11:45 11-05-2017
ჩიხურა-სამტრედია 1:2 - "ჩიხურა" ხომ არ გინახავთ?.. [VIDEO]
AutoSharing Option
ზესტაფონური მატჩი მართებულად შეირაცხა ტურში ერთ-ერთ ცენტრალურ ბრძოლად. განსაკუთრებით ბევრი რამ იდო სასწორზე "ჩიხურასთვის", რომლის თამაშიც ბოლო დროს ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებდა. ამ შეხვედრაში ზემოიმერლებმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი მოისაკლისეს. ტრავმის გამო კვლავ იუქმა გიორგი გაბედავამ. დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს შეხვედრა ზაზა ჭელიძემ და ნიკა გელაშვილმა.
დისკვალიფიცირებული გახლდათ სამტრედიელთა ერთ-ერთი ლიდერი თემურ მარკოზაშვილიც. გია ცეცაძის გაწვრთნილ გუნდში პირველად ვიხილეთ რუსი ნახევარმცველი კონსტანტინ ბელოვი, ვინც შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და თამაშში ბოლოსღა ჩაება...
წვიმიანი მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე საგოლე შანსი.
შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ორივე გუნდი სუსტია იმასთან შედარებით, ვიდრე შარშანდელ სეზონში იყო. შარშანაც ვერ მოვწყვიტეთ ვარსკვლავები ევროთასებზე და წელს რაღა გვეშველება?! "სამტრედია" ხომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, "ჩიხურა" კი ევროპალიგაზე...
პირველ ნახევარში ბურთს, ტრადიციისამებრ, უფრო ხშირად "სამტრედია" ფლობდა. ასპროცენტიანი მომენტი რასაც ჰქვია, "ჩიხურას" უფრო ჰქონდა - დიმიტრი ტატანაშვილმა უაღრესად ხელსაყრელი მდგომარეობიდან ვერ გაიტანა. არადა, ვინ იცის, რამდენი ასეთი გოლი შეუგდია "ტატანას"...
მეორე ტაიმი "სამტრედიის"იყო. მატჩის გმირი გიორგი ბერიაშვილი გახდა. მის მიერ შესრულებულმა დუბლმა ცეცაძის გუნდს სამი ქულა მოუტანა. განსაკუთრებით ლამაზი იყო გოლი, რომლის დარიც ბევრი არ გვინახავს საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში - ბერიაშვილმა ერთი მოძრაობით მოიშორა ორი მეურვე და ისე შეაგდო!..
"ჩიხურამ" გაიბრძოლა და გიორგი ივანიშვილის გოლით ანგარიშიც შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო. თამაში ისე მორჩა, ფრუიძის გაწვრთნილებს ქულის გადარჩენის რეალური შანსი არ ჰქონიათ, უფრო პირიქით - დავით ჩაგელიშვილს ცარიელ კარში რომ გაეტანა, მოქმედი ჩემპიონი ორბურთიანი სხვაობით მოიგებდა.
"ჩიხურა" კი მეორე ტაიმის მთელ რიგ მონაკვეთებში თითქოს საერთოდ აღარ იყო მინდორზე. რთული სათქმელია, რა ხდება საჩხერელთა "შიდა სამზარეულოში", მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის.
გარედან ისე ჩანს, რომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ უკეთ იცის...
მატჩის სტენოგრამა
7' - დავით ჯიქიამ ბურთი მოიპოვა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად.
8' - გიორგი განუგრავას დარტყმა სცდება სამტრედიელთა კარს.
9' - გიორგი დათუნაიშვილის გამჭოლი გადაცემა: დარტყმას კინაღამ გოლი მოჰყვა საჩხერელთა კარში.
13' - გიორგი ახალაძემ მოჭრილი დარტყმა მცირედით ააცილა პირობითი მასპინძლის კარს.
16' - ბესო დეკანოიძის უძლიერესი დარტყმა ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია.
16' - დიმიტრი ტატანაშვილმა თითქმის ცარიელ კარში ვერ შეაგდო.
26' - დეკანოიძის დარტყმა მიგინეიშვილმა ფეხით მოიგერია.
37' - ბერიაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ჰამზიჩმა ახალაძეს არ გაატანინა. ბურთი ისევ ბერიაშვილს მიუვიდა, მის დარტყმულ ბურთს მცველი ჩაუწვა და ბოსნიელი მეკარის ნადავლი გახდა.
38' - დავით რაჟამაშვილის ჩაწოდება, დარტყმა და "ჩიხურა" გადარჩა.
48' - ჰამზიჩმა ჯერ დავით ჩაგელიშვილს არ გაატანინა, მერე - ჯიქიას.
50' - ჯიქიას შესანიშნავი გარღვევა და პასი ჩაგელიშვილს, რომლის დარტყმული არაზუსტია.
55' - ჰამზიჩმა ამჯერად მანჯგალაძეს არ გაატანინა.
65' - გოლი! გიორგი ბერიაშვილმა დიდებულად ითამაშა. ერთი მოძრაობით ჩამოიშორა ორი მცველი და ახლო კუთხეში გაიტანა. "სამტრედია" დაწინაურდა.
69' - გურამ სამუშიას დარტყმა, რიკოშეტი და ძელი.
75' - გოლი! "სამტრედიის" სწრაფი კონტრშეტევა. ჩაგელიშვილის დარტყმულს ჰამზიჩი იგერიებს, დამატებაზე კი ბერიაშვილს ცარიელ კარში გააქვს მეორე გოლი.
89' - გოლი! მიხეილ სარდალიშვილის აქტიურობის შემდეგ გიორგი ივანიშვილმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
90' - სამუშია რამდენიმე მეურვეს გასცდა და ჩაგელიშვილს გადააწოდა, რომელმაც ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
ეროვნული ლიგა. XI ტური
10.05. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
ჩიხურა-სამტრედია 1:2
გოლები: 0:1 ბერიაშვილი (65), 0:2 ბერიაშვილი (75), 1:2 ივანიშვილი (89)
ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე - დეკანოიძე, გორგიაშვილი, დობროვოლსკი, განუგრავა (69. სარდალიშვილი), გეგეჭკორი (55. ივანიშვილი) - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ქავთარაძე, თორ. გრიგალაშვილი, მირცხულავა
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე - დათუნაიშვილი, გ. მანჯგალაძე (87. კასრაძე) - ჯიქია (63. სამუშია), ჩაგელიშვილი, რაჟამაშვილი - ბერიაშვილი (90. ბელოვი).
სათადარიგოები: დაუშვილი, მთივლიშვილი, სუხომლინოვი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: შ. კაშია (22), სანდოხაძე (25), დეკანოიძე (77), სამუშია (79), ჩიკვაიძე (86), რაჟამაშვილი (90)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7
ბ. არაბული (დინამო თბ) 6.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა მუსიკა ადევს,ხომ არ ღადაობთ?
0
0
სოსო ფრუიძე OUT!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული