- ეროვნულ ლიგაში პრემიალურები შემცირდა - რამდენს მიიღებენ კლუბები მოგებაზე
ჩემთვის მთავარი ამ ამბავში ეს არის - ვიღაც, სადღაც, იქნებ "ძალიან ზემოთაც" კი, მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც სხვანაირად უნდა გაკეთდეს, თორემ სახელმწიფოს მართლა ძალიან
არადა, არ შეიძლება, ასე მოხდეს. არ შეიძლება, რადგან ეს ქართული ფეხბურთის გადასარჩენად მოგონილი ერთგვარი "შოკური თერაპია" იქნებ ერთ-ერთი ბოლო შანსიც კი იყოს ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ხსნისა.
თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ სახელმწიფოს დროულ ინიციატივას ქართული საფეხბურთო თემის მოზრდილი ნაწილი თავის თავზე მოირგებდა და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი - რის სპონსორი, რა კერძო მესაკუთრე, წამოსხდნენ ადგილებზე, უკვე თავიანთი სამუდამო კუთვნილება რომ ჰგონიათ და შესაშური სისწრაფითა და მადით ითვისებენ სახელმწიფო სუბსიდიებს.
და თუ ვინმეს სახელმწიფო მართლა მეწველი ძროხა ჰგონია, ძალიან ცდება. ცდება, რადგან იქ, იმ პირამიდის თავში, ნამდვილად არ სხედან ადვილად მოსატყუებელი ადამიანები. ამიტომ, თუ რაღაც არ შეიცვალა, თუ რეალურად არ დაიწყო ქართულ ფეხბურთში საქმის კეთება, ეს პროგრამა შეიძლება შეჩერდეს, ეს კი ჩვენი ფეხბურთის პარალიზებას გამოიწვევს, დღეს რომ ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული.
მე იმდენად მიყვარს ფეხბურთი, ხმის გამღები როგორ ვარ და იქნებ ჩემი ეს სიყვარული ჩემს ოჯახსაც ეყოს. ბევრია ასეთი, მაგრამ ისეთებიც მოიძებნებიან ჩვენს ქვეყანაში, უკმაყოფილოდ რომ ჩაიქნევენ ხელს და დააყოლებენ - სულაც არ მინდა, ჩემი ფული, ის ფული, რომელსაც გადასახადების სახით სახელმწიფოს ვუხდი, ქართულ ფეხბურთში იხარჯებოდესო.
ყველას უნდა ახსოვდეს - ის ფული, რომელსაც დღეს ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანები, ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ სხვები იღებენ, არის სახელმწიფოს ფული. არადა, ისინი სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობენ. ეს არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომლის არსსაც პირადად ჩვენ დროებით კი ვემხრობით, მაგრამ გვერწმუნეთ, სოლიდური გამოკითხვის მაგვარი რომ ჩატარდეს საქართველოში, მომხრეზე ნაკლები მოწინააღმდეგე ნაღდად არ ეყოლება.
რატომ უნდა ვარჩინო მე საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ საკუთარ წვენში იხარშება და საერთაშორისო ასპარეზზე ვერაფერს აღწევს? - აი, ასეთია იმათი ლოგიკა, ვინც სახელმწიფოს მხრიდან ქართული ფეხბურთის პირდაპირი დაფინანსების მოწინააღმდეგეა და, გინდა თუ არა, უნდა აღიარო, რომ ამ მიდგომაში არის სიმართლის მარცვალი.
კარგი, დღეს ასეთი ვითარებაა, მაგრამ დიდი სიბრძნე და გამჭრიახობა არ უნდა იმას, რომ ქართული ფეხბურთი მუდმივად ვერ დარჩება, გვაპატიეთ და, მათხოვრის როლში. ის ხალხი კი, ვინც ჩვენი ფეხბურთი ასეთ მდგომარეობაში არ უნდა დატოვოს, ჯერჯერობით არ ჩანს...
ერთი სიტყვით - თუ მოკლე ხანში ქართულ ფეხბურთს არ გამოუჩნდა კერძო მესაკუთრეთა ახალი კასტა, დაღუპულია ეს ყველაფერი, ჩაილურის წყალს დალევს სახელმწიფო პროგრამაც და მისი შემოქმედებიც, უნდათ თუ არა მათ ეს, სულ მცირე, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
ფაქტია, გამოსავალია მოსაძებნი. სიტუაცია იმდენად სპეციფიკური და მრავალწახნაგოვანია, რომ დაწერილი წესებით თამაში ჭირს. ახლა ხომ მძიმე მდგომარეობაა და უფრო მძიმე იქნება მომავალში, თუ ვითარება კარდინალურად არ შევცვალეთ.
რა უნდა ქნას ფედერაციამ?
