ტორპედო-საბურთალო 0:0 - რევანში არ შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედომ" ეროვნული ლიგა სწორედ "საბურთალოსთან" მარცხით (0:1) დაიწყო და პირველ ტურში განცდილი წარუმატებლობის გამო რევანშისთვის იყო განწყობილი. პლუს ამას, კახა ჩხეტიანის გუნდს "დინამოსთან" წაგების გამო საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მართებდა.

ორივე გუნდი შეხვედრას საკადრო პრობლემებით შეხვდა. "საბურთალო" ტრავმებით ისედაც დატანჯული იყო და ცოტა ხნის წინ "ლაზარეთს" გუნდის ლიდერი გიორგი ხარაიშვილიც შეემატა. ქუთაისელებს კი უკვე კარგა ხანია ბიძინა მახარობლიძე და გურამ ადამაძე ვერ ეხმარებიან.

სტუმრებმა, რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ, შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. თბილისელები ბევრს მოძრაობდნენ და მოკლე გადაცემებით
ცდილობდნენ ქუთაისელთა დაცვის ხაზში ნაპრალების მოძიებას. განსაკუთრებით, მასპინძლებს მათი "ჯოკერი" გიორგი კოხრეიძე უქმნიდა პრობლემებს.

თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ თანდათან უპირატესობა ქუთაისელთა მხარეს გადავიდა. ტორპედოელები ძირითადად ფლანგებიდან უტევდნენ, მაგრამ სტუმართა მცველები მათ იერიშებთან გამკლავებას ახერხებდნენ.

პირველ ნახევარში ტორპედოელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი მაინც შექმნეს, მაგრამ, როგორც მიმდინარე ჩემპიონატში დასჩემდათ, დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ყოჩაღობდნენ - ხან ბოლო პასი არ გამოსდიოდათ, ხან - კარში დარტყმა.

ერთ ეპიზოდში, თორნიკე კაპანაძის წაქცევისთვის ქუთაისელები პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ ჯენერი ხორავას დარღვევა არ დაუფიქსირებია.

მეორე ნახევარიც ძირითადად "საბურთალოს" ნახევარზე მიმდინარეობდა. "ტორპედო" თითქოს მწვავედ უტევდა, მაგრამ ეს ძირითადად მონდომების, ბრძოლისა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ხდებოდა, გააზრებული კომბინაციები და გუნდური თამაში კი ქუთაისელებს არ გამოსდიოდათ. ერთ რამედ ღირდა გიორგი ქიმაძის ფლანგური შეტევის ხილვა - ქუთაისელთა ფლანგელმა საოცარი სიჩქარე განავითარა და ლადო მამუჩაშვილს ბურთი კინაღამ საკუთარ კარში გაატანინა, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა.

ჩხეტიანმა ცვლილებებით სცადა მატჩში გარდატეხის შეტანა - ჯერ კაპანაძის ნაცვლად თამაშში ნიკა საბანაძე ჩართო, მოგვიანებით მოედანზე მეორე ფორვარდი - ლაშა კუჭუხიძეც შეიყვანა, შეტევების გასამწვავებლად ვაჟა ტაბატაძეც ჩართო თამაშში... ყველაზე აქტიურად სწორედ ეს უკანასკნელი გაისარჯა, საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ თანაგუნდელების მსგავსად მასაც არ გაუმართლა.

საბოლოოდ, "ტორპედოს" რევანში არ გამოუვიდა და სატურნირო მეზობლების შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.

მატჩის შემდეგ
ლაშა ნოზაძე ("საბურთალოს" მწვრთნელი):
"დაძაბული მატჩი გამოვიდა. უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქემ გვაჯობა. "ტორპედოს" დიდი უპირატესობა ჰქონდა. მატჩის სცენარიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჩვენთვის მისაღები შედეგი დაფიქსირდა".

კახა ჩხეტიანი ("ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი):
"კარგი მატჩი გამოვიდა - საინტერესო და დაძაბული, მაგრამ ფეხბურთს გოლები ალამაზებს, რაც დღეს ვერ ვიხილეთ. არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ამ პრობლემაზე აქამდეც არაერთხელ მისაუბრია. ბევრი მუშაობაა საჭირო ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს მხარში დგომისთვის".

