მაისი
საბურთალო-კოლხეთი
ტორპედო-შუქურა.

10 მაისი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ჩიხურა-სამტრედია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Tamashs ukure da mekare tevdoradzem karieris ert erti sauketeso matchi chaatara albat
Batumski
14:13 08-05-2017
0

სიახლეები პოპულარული