მართლაც და, რა უნდა ქნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ? ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ კრიტიკის მთქმელი პასუხისმგებლობისგან თავისუფალია. ის პეპლის სიმსუბუქით აფრქვევს იდეებს. პასუხისმგებლობა კი იმისია, ვინც გადაწყვეტილებას იღებს.ძალიან კარგად გვესმის: ქართული ფეხბურთის დღევანდელ ხელმძღვანელობას უმძიმეს დროს მოუწია ჩვენი ფეხბურთის სათავეში ყოფნა, მაგრამ მათ იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ. ამდენად, სენტიმენტები და სინანული დაგვიანებულია. ფაქტი ერთია - შექმნილ სიტუაციაში უნდა მოიძებნოს გამოსავალი, თუნდაც - არასქემატური და იქნებ, არაპოპულარულიც.
მე რომ ვუყურებ, დიდი რისკის გარეშე არაფერი გამოვა. ოღონდ ყველაფერი ძალიან მაგრად და ბოლომდე უნდა იყოს გათვლილი. თავი და ბოლო ამ გამოსავლისა კი ქართულ საკლუბო ფეხბურთში კერძო სექტორის განვითარება და წინ წამოწევა უნდა იყოს.
გამორიცხულია, საკლუბო ფეხბურთს ეშველოს მანამ, სანამ უმაღლეს და პირველ ლიგაში მოთამაშე ყველა კლუბი კერძო მფლობელობაში არ იქნება. პროცესი თითქოს დაიძრა, მაგრამ ძალიან ნელა მიდის და თუ ამ ტემპებით იარა, დიდი შანსია, სახელმწიფო პროგრამამ მის დასრულებამდე ვერც მიატანოს.
შევთანხმდეთ - არ არსებობს სიტუაცია გამოსავლის გარეშე. ყველგან არის და აქაც უნდა იყოს საშველი. ეგაა, ძალიან დიდი რისკის გარეშე არაფერი გამოვა (აბა, სხვანაირად შამპანურს როგორ დალევ?!) და საქმე ისე რთული და დახლართულია, შეიძლება სპორტული პრინციპიც კი დაგვერღვეს.
ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა ამას წინათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ადგილას რომ ვიყო, დავუძახებდი იმ ბიზნესმენებს, ქართულ ფეხბურთში ჯერაც რომ შერჩათ ფულის ჩადების სურვილი და უმაღლეს ლიგაში მხოლოდ იმ კლუბებს ვათამაშებდი, კერძო მესაკუთრე რომ ჰყავთო.
ძალიან, ძალიან არაპოპულარული გამოსავალია და ზუსტად ვიცი, რომ ბევრი გაგვიბრაზდება. ან როგორ გინდა, არ გაგიბრაზდეს - ფეხბურთი ხომ ყველასია? კი ბატონო, მაგრამ საკითხავია ისიც, სჭირდება თუ არა ვინმეს ისეთი ქართული ფეხბურთი, როგორიც დღეს არის?
რისკს კი მაინც ვერ ავცდებით - სხვანაირად უბრალოდ იქვე დავრჩებით, სადაც ვართ. ეს კი კატასტროფის ტოლფასია. კი, დღეს მიმზიდველად მოჩანს ყველაფერი, მაგრამ რა იქნება მერე, სახელმწიფოს დონორობა რომ მოსწყინდება?
მთავარი კი მაინც ესაა - ვერა და ვერ მოვიდა მასობრივად ჩვენს ფეხბურთში საქმის მკეთებელი ხალხი. ძველების გაკეთებულს ვხედავთ - რომ არა იმ საქმეების შედეგები, ვფიქრობთ, დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა.
ახალი ხალხი, ახალი სისხლი, რისკის კაცები, სუფთა კაცები - ქართული ფეხბურთი ამათ მოლოდინშია. ძნელია? რა თქმა უნდა! იოლი ისაა, დინებას მიჰყვე, როგორც დღეს მივყვებით. ასე კი აღარ შეიძლება, რადგან ეს უეჭველ კატასტროფას გვიქადის.
თავიდან ძალიან მიხაროდა, სახელმწიფოს ფული რომ გამოჩნდა ქართულ ფეხბურთში - ბევრი ახალი გუნდი დაეტყო ჩვენს საფეხბურთო რუკას. ახლა რომ ვუყურებ, ნაადრევი ყოფილა ეს სიხარული და იმ ახალ ხალხს, ჩვენს ფეხბურთში რომ გამოჩნდა ახალი გუნდებით, უფრო ფული ნდომებია, ვიდრე ნაღდი საფეხბურთო პროგრესი.
არადა, თუნდაც ჩვენი, გვარიანად გაახალგაზრდავებული უმაღლესი ლიგა საიდანმე ხომ უნდა საზრდოობდეს? მასაზრდოებელი კი არ ჩანს. პირველი ლიგა "დაბერდა", ასევე "დაბერდნენ" დაბალი დივიზიონები, ეზოს ფეხბურთი კი მკვდარია.
მხოლოდ რამდენიმე კლუბის თუნდაც კარგი აკადემია საკმარისი არ არის. კერძო მფლობელი კი თუნდაც მხოლოდ იმით არის კარგი და მისაღები, რომ ხვალინდელი ქათამი ურჩევნია დღევანდელ კვერცხს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"