მატჩის სტენოგრამა
7' - საჯარიმოს მისადგომებიდან გიორგი კოხრეიძემ დაარტყა კარში, თუმცა გამოცდილ როინ კვასხვაძეს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება.
9' - სტუმართა კუთხურის შემდეგ გიორგი კოხრეიძე ცდილობდა ახლო მანძილიდან კარში დარტყმას, მაგრამ სიტუაცია მცველებმა განმუხტეს.
12' - დოლიძის გადაცემის შემდეგ თორნიკე კაპანაძე თითქმის პენალტის ნიშნულიდან კარში სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა.
17' - გრიგოლ დოლიძის გამჭოლ გადაცემას შოთა ბაბუნაშვილი ვარდნაში აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ასცდა.
21' - ტერამ ნახევარი მოედანი გადასერა და ვაგნერს კარგი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ ამ უკანასკნელმა დაახანა და ხელსაყრელი პოზიციიდან ხეირიანად ვერ დაარტყა.
36' - ტერას შეცდომის შემდეგ მოედნის ცენტრში ბექა ტუღუშს მარცხენა ფლანგზე დიდი სივრცე შეექმნა, მეკარესთან პირისპირაც გადიოდა, მაგრამ სისწრაფე ვერ განავითარა, მცველებმა ჩაუსწრეს და საჯარიმოს გარედან ამჯობინა დარტყმა, რომელიც არაზუსტი გამოდგა.
37' - დოლიძის დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, თუმცა მდგომარეობა მცველებმა განმუხტეს.
38' - ტუღუშმა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, რის შემდეგაც გიორგი ქიმაძემ მახვილი კუთხიდან დაარტყა კარში, მაგრამ მეკარე კუპატაძე ამჯერად უშეცდომოდ გაისარჯა.
56' - კოხრეიძემ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა.
63' - ქიმაძემ მარცხენა ფლანგზე აიწყვიტა, საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და მამუჩაშვილმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი - "საბურთალო" გოლისგან ისევ მეკარემ იხსნა.
66' - მამუჩაშვილის დარტყმა მეკარემ მოიგერია.
77' - ვაჟა ტაბატაძის სახიფათო ჩაწოდების შემდეგ ნიკა საბანაძემ ბურთს თავით ვერ შეუცვალა მიმართულება.
82' - დოლიძის კუთხურის შემდეგ ანრი ჭიჭინაძე ორჯერ დაემუქრა სტუმართა კარს. პირველი დარტყმა მცველს მოხვდა, მეორე უფრო სახიფათო იყო და კარს ოდნავ ასცდა.
90' - დავით ხურცილავას ჩაწოდების შემდეგ ტაბატაძე ვარდნაში თავით ურტყამდა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.

ეროვნული ლიგა. X ტური
05.05. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-საბურთალო 0:0
ტორპედო (4-1-4-1): რ. კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - გიგაური - დოლიძე, კუხიანიძე, ბაბუნაშვილი (80. კუჭუხიძე), ტუღუში (72. ტაბატაძე) - კაპანაძე (65. საბანაძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, მამასახლისი, საღრიშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
საბურთალო (4-4-2): კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ლაკვახელიანი (67. ცნობილაძე) - ვაგნერი, არზიანი (68. ალთუნაშვილი), ტერა, კოხრეიძე - შინდაგორიძე (54. გვარაძე), იმნაძე.
სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, ფიფია, ფანცულაია, სოფრომაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: არზიანი (31), გიგაური (45), კუპატაძე (75), ალთუნაშვილი (79), ვაგნერი (90)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბ. არაბული (დინამო თბ) 6
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5.

მომდევნო ტური
9 მაისი
საბურთალო-კოლხეთი
ტორპედო-შუქურა.

10 მაისი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ჩიხურა-სამტრედია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ მიყვარს კულუალური თამაშები.
გივი
17:33 08-05-2017
0
სამტრედიის რუსი, უკრაინელია და კარგა ხანია ამ კლუბშია სუხომლინოვი.მეორე უკრაინელი უნდა აეყვანათ მაგრამ იმას მეტი თავმოყვარეობა ჰქონდა და რომ მოისმინა კლუბის ხელმძღვანელობის შეთავაზება - ბინა საკუთარი სახსრებით უნდა იქირაოო და სხვა კიდევ "სამტრედიული მარაგლიტები" მაშინვე გაიქცა, იაკოვლევია ის გვარად :)
ასე რომ, სამტრედია მხოლოდ უფასო, უმუშევარ, ფასდავარდნილ და ფორმიდან ამოვარდნილ თავისუფალ აგენტს თუ დაიმატებს მხოლოდ :)
goli-s
15:08 08-